რელიგია

უფლის გზაზე

№41

ავტორი: „თბილისელები“ 48 წუთის წინ

რელიგია
დაკოპირებულია

მორჩილების გარეშე ხსნა არ არის

არაფერი ისე არ ესათნოება ღმერთს ადამიანისა, როგორც მორჩილება. მორჩილებით ადამიანი უფალს ემსგავსება, რომელიც ამბობს: „დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს“ (მთ. 11,29). მორჩილებს, ანუ სულით გლახაკებს, მაცხოვარი აღუთქვამს უპირველეს ჯილდოს: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი“ (მთ. 5,3). „მორჩილება, – გვასწავლის წმიდა იოანე კიბისაღმწერელი, – ცათა სასუფევლის კარია“. „მორჩილება, – ამბობს სხვა ეკლესიის მამა, – არის ყველა მადლიანი საქმის სისავსე“.

სადაც მორჩილებაა, იქ სიყვარულიცაა. მხოლოდ მორჩილ გულს ძალუძს ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული, ამიტომაც ეს სათნოება არის დედა არა მხოლოდ ყოველგვარი სიკეთისა, არამედ – თვით სიყვარულისა. ამიტომაცაა, რომ ეკლესიის ისტორია ასე ხშირად წარმოაჩენს წმიდა მამათა მორჩილების მაგალითებს.

წმიდა ეფრემ ასური ამბობს: „გინდა, იყო უდიდესი? იყავი ყველაზე მდაბალი“. წმიდა დიმიტრი როსტოველი კი გვასწავლის: „ყველაზე საუკეთესო საშუალება მორჩილების მოსაპოვებლად არის ის, რომ თავს მიიჩნევდე ყველაზე უღირსად ქმნილებათა შორის“.

როგორ შორს ვდგავართ ამგვარი გაგებისაგან ჩვენ, ცოდვილნი! ჩვენი გული ბიწითა და მანკითაა სავსე, არ გვიყვარს სხვათა წინაშე თავის დამცრობა. ვინმემ რომ შეურაცხყოფა მოგვაყენოს, მზადა ვართ, გავუსწორდეთ, ათმაგად გადავუხადოთ ბოროტი. არადა, ჩვენ, მოწაფეები, მიმდევრები ვართ მაცხოვრისა – მშვიდობისა, მორჩილის, მოსიყვარულესი. ის ხომ გულმოწყალედ გვეუბნება: „ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი“.

გახსოვდეთ, ქრისტიანებო, რომ „... ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“ (იაკ. 4,6). და რომ მორჩილების გარეშე შეუძლებელია სულის ხსნა.

გახსოვდეს სიკვდილის ჟამი

რას ნიშნავს სულის ხორცთან გაყრა? რა არის იმქვეყნად? როგორი ცხოვრებაა იქ? შენ ჯერაც არ განგიცდია ყოველივე ეს, მაგრამ აუცილებლად შეიტყობ და გამოცდი, რა შეიძლება, შეემთხვეს სიკვდილისას უღირსებო ქრისტიანს, რომელსაც სმენია ღვთის მრისხანების მართლმსაჯულების, საშინელი სამსჯავროს, მარადიული ტანჯვის შესახებ. როცა სინდისი ყველა აღსრულებულ ბორტ საქმეს ჩამოთვლის, როცა თვალწინ დადგება მთელი განვლილი ცხოვრება, აღსავსე თავშეუკავებლობით, თვითნებობით, სიამაყით, მემთვრალეობით, ბილწსიტყვაობით, უჯერო მხიარულებით, გარყვნილი ფიქრებით, ყოველივე ამისთვის პასუხისგებას მიეცემა ადამიანი, სიკვდილი ზღურბლთანაა, მასთან ერთად კი – ღვთის მართლმსაჯულება. მაშინ უბედური ცოდვილი დაინახავს საკუთარ თავს დროსა და მარადიულობას შორის, დაინახავს უსწრაფესად მიმქროლავ ჟამს და იმავე სისწრაფით მოახლოებულ უსასრულო მარადიულობას. ჰოი, როგორ დაიწყებს ის სინანულს: ცხოვრება დამთავრდა, სულისთვის კი არაფერია ნაღვაწი. რამდენი რამ სმენია ამქვეყნად სიკვდილის შესახებ, მაგრამ – ამაოდ. ფიქრობდა, რომ მუდამ ცოცხალი იქნებოდა და არასოდეს წარდგებოდა ღვთის წინაშე.

ბრმანო! როდემდე ვიქნებით დაუდევარნი? როდემდე მოვიტყუებთ თავს, რომ სიკვდილის ჟამი არასოდეს დაგვიდგება და არ იქნება საიქიო ცხოვრება. იცოდეთ, რომ ვინც ამქვეყნად არ შეინანებს და განაგდებს ბოროტის ქმნას, ის ყველაფრისთვის პასუხს აგებს ღვთის წინაშე და სიკვდილის შემდგომ მარადიულად დაიტანჯება. მარად სინანულში იქნება თავისი უგულისხმოების, ჯიუტობის და გულფიცხელობის გამო. იმის გამო, რომ ამქვეყნად უარი თქვა ღვთის მოწყალებაზე, რომელიც გამუდმებით შეახსენებს ცოდვილს გამოსწორებას, სინანულსა და სიკვდილს, რომელიც გარდაუვალია ყველა ადამიანისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი