რელიგია

უფლის გზაზე

№40

ავტორი: „თბილისელები“ 56 წუთის წინ

რელიგია
დაკოპირებულია

აღსარებისთვის საჭიროა შემუსრვილი გული

ერთხელ ორი ბერი, რომლებმაც ამბა ზენონთან აღსარება ჩააბარეს, ერთმანეთს შეეკითხნენ, თუ რა შედეგი გამოიღო მათთვის ამ აღსარებამ.

ერთმა თქვა, რომ წმიდა ბერის ლოცვამ ის განკურნა და ცოდვათა სიმძიმისგან გათავისუფლებული თავს მსუბუქად გრძნობს. მეორემ თქვა, რომ მიუხედავად აღსარებისა, თავს ვერ გრძნობს ცოდვისგან გათავისუფლებულად.

მან, ვინც კურნება მიიღო, ჰკითხა: „როგორ ჩააბარე აღსარება, მამაოს?“ მეორემ მიუგო: „მე ავუხსენი მას, რომ ჩემზეა ესა და ეს ცოდვები და ვთხოვე, ელოცა ჩემთვის“. მაშინ პირველმა უთხრა: „მე კი, როცა აღსარებას ვაბარებდი, მის ფეხებს ცრემლით ვალტობდი და მისი ლოცვით უფალმა განმკურნა“.

მათ, ვინც მოძღვარს აღსარებას აბარებენ, უნდა შეინანონ მთელი სიწრფელით, შემუსრვილი გულით, როგორც ღვთის წინაშე. მხოლოდ მაშინ მიიღებენ ისინი მოწყალებას. აღსარება, რომელიც წრფელი არ არის, არათუ ცოდვათა მიმტევებელია, არამედ საკუთარი თავის დასასჯელი.

ჭეშმარიტი ბედნიერება

მხოლოდ ღმერთშია

ადამიანები იმისთვის როდი არიან შექმნილნი, რომ მხოლოდ დედამიწაზე იცხოვრონ, ცხოველთა მსგავსად, რომლებიც სიკვდილისთანავე ქრებიან, არამედ იმისთვის, რათა იცხოვრონ ღმერთთან და იცხოვრონ ღმერთში, იცხოვრონ არა ასი ან, თუნდაც, ათასი წელი, არამედ – საუკუნოდ. ღმერთთან ცხოვრება კი ძალუძთ მხოლოდ ქრისტიანებს, მათ, რომლებსაც სწამთ სიმართლე იესო ქრისტეში და ცხოვრობენ ისე, როგორც ამას მოითხოვს უფალი.

ყოველი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის, ბედნიერებას ეძიებს თავისთვის. ეს ბუნებრივი რამ არის და სულაც არ არის ცოდვა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საკუთრივ მიწიერში არასოდეს იპოვებოდა და მოიპოვება ჭეშმარიტი, სრული ბედნიერება, რადგან ის მხოლოდ ღმერთშია დავანებული. ღვთის გარეშე ჭეშმარიტი ბედნიერება ყოვლად შეუძლებელია.

ღვთის გარდა, არაფერს შეუძლია აღავსოს ჩვენი გულები და სრულად დააკმაყოფილოს მოთხოვნილებები. ხანძარი ვერ ჩაქრება ფიჩხითა და ზეთით, იმიტომ, რომ მხოლოდ წყალს ძალუძს ცეცხლის განელება. ამგვარადვე, ადამიანის გული ამქვეყნიური სიკეთეებით ვერასოდეს გაძღება, რადგან მხოლოდ ღვთის მადლითაა შესაძლებელი ჩვენი სურვილების დარწყულება.

ყველა ჩვენი ნანატრი საგანი მხოლოდ მანამდე მოგვწონს, სანამ მას ჯერ კიდევ არ ვფლობთ. მაგრამ, როდესაც მოვიპოვებთ მას, მალე მოგვწყინდება. კიდევ კარგი და მომხიბვლელი გვეჩვენება მხოლოდ ის, რომელიც ჯერ არ გაგვაჩნია, ხოლო ისეთი რამ, რაც მოგვეპოვება, არ გვაინტერესებს ან არ გვაკმაყოფილებს.

ამის საუკეთესო მაგალითია ებრაელთა მეფე სოლომონი, რომელიც, როგორც ცნობილია, იმდენად მდიდარი იყო, რომ მისი სასახლის ნებისმიერი ნივთი წმინდა ოქროსი იყო. სოლომონის სიბრძნის მოსასმენად მეფეები მოდიოდნენ. იგი ისეთი სახელოვანი იყო, რომ მტრები მის წინაშე ძრწოდნენ. მას, თავის თანამედროვეებზე მეტად განათლებულსა და მძლეს, შეეძლო, დაეკმაყოფილებინა ყველა თავისი სურვილი და წადილი. არ არსებობდა ქვეყანაზე ნივთი, სოლომონს რომ არ შეძლებოდა მისი მოპოვება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი გული არ კმაყოფილდებოდა. პირიქით, სურვილები მას გაცილებით მეტად სტანჯავდნენ, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს, და ბოლოს, როცა ყველაფერი გამოსცადა, თქვა: ყველაფერი ამაოა ამქვეყნად და არაფერს არ შეუძლია ჩვენი სურვილების დაკმაყოფილება.

ასეა, არანაირ მიწიერ სიკეთეს არ ძალუძს ჩვენი გულების განძღომა. დედამიწაზე ჩვენ მოგაზურები და სტუმრები ვართ, ჩვენი სახლი და მამული ზეცაშია, სასუფეველში.

თუნდაც რომ მთელ მსოფლიოს ფლობდეს ადამიანი, ესეც წამიერია, რადგან გულისთვის ის აღუვსებელი საწყაულია. მხოლოდ ღმერთს ძალუძს სამარადისო სიმშვიდე და ნეტარება მიუბოძოს ადამიანს.

ამრიგად, ძმებო, ბედნიერება და კეთილდღეობა ღმერთში ეძიეთ, მიმართეთ მას, რომლისგანაც გაუცხოვდით ცოდვებითა და ამქვეყნიურის სიყვარულით. ამინ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი