რელიგია

რა მიანიშნებს, რომ ეგოს შექმნილი ცივილიზაცია დასასრულისკენ მიდის

№39

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 08.10

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

სადამდე შეიძლება, გაგრძელდეს კაცობრიობად გაბნეული ადამის ისტორია; დაბრუნდება თუ არა ადამიანი სამოთხეში, რომელიც დაკარგა და შეძლებს თუ არა ქრისტეობას, რომ იყოს ისეთივე სრულ, როგორიც მამაა? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: ყველაფერი, რაც დღეს სამყაროში ხდება, მიანიშნებს, რომ ის, რაც ეგოს ცივილიზაციამ შექმნა, მიდის დასრულებისკენ. დასრულებას კი ორი მნიშვნელობა აქვს: როდესაც გვესმის სიტყვები –აღსასრული, დასასრული – ამას ერთი კუთხით ვუყურებთ, რომ რაღაც მთავრდება, სრულდება, მაგრამ, მეორე მხრივ, რაღაც სრული ხდება. ჩვენ თუ ნებით არ დავასრულებთ, დიდი ტკივილით მაინც მოხდება მეტამორფოზა. და რა არის მეტამორფოზა?! არადა, თვითონ სიკვდილიც მეტამორფოზაა, ანუ გარდაცვალება. იმ პარადიგმამ, იმ ინერციამ, ანუ აზროვნებამ, ტექნიკამ, რომლითაც დღემდე მოვდიოდით, თავისი თავი ამოწურა. ადამს ხომ უთხრა ღმერთმა, აითვისე დედამიწაო და ახლა დარჩა კითხვა, რომელზე პასუხის გასაცემადაც ადამიანი უნდა შენელდეს, ცოტა უნდა გამოთავისუფლდეს, ამაში განგებაც გვეხმარება, რომ საკუთარ თავთან დავრჩეთ უკვე ცარიელი; რომ, როდესაც აღარ ხარ ამ სისტემის ნაწილი, შენი თავის რაღაც ნაწილმა თავი წაართვას ინერციას და კითხვა დასვას: ნუთუ, რაც გარშემო ხდება, ესაა ყველაფერი?! და ეს იქნება საგონებელში ჩავარდნა. თუ მართლაც აქამდე მიხვედი, ეს სიმწიფის ნიშანია. ნაბიჯების შენელება არ არის წაგება, მიუხედავად იმისა, რომ ძველებურად ძლიერად არ დგახარ შენს სისტემაში, შენს ფილოსოფიურ აზროვნებასა თუ რელიგიაში, რაღაც გერევა, მაინც არ გეშინია, თქვა, რომ დაიკარგე და არ იცი, სად ხარ. ნაბიჯებს ვანელებ, იმიტომ რომ რიხითა და არხეინად ვეღარ ვიტყუებ თავს, იმიტომ რომ მაინტერესებს, სად მოვედი. ამ კითხვას შეიძლება, ვინმე პიროვნულად სვამს, მაგრამ ეს კითხვა არ ისმის მთლიანად კაცობრიობის მასშტაბით, ოღონდ ის ერთიც მთელის ნაწილია და, თუ შენში ეს კითხვა დაიბადა და მან გამოარღვია, თავი წაართვა სისტემას, ეს უკვე გაჟღერდა იქ, იმ დიდ ადამიანურ ველში, რომელშიც ჩვენ, ყველანი, ვიმყოფებით. ამას ფიზიკაც ამტკიცებს. დღეს აინშტაინის სინათლის სიჩქარეც თითქმის უარყოფილია, რადგან მანძილი არ არსებობს. მეასე მაიმუნის ეფექტი ხომ დამტკიცებულია?! ასევეა წყალმცენარეებში, საზოგადოებებში.

შესაბამისად, იგივე მოხდება, თუ საგონებლეში ჩავარდნილ ადამიანთა რაოდენობა კრიტიკულ მასას მიაღწევს, რომლებიც არ ენდობიან თავიანთი აზროვნების, თავიანთი ცხოვრების წესის სისტემას. ისინი ნაბიჯს ანელებენ და კითხვას სვამენ. რატომ არის მნიშვნელოვანი კითხვის დასმა? იმიტომ რომ კითხვა არის სიცარიელე – ესე იგი, არ ვიცი... ქართულმა კარგად შემოინახა ეს გაგება: ვკითხულობ ნიშნავს, რომ ვეკითხები. ანუ იმიტომ ვკითხულობ, რომ მე არ ვიცი; რომ მისმა გამოცდილებამ პასუხი მომიტანოს. და ახლა უკვე რომელიღაც ეპოქის ცალკე ბიოსოციოკულტურული არსება, რომელიღაც იდეის, ტრადიციისა თუ რელიგიის მატარებელი ადამიანი კი არ სვამს კითხვას, არამედ, ზოგადად, ადამიანი სვამს უკვე ჩემგან კითხვას: ვინ ვარ, სად მივდივარ, ამის იქით რა არის?! ანუ რაღაც დიდის წინაშე ვდგავარ, ვინაიდან ჩემი მონაცემები, სამყაროს ჩემეული აღქმა პასუხს ვერ მცემს. თუ ამ მდგომარეობამდე არ მივედით, მაშინ შეიძლება, დაუსრულებლად ვღეჭოთ ერთი და იგივე თემები, ჩავატაროთ ლექციები, თეოლოგიური დისპუტები, თავი ისევ მოვიტყუოთ...

ბუნებრივია, იბადება კითხვა, მაშინ რა გავაკეთო? რას ნიშნავს, ნაბიჯები შევანელო?! ეს უნივერსალური პრინციპია. გარედან უნდა შეხედო, თუ გინდა, ახალი სამყარო დაინახო – ის, რაც აქამდე არ გინახავს, ის, რასაც ჩვენ სამოთხეს ვეძახით. სიტყვა სამოთხემ არ შეგვაშინოს, ვინაიდან სამოთხე ურთიერთობათა ის სისტემაა, რომელიც უნივერსალურ პრინციპზეა აგებული. სკაში 10 000-ობით ფუტკარს დედა-ფუტკარი მართავს. ამით ღმერთმა მოდელი გაჩვენა, უბრალოდ, ფუტკრებს მზამზარეულლად, ინსტინქტით მიეცათ ეს, ჩვენ კი გაცნობიერებით უნდა მივიდეთ ამ მდგომარეობამდე. სამყარო ორ გზას გაძლევს: ერთი გზით გარედან მოგეცემა ნიჭ-უნარები, რომლებითაც დაზღვეული იქნები, რომ არ გადავარდები არც ტკივილში, არც ტანჯვაში, მაგრამ გაცნობიერებული არ გექნება შენი მდგომარეობა; მეორე გზაა, როდესაც შენივე თავს გაძლევენ, როგორც მარცვალს: შედი ამ მატერიაში, შეეზავები მას და ტკივილით ამოხვალ. აბა, წარმოიდგინე, მარცვალი ხარ, ჩაგთესეს იქ, სადაც ბნელა, ტონა მიწა დაგაწვა, სიცივეა... რა განცდა გეუფლება? ბუნებრივია, ფიქრობ, დავიღუპეო, მაგრამ აი, ზუსტად იმ მარცვალშია ჩადებული ძალა, რომელიც ამ შავ მასალას თავის სხეულად გარდაქმნის და ბოლოს თავისი თავი გამოაქვს.

რომელს აირჩევდი ამ ორი ვარიანტიდან: პირველს, გარანტირებულს, ყველაფერი რომ საათივით გაქვს აწყობილი, ფუტკრებივით თუ მეორეს, როდესაც ტკივილით დაინახავ ყველაფერს: ყველა იმედგაცრუებას, სიბნელეს, ჭიდილს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თავს აღიდგენ, გაიხსენებ, ვინ ხარ, რომ, თურმე, მთელი ამ თავგადასავლის თანამონაწილე იყავი?! ეს ისეთი გზაა, რომელსაც ადამიანს გარედან ვერაფრით მისცემ, ვერც ასწავლი. ქრისტე სწორედ ამას ამბობს: ვისაც ყური აქვს, ისმინოსო და ის, სულაც, არ განიცდის, რომ მისი არ ესმით. მაცხოვარი აბსოლუტურად მშვიდია. ერთხელ ისე იქადაგა, რომ ბევრი დაბრკოლდა და დაშორდნენ მას, ძალიან მძიმედ ლაპარაკობსო. ქრისტე მიუბრუნდება 12 მოწაფეს და ეუბნება, თქვენც წადითო. ქრისტესთვის სულერთი იყო, გაუგებდნენ თუ არა?! მაშინ რატომ მოიქცა ასე?! იმიტომ, რომ მან ისიც ის, რაც ჩვენ არ ვიცით.

ჩვენსა და ქრისტეს შორის ის განსხვავებაა, რომ მან იცის ბოლო. ხოლო, როდესაც მე ბოლო ვიცი, მშვიდი ვარ. რა თქმა უნდა, მტკივა, მაგრამ შენი ტკივილი მტკივა. ქრისტე არ შფოთავს, თუმცა ისევ იბადება კითხვა და მე რას მაძლევს, რომ ქრისტემ იცის ბოლო და არ შფოთავს?! და აქ უკვე მთავარია, შენც შეგიძლია თუ არა თქვა, რომ მკვახე, მოუმწიფებელი ქრისტე ხარ?! დევს შენში ქრისტეობა?! აი, ესაა ის მიზანი, რისკენაც ჩვენ მივდივართ. თუ ეს არ დავიჯერეთ, ვერსად წავალთ. ამიტომაც ვამბობ, ქრისტე უნივერსალური პრინციპია, ყველას რომ მოგვეცა. ქრისტემ იგივე გზა გაიარა, იმიტომაც განკაცდა ადამიანურ სხეულში. შეიძლება, ორთოდოქსებმა იფიქრონ, რომ ვმკრეხელობთ, მაგრამ ჩვენ თავისუფლად ვმსჯელობთ, ვბედავთ და თავად ქრისტე გვაძლევს გაბედულების მაგალითს. ქრისტეს რომ ავტომატურად, გარედან მისცემოდა ის, რომ ძე ღვთისაა და ადამიანურ ბუნებას მისთვის ხელი არ შეეშალა, ეს ხომ არ იქნებოდა არც გმირობა და არც სათნოება?! ვინ არის გაბედული? ვინ არის ვაჟკაცი? ის, ვინც შიშს გადალახავს... პავლე მოციქულის სიტყვებიც ადასტურებს იმას, რაც ქრისტეში ხდებოდა: თუმცა, ის ძე იყო, ტანჯვით ისწავლა მორჩილება და ცრემლებითა და ღაღადით შესწირა მადლობა და თხოვნები სიკვდილისგან მისი დახსნის შემძლესო. ეს სავსებით ადამიანურია და სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ გაბედულებას. ქრისტე რომ ჩვენზე აღმატებული ყოფილიყო, მაშინ მისი მოდელი ჩვენთვის მიუღწეველი იქნებოდა. არადა ქრისტე უფრო მეტსაც კი გეუბნება, ერთგვარად გსაყვედურობს, იყავით სრულ, ვითარცა მამათქვენია სრულო. რატომ გეუბნება ამას?! იმიტომ, რომ მისი გვარის ხარ და გიცნობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი