მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00
კითხვა: ძალიან მინდა აღსარების თქმა, მაგრამ მეუხერხულება. როგორ გადავლახო ეს მდგომარეობა?
პასუხი: ასეთი რამ ხშირად ემართებათ პირველი აღსარების წინ. ამიტომ არის საჭირო, ყოველმა ქრისტიანმა იცოდეს, რომ მოძღვარი მხოლოდ შუამავალია უფალსა და ადამიანს შორის და არა მსაჯული. აღსარება არ არის ცოდვების უბრალოდ ჩამოთვლა, აღსარება არის სულიერი განწმენდა, ის არის მკურნალი. ასეთი განცდა მხოლოდ სინდისის სინანულით გაღვიძებით მოდის და ამ სინანულს წირვა-ლოცვაზე სიარული აღვიძებს. თუ თქვენ დაესწრებით წირვა-ლოცვას, მოძღვრის ქადაგებას, გაეცნობით წმიდა მამათა ცხოვრებას, გული თავადვე მოემზა-დება აღსარებისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ მოძღვართან მოხვდეთ, ვისთანაც გაიხსნებით და ცოდვების გამხელა შეგიმსუბუქდებათ. სწორად შეარჩიეთ მოძღვარი, დაელაპარაკეთ მას აღსარების წინ, ჰკითხეთ აღსარების საიდუმლოს შესახებ. ის გირჩევთ, რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება აღსარებისთვის მოსამზადებლად. შესაძლოა, თავიდან ბევრი ჩადენილი ცოდვა დაგავიწყდეთ, მაგრამ ეკლესიური ცხოვრება გაგახსენებთ და შემდგომ აღსარებაზე მოინანიებთ.
კითხვა: აქვს თუ არა უფლება მოუნათლავ ადამიანს, გადაიწეროს პირჯვარი?
პასუხი: მოუნათლავ ადამიანს არა მარტო პირჯვრის გადაწერის უფლება აქვს, არამედ მას შეუძლია, დაესწროს წირვა-ლოცვის იმ ნაწილს, რომელსაც „კათაკმეველთა ლიტურგია“ (კათაკმეველი მოუნათლავს ნიშნავს) ეწოდება.
კითხვა: რას ნიშნავს „სულით გლახაკი“? როგორ გავიგოთ 9 ნეტარებიდან ერთ-ერთი: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“?
პასუხი: ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარი არაფერი გაგვაჩნია, არამედ გვაქვს მხოლოდ ის, რასაც ღმერთი გვიბოძებს და ვერანაირ სიკეთეს ვერ ვიქმთ ღმერთის მადლისა და დახმარების გარეშე. ყოველ საქმეში უნდა მივენდოთ უფლის გულმოწყალებას.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


