მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 50 წუთის წინ
კითხვა: ხსნის თუ არა ჯადოს წმიდა კვიპრიანეს ლოცვები და რამდენად მართებულია, რომ ეს ლოცვები სახლში ვიკითხოთ?
პასუხი: სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, წმიდა კვიპრიანე ჯადოქარი იყო, მაგრამ უფლის ძლიერების მხილველმა უარყო ცრუმოძღვრება და მღვდელმთავარი გახდა. შემდეგ კი მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის. ის სიცოცხლეშივე ეხმარებოდა ადამიანებს, თავი დაეცვათ ეშმაკეულისგან და ბუნებრივია, იმქვეყნიური საუფლოდანაც დაგეხმარებათ. სასურველია, ამ ლოვცების წაკითხვისთვის მოძღვარს სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ადამიანის ყველაზე დიდი დამცველი წმიდა ზიარებაა. თუ არ თქვით აღსარება და არ ეზიარეთ, თქვენს ლოცვებს დიდი ძალა არ ექნება.
კითხვა: ხშირად ვხედავ სიზმარში ეკლესიას, ხატებს, სანთლებს. თუ შეიძლება მითხრათ, რას ნიშნავ ეს ხილვები?
პასუხი: ეკლესიის წმიდა მამები გვირჩევენ, სიფრთხილით მოვეკიდოთ სიზმრებს. მით უფრო, თქვენი სიზმრების შინაარსს შეუძლია, ხიბლში ჩაგაგდოთ და საკუთარ თავზე აღმატებული წარმოდგენა შეგექმნათ. ამიტომ სიზმარში ხილვას სჯობს, ცხადში მიეახლოთ ეკლესიას, ტაძარს, სანთელი აანთოთ, იცხოვროთ ეკლესიურად, აღსარების თქმით, სინანულითა და ზიარებით.
კითხვა: ამბობენ, რომ ხანდახან წყევლაც სრულდება. მართალია, თუ არა ეს და რა სახის ცოდვას მიეწერება წყევლა?
პასუხი: წყევლა არის ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვა, ის არის მრისხანების ცოდვა. როდესაც ვინმე იწყევლება, ბოროტი ძალის ნებას ასრულებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სოფელში, სადაც მარადიულად იბრძვის სიკეთე და ბოროტება, ზოგჯერ სიკეთეც მარცხდება. თუ ჩვენს კეთილ სურვილებს უფალი შეისმენს, ბოროტს დემონიც ისმენს და ასრულებს. ოღონდ, ჩვენდა საზიანოდ, როცა ვცოდავთ, ბოროტი ჩვენივე ნებით შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. წყევლისას ადამიანის ნება მის ნებას ემთხვევა. ბოროტიც გამარჯვების შემთხვევას ხელიდან არ უშვებს, ამიტომ ადამიანი უნდა დაფიქრდეს, სანამ მოყვასსა და საკუთარ თავს ბოროტი ძალის ზეობისთვის გაიმეტებს. უფალს უნდა ვთხოვოთ, ასეთ ადამიანს გონება გაუნათდეს და მიხვდეს, თუ რას სჩადის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


