რას ნიშნავს წმინდა მარტოობა და რატომ უნდა დარჩე მარტო
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
რა განმასხვავებს მე ქრისტესგან? როგორ უნდა გამოვზარდო იესოს ჩანასახი ჩემში, რომ დავამარცხო სიკვდილი და შევიდე მარადიულ სიცოცხლეში? რატომ არის ბუნებრივი ჯვარცმის შიში? რატომ შეეშინდა ქრისტეს და არ შეძრწუნდა და როგორ უნდა გადავლახო ეს შიში მე, ჩასახვიდან ადამიანმა, რომ ჩამოვშალო წუთისოფელი და დავიბრუნო სამოთხე? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
მამა გურამი: ქრისტე, როგორც ჩანასახი ჩემში, შედგა, ოღონდ როგორც სინჯი, აი, დაახლოებით, ისევე, როგორც ალექსანდრე ფლემინგმა გამოიგონა პენიცილინი. მანამდე, როდესაც პენიცილინი არ არსებობდა, 100 000-ობით ადამიანი იხოცებოდა და ერთადერთი ალტერნატივა კურორტები და ჰაერი იყო. წლების განმავლობაში წვალობდა ფლემინგი, რომ მიეგნო წამლისთვის და ბოლოს მიიღო სინჯი, რომელშიც არის მილიონებით ადამიანის სიცოცხლე, ანუ პენიცილინი. ესე იგი, ლაბორატორიაში რაღაც შედგა, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, ეს არის დასაწყისი. ამდენად, რატომ მოხდა ქრისტეში ის, რაც მოხდა?! რომ ჩვენ ვუყუროთ და ვადიდოთ მაცხოვარი?! რა თქმა უნდა, არა – შედგა სიცოცხლე და დასრულდა სიკვდილი – დამარცხდა ჯვარცმით. ქრისტეს თავის თავში აქვს სიცოცხლე და მამა და მე ერთი ვართ, რეალურია! ხოლო ახლა მე ამას ვიღებ რწმენით. რა განმასხვავებს მე ქრისტესგან?! ადამიანმა უნდა გაიაროს კონდიცია მარცვლობიდან ნაყოფის გამოღებამდე, როგორც თვითონ ქრისტემ გაიარა: ჩასახვის პირველივე დღიდან აღდგომამდე.
და რა გზა გამოიარა ქრისტემ?! როგორც კი დაიბადა, ჰეროდე ცდილობს მის მოკვლას. ვინ არის ჰეროდე?! ჩვენი ეგო, ჩვენ მიერ შექმნილი სისტემა, რომელიც, როგორც კი შენში პატარა იმედი გაიღვიძებს, ვაიმე, ვირწმუნე, მაშინვე დაგცინებს: ეს ნევროზია. როდესაც ჩემში მართლაც ყოვლისწამლეკავი ნათელი მოვიდა, ეს იყო სიგიჟე სხვებისთვის. ფსიქიატრიულში უნდოდათ ჩემი დაწვენა. გამიგიჟდა ოჯახი. ჩუმად მიყრიდნენ წამლებს, ვერავინ გაიგო, რა ხდებოდა ჩემს თავს. ასე იყო ქრისტესთან: წერია კიდეც, თავისი ოჯახის წევრები თოკით დასდევდნენ, რომ შეეკრათ და შეებოჭათ; ამბობდნენ, რომ გაგიჟდა. ეს ყველაფერი იესომ გაიარა და შედგა სიცოცხლედ.
ის ხმები, რომლებიც მას ხელს უშლიდნენ – შენ არანაირი მესია არ ხარ, მატყუარა ხარ – მისი ადამიანური ბუნებისაა. ჯვარცმაც ეს არის: ქრისტეს ადამიანურ ბუნებას არ სჯერა, მაგრამ მის შინაგანს სჯერა და ამით ერევა. აი, ვინ გვყავს ჩვენ, აი, რა არის ჩვენი გზა ახლა! რომელს დავიჯერებთ: ამ აწყობილ სისტემას, რასაც თვალით ვხედავთ, რაც ყურით გვესმის, რასაც მეცნიერები გვიმტკიცებენ – არაფერი არსებობს, მატერიაა და დამთავრდა თუ იმ ვიღაცას ჩემში, რომელსაც უნდა, რომ იმ უხილავს მიჰყვეს, ვიდრე დანებდეს ამ სიკვდილს?! გეყოფა ვაჟკაცობა, რომ მთელ სისტემებს მარტო დაუპირისპირდე?! აი, ეს არის ქრისტე შენში! შენ მარტო ხარ, შენს უახლოეს ადამიანებსაც კი არ ესმით შენი! პეტრე, იოანე და იაკობი მიჰყავს გეთსემანიის ბაღში, სამი, მისი ყველაზე ახლობელი მოწაფე. რა არის ეს?! შენი ასპექტები. და რა ასპექტებია ეს?!
პეტრე – რწმენის ასპექტია, ოიანე – გულის, სიყვარულის. ანუ ისინი არიან, ვინც შენთან ყველაზე ახლოსაა, მაგრამ ისინიც ვერ გიგებენ, იმიტომ რომ ადამიანური ბუნება ვერ გიგებს, ამიტომ მარტო ხარ. წმინდა მარტოობა არის მამის ნება, რომელიც მისგანაა ნაშობი, მაგრამ ეს მარტოობა აქ სიკვდილში ჩავარდა და უნდა ამოიზიდოს მარცვალივით. რა ხდება ჩემში?! ჩემში ქრისტე შემოდის იმ რწმენით, რომლითაც მარიამ ღვთისმშობელში ჩაისახა. ზოგს ჰგონია, რომ რწმენა არის ინტელექტუალური დათანხმება: ნობელის პრემიის ლაურეატებს სწამთ ღმერთის, მეცნიერებმა დაამტკიცეს ღმერთის არსებობა და ამიტომ მეც მწამს, მაგრამ რას მოგიტანს ასეთი რწმენა?! არაფერს, იმიტომ რომ ეს არ არის რწმენა. რწმენა ებრაულად არის „ემუნა“. ქართულშიც კარგი სიტყვა გვაქვს: ბევრჯერ მისაუბრია ამის შესახებ, მაგრამ მაინც უნდა ვილაპარაკოთ, რომ ჩვენში დათესილი მარცვალი გავამყაროთ: რადგან სხვა ღმერთი ჩვენ არ გვყავს და, თუ ხორცი არ შევასხით იმ სიგიჟეს, რომელიც ალოგიკურია, რომელიც არ ეტევა არც ერთ ნორმაში, რომელსაც მუდმივად უტევს ეს მატერია, მაშინ არაფერს აზრი არ აქვს. ქრისტეს სული იტანჯებოდა ჯვარცმამდე: მას სტანჯავდა ხმები გარედან. იესოს დასცინიან მწიგნობრები, ფარისევლები, პილატე ასამართლებს, იმიტომ რომ პოზიტიური სამართალი ვერ უგებს. თუმცა, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაირკვეს, რომელია მართალი და ქრისტე ყვირის, რომ, მთელი სისტემის მიუხედავად, მე მჯერა ამის. აი, ეს გაიტანა ბოლომდე – მამაო, შენს ხელთ გადავცემ ჩემს თავსო, მანამდე კი ამბობს, ღმერთო, რატომ მიმატოვეო, იქამდეც კი მიდის, მაგრამ სიკვდილსაც არ უჯერებს, ამის მიღმა გადის, იმარჯვებს და ფარდა იხსნება.
ფარდა – ჩემი ტვინით შექმნილი წუთისოფელია, თორემ აქაც ღმერთია მოუკლებლად. წუთისოფელი არის რედუცირებული, დაკნინებული აღქმა სხეულებით შებოჭილი და დარჩენილია სუსტი ნათელი. იმ სუსტ ნათელს უნდა უერთგულო. რომელია რეალობა – ეს სუსტი ნათელი შენში, თითქმის დაკნინებული იქამდე, რომ ყვირი, ღმერთო, რა არის ეს სიბნელე, მართლა ტყუილი ყოფილა ყველაფერი, იმიტომ რომ რეალობა მძიმეა: ომები, სისხლისღვრა, უსამართლობა, მაგრამ სწორედ ეს არის გადასალახავი. განიცდი ამას ისე, როგორც ქრისტე განიცდიდა ჯვარზე?! თუ განიცდი, მაშინ ჯვარცმული მდგომარეობით ემსგავსები ქრისტეს. ჩვენ, ყველანი, სხვადასხვა კონდიციაში ვართ იმ ერთ მოვლენაში, რომელიც მოხდა. სახელები – ეს არის ქრისტეს, ანუ ჭეშმარიტების პოტენციალები გარეთ, მისი სხ ეულია. რა გააკეთაო ქრისტემ?! კაცობრიობმა იხსნა კაცობრივი სხეულით! ყველა ადამიანი მის სხეულში იყო, ანუ ვნებებით, ემოციებით, შიშებით შეპყრობილი სხეულები. მერე უფრო ახლო ასპექტებია – 12 მოციქული. ჯვარცმასთან ქრისტეს დედა დგას. და ბოლოს და ბოლოს ვისთან რჩება მარტო?! მის გარშემოა ხალხი, რომელთაგან ვერავინ უგებს. ქრისტე იმედის პატარა სხივს ეძებს. რომ ამბობს, მწყურიაო, განა უბრალოდ წყალი სწყურია?! სწყურია, რომ ვიღაცამ გარედან დაუდასტუროს, მარტო არ ვარ. ბავშვივით ეშინია ამ სიბნელის. მან იცის, რომ სიცოცხლეს ემუქრება სიკვდილი და მან ის უნდა გადაარჩინოს. თუ ის არ გადაარჩენს, ჩვენ, ყველანი, ვკვდებით სიბნელეში და ქრისტემ ეს განიცადა, როგორც ადამიანმა. შეიძლება, ჩვენ აქედან ვთქვათ: ის ხომ ღმერთია და მისთვის ადვილი იქნებოდა. დიახ, მანაც იცის, რომ ღმერთია, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ტკივილისგან. ამბობს იესო, აღვდგები მესამე დღესო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივიდა, ეშინია. თუმცა სიკვდილის მიღმა სიცოცხლე ეგულება. იცის, რომ სიკვდილი არ არის ბოლო მდგომარეობა – ჩემი შექმნილია, მას თავის თავში არსებობა არ აქვს. თავის თავში არსებობა მხოლოდ სიცოცხლეს აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მიდასტურებს, რომ გარშემო სიკვდილი და სიბნელეა. აი, რა არის ქრისტეობა შენში! ვიმეორებ: სხვა ღმერთი ჩვენ არ გვყავს! ასე რომ, მე გეკითხები: იქნებ კაცობრიობა ახლა ზუსტად იმ მომენტში იმყოფება?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


