რელიგია

უფლის გზაზე

№39

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

რელიგია
დაკოპირებულია

სულით მკვდრები

ძმებო, ყველამ ვიცით, თუ რას ნიშნავს სხეულით მკვდარი. ხორციელი სიკვდილი – ეს ღვთის განჩინებაა ჩვენი ცოდვებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ პირველივე ადამიანს განებოძა: „რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბ. 3,19).

მაგრამ, ამას გარდა, არის კიდევ სხვაგვარი სიკვდილი, რომელიც გაცილებით უიმედოა და უბედური, არსებობენ – სულიერად მკვდრები. სწორედ ეს არის უმეტესად სამწუხარო, რომელთათვისაც ხამს, უფრო ხშირად ვედრება უფლის მიმართ.

ვინ არიან ასეთი ადამიანები? სულიერად მკვდარ ადამიანში, დაახლოებით, იგივე ხდება, როგორც ჩვეულებრივ გარდაცვალებულ ადამიანში, სხეულით მიცვლილი ტოვებს ყველაფერს, რითიც ამქვეყნად ტკბებოდა. ტოვებს ყოველივე მიწიერს: სიმდიდრეს, დიდებას, პატივს. ყველაფერმა დაკარგა თავისი მიმზიდველობა. როგორ ხმამაღლა და ძლიერ არ უნდა ტიროდნენ მისი ნათესავები და მეგობრები, ის ვერ გაიგებს ამას. ასევე, სულით მკვდარიც საჭიროდ არ მიიჩნევს მას, რაც აუცილებელია მისი სულისთვის.

ცოდვათა გამო სინანული და ცრემლი მას არ გააჩნია. წმიდა ზიარებას გაურბის და რამდენიმე წელიწადი უზიარებლად ცხოვრობს მაცხოვრისეული სწავლება აღარ იპყრობს მის ყურადღებას. რაც არ უნდა უქადაგოთ, მაინც ყრუდ რჩება. სახარება მისთვის ისეთი წიგნია, რომ ხელში დაჭერაც კი ემძიმება მისი. ეკლესიის ზარი, რომელიც ტაძარში სალოცავად უხმობს – უტყვია მისთვის. თითქოს ეს ზარი სხვისთვის ხმობს, ის არ წავა მისკენ, დრო არა აქვს. ურჩევნია ფუჭ საუბარში გაერთოს, ცხოვრებისეული წვრილმანებით იცხოვროს. ერთი სიტყვით – იგი მკვდარია, სულიერად მკვდარია წმიდა ტკბობისთვის, ყოველგვარი ქრისტიანული ვალდებულებისთვის.

სხეულით მიცვალებული გაუნძრევლად წევს და მისი საქმიანობა სიკვდილისთანავე წყდება. და განა რა შეუძლია ჭეშმარიტად კეთილიქმნას სულით მკვდარმა? იგი ვერანაირად ვერ წარემატება წმიდა სახარებისეულ სიყვარულში.

ჩვეულებრივი მიცვალებული მიწას მიებარება, ხოლო სულით გარდაცვლილი მიწიერის სიყვარულის გამო იმდენად მიწიერდება, რომ თითქმის არანაირ იმედს არ ტოვებს, რომ კვლავ აღდგება. მთელი მისი ცხოვრება ამაო ფუსფუსში გადის, თითქოს მხოლოდ ამისთვისაა შექმნილი, თითქის მისი სული არ იყოს მარადიული, უკვდავი, თითქოს არასოდეს არ მოუწევს წარდგომა ღვთის წინაშე.

ძმებო! ვილოცოთ უფლისა მიმართ, რათა მან განგვარიდოს ასეთი საშინელი სიკვდილისგან. ამინ!

ვიზრუნოთ ჩვენივე ხსნისთვის

ადამიანმა უნდა აღანთოს საკუთარი თავი სულის ხსნისთვის, ღვთივსათნო ცხოვრებისთვის. როგორც შრომის გარეშე ვერ მოიპოვებს ადამიანი სარჩოს, ასევე სულიერი სამყაროსთვის უზრუნველი ამაოდ კლავს დროს, კლავს ღვთის მადლიან ძღვენს – თავის მარადიულობას, მსწრაფლწარმავალზე ცვლის უხრწნელს, უსასრულობას – სასრულზე, ციურს – მიწიერზე.

ამაოებებით შეპყრობილი, გამიწიერებული ადამიანი ერთ წუთსაც არ უთმობს სულის ხსნას. არც ეკითხება საკუთარ თავს: „ნუთუ უფალმა მხოლოდ იმისთვის შექმნა ადამიანი, რომ მხოლოდ სვას, ჭამოს, მიწიერი მოიხვეჭოს? ნუთუ არ არსებობს სხვა, უფრო მაღალი მიზანი, რისთვისაცაა შექმნილი ადამიანი, ანუ ხატად და მსგავსად ღვთისა? ნუთუ ტანჯვა შემოქმედისა და მაცხოვრისა არ შეიცავს უფრო აღმატებულ მნიშვნელობას?“

თუ ღრმად ჩავუკვირდებით საკუთარ თავს, ჩავიხედავთ სულში, რას დავინახავთ? დავინახავთ, რომ ჩვენი სულის ხსნისთვის, ღვთის განგებულების განჭვრეტისთვის არაფერს ვიღწვით. უნდილად ვკითხულობთ და ვუსმენთ ღვთის სიტყვას, რომელიც ანათებს ადამიანს. ყველა ჩვენი სწრაფვა, სურვილი, ფიქრი დაკავებულია მიწიერით, ცოდვით, ამაოებით, ყოფა-ცხოვრებითი პრობლემით.

არადა, მაცხოვარმა გვითხრა, რომ სულის ხსნაა ყველაფერზე უმთავრესი, აუცილებელი, უპირველესი. მაგრამ მრავალმა ჩვენგანმა მთლიანად დაივიწყა, რომ გვაქვს სული, რომ საჭიროა უცილობლად მისთვის ღწვა.

დროა, დავფიქრდეთ, ცოდვით დამძიმებული ძილისგან გამოვერკვეთ და გავიგოთ, რომ ამქვეყნად არაფერია სულის ხსნაზე უმეტესი და უძვირფასესი რამ. ამინ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი