უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 18:00
შურის შესახებ
ეშმაკის შურმა სიკვდილი შემოიტანა ამქვეყნად – ამბობს წმიდა წერილი. შური ადამიანის თვისება არ არის, არამედ ეშმაკისა და სწორედ მისგან მოდის კიდეც. ადამიანები უძლურების გამო სცოდავენ, ხოლო შურის გამოისობით ბოროტების ქმნა მხოლოდ ეშმაკს ახასიათებს. შური სატანის ასულია და ვინც მასთან იქორწინა, ვერაფერი შეიძინა, გარდა ბოროტებისა, რომელიც, თავის მხრივ, სიკვდილს შობს. შური ორლესული მახვილია, რომელსაც ვნება მოაქვს ორმხრივ: ერთი თვით შურით შეპყრობილისთვის, მეორე – შურის ადრესატისთვის. შურიანი ადამიანი სანამ სხვას ავს გაუკეთებს, სულით იტანჯება, ეცვლება სახე, ღრმად სუნთქავს. იგი თავის უბედურებაზე უფრო სხვისი ბედნიერებით იტანჯება. მისი გული წამებას განიცდის, როცა ახლობელს თავის თავზე აღმატებულს ხედავს, ბედნიერსა და პატივდებულს. შური ბოროტების საწყისია, სიკვდილის დედა, ცოდვის პირველი კარიბჭე, ყოველგვარი უბედურების ძირი, ეშმაკის მოგონილი, ბოროტი თესლი, ღვთის სასჯელის პირობა, ზღუდე ღვთივსათნოებისკენ მავალისთვის, გზა გეენისკენ, დაკარგვა ცათა სასუფევლისა. ვინც არ ამარცხებს საკუთარ თავში ამ ვნებას, არანაირ სარგებელს არ მიიღებს, თუნდაც კეთილი საქმეების აღსრულებით. ის კი არა და – ღვთის სამართლით, უდიდეს ცოდვილებთან დაიმკვიდრებს: ეს ცოდვა უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე მრუშობა, სიძვა, ავაზაკობა.
ვისაც უფალი სწყალობს, მის მიმართ აღიძვრება სწორედ ადამიანური შურიც: ბოროტი ადამიანები მტრობენ მადლმოსილ პიროვნებებს, ცდილობენ, ავნონ მათ, რადგან შურიანი თვალი ვერ იტანს სხვის წარმატებას, სიკეთეს. შურიანს გული სტკივა და იტანჯება, როცა ხედავს, რომ ახლობელი კარგად ცხოვრობს. რომ შეეძლოს, ის მზად არის ცოცხლადაც კი შთანთქას ასეთი ადამიანი. შური ღუპავს მას, ვისშიც ჩასახლდება. ისეა, როგორც ჩრჩილი ტანსაცმლისთვის. გარეგნულად თითქოს არ ჩანს, შინაგანად კი ღრღნის გულსა და სულს. შურით შეპყრობილი, თუ ეს ცოდვა არ შეინანა, ვერ შევა ცათა სასუფეველში.
მაშ, მოვუფრთხილდეთ, ძმებო, ამ ცოდვას. ღმერთმა განგვარიდოს მისგან, რადგან მხოლოდ უფალს ძალუძს ყოველი უკეთურებისგან ჩვენი განრიდება.
ბოროტების შესახებ
„ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა“ (კოლ. 3,8), – ამბობს პავლე მოციქული.
ბოროტი ადამიანი მოყვასის დაღუპვას ეძიებს: ცდილობს, რითიმე ავნოს, ბოროტი უყოს მას. ეს სენი აბნელებს მის სულიერ თვალს და ვერც კი ამჩნევს, თუ როგორ იღუპება. ხდება ისე, როგორც თავისი ბოროტი საქციელით ადამიანი უფრო დიდ ზიანს აყენებს საკუთარ თავს, ვიდრე მას, ვისაც ბოროტი უყო, რადგან მას დროებით ავნო, თვითონ კი მარადიულად ივნო. ამგვარი ცოდვით დამძიმებული ადამიანი კარგავს სიკვდილის ნეტარებას. იგი ებრძვის და მტრობს იმგვარ ადამიანს, რომლის ხსნისთვის უფალმა თავისი ყოვლადწმიდა სისხლი დაღვარა.
მრავალი ბოროტთაგან არ იღებს თევზს, ხორცს, რძესა თუ კვერცხს, მაგრამ ღვთისნიერ ადამიანს, როგორც იტყვიან, ცოცხლად ჭამს. მრავალი მარხულობს ოთხშაბათსა და პარასკევს, ხოლო ბოროტებისგან წუთითაც არ იზღუდავს თავს. საშინელი სენია ბოროტის ქმნა. ის აუბედურებს გულს და აბრმავებს გონებას. საოცარია: ადამიანი ადამიანის მიმართ ღვარძლითაა აღსავსე, ღვთისგან კი შენდობას ითხოვს. თავისსავე მსგავსთან წყალობის არმქონეა, ცოდვების მისატევებლად კი ლოცულობს. ვინ განწმენდს მის ცოდვებს? ადამიანო, გაიხსენე შენი მომაკვდავობა და სიკვდილი და განუდექ ბოროტებას. არაფერი ღუპავს ისე ადამიანს, როგორც ეს ცოდვა.
შევიგნოთ ყოველივე ეს, ძმებო, და განვეშოროთ ბოროტის ქმნას. ამინ!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



