რატომ იყო ათეიზმი ბუნებრივი და აუცილებელი ღმერთის შესახებ ყალბი წარმოდგენების დასანგრევად
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 09.07
რწმენის გარეშე ადამიანი სამყაროში სრულიად მარტო რჩება, იმიტომ რომ, მართლაც, შეიძლება, გული გაგიხეთქოს მიწიერმა, ადამიანურმა უსამართლობამ, ბოლო სიტყვა რომ ღმერთს არ ეკუთვნოდეს. ამდენად, რწმენა თითქოს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრიც ნაკლებად მორწმუნე ან ათეისტია. რატომ ირჩევს ხოლმე ადამიანი ურწმუნოებას და, რაც ყველაზე მთავარია, როგორ მოხდა, რომ ასიოდე წლის წინ დედამიწის მეექვსედზე ასეულ მილიონ ადამიანზე მეტმა საკუთარი ხელით დაანგრია სალოცავები და შერყვნა ხატები. რა უბიძგებს ადამიანს რწმენისა და ურწმუნოებისკენ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– რატომ არ ჰყოფნის ადამიანს, თუნდაც, ერთხელ განცდილი ღმერთის თანდასწრება, რომ შეინარჩუნოს ეს მდგომარეობა?
– მარტივ მაგალითს მოვიყვან: მოვიდა რწმენა, ანუ კრედიტი დაუმტკიცეს და სუფრას აწყობენ ადამიანები, დამიმტკიცა ბანკმა 100 000 დოლარიო, მაგრამ 5 დღეში უკვე აღარ აქვს ის თანხა, დახარჯა, ბანკი კი პასუხს მოსთხოვს, რაში დახარჯე ფული?! თუმცა ამის შესახებ არ ფიქრობენ ადამიანები, როდესაც კრედიტს ფლანგავენ. ესე იგი, გეუფლება სიხარული, როდესაც ღმერთის მადლი მოგეფინება, მაგრამ შენი ჰეროდეც იქვეა, ანუ შენი ეგო და შენ უკვე გჭირდება ამ მადლის მოფენის შენივე ეგოსგან დაცვა. ამიტომაა მთავარი ბავშვის გამოზრდა. ბავშვს სულ თავზე უნდა დაჰფოფინებდე: როგორ დაიცვა ხიფათისგან, როგორ არ გაგიხდეს ავად, თორემ ყველა მოძღვრებას თავშივე აქვს სრული სიცხადე, ის ამის შემდეგ გადაიქცევა ხოლმე ფანატიკურ რწმენად, რელიგიებად და უამრავ რამედ. ყველას ნათელი აქვს საფუძველში, მაგრამ იმის გამო, რომ სწორი მიდგომა არ აქვს, როგორ გამოზარდოს ეს ნათელი, მადლი იკარგება. ძმები რომ გააშვილოს ვინმემ სხვადასხვა ოჯახში, ერთი შეიძლება, ყაჩაღად გამოიზარდოს, მეორე – წმიდანად. არადა, ერთი და იგივე საწყისი მდგომარეობაა, ოღონდ მთავარია, რას მიიღებ ამ საწყისი მდგომარეობიდან გამოზრდით. და აი, უკვე მივედით იქამდე, რომ არ კმარა მარტო ის, რომ რწმენა მივიღეთ; მარტო ის, რომ ერთი ღმერთი მყავს... კი ბატონო, მაგრამ გაიზრდება რწმენის ეს მარცვალი და ჩაიხშობა, ნაყოფს ვერ გამოიღებს.
მიწა რატომ გაიარა იდეამ, იმიტომ რომ ხორცი შეისხას, ანუ ისევ გაცნობიერებულად რომ დაბრუნდეს უკან და მას უკვე აღარასდროს დაკარგავ. მოდი, ახლა განვიხილოთ თემა, თუ საიდან იბადება ათეიზმი. რწმენა ნედლეულია. ეს თვისება ყველა ადამიანს აქვს, ეს არის ნავთობი, რომელიც ჯერ არ არის ბენზინი; იგივე ოქროს საბადო, როდესაც 100 კილოგრამი ან ტონა პირველადი ოქრო უნდა გადაამუშავო ცეცხლში, რომ ერთი კილოგრამი სუფთა ოქრო მიიღო. ამდენად, რწმენა არის ერთგვარი ნედლეული, მაგრამ ნედლეულს დამუშავება სჭირდება; უნდა გაფხიკო, უნდა გაასუფთაო. როდესაც სამყარო, გონება მატერიალიზმში ვარდება, რწმენა ნელ-ნელა გადაიფარება და იხშობა. ასე მოხდა, განსაკუთრებით, ევროპაში: გამრავლდა წიგნები, ტაძრები, რიტუალები, იერარქიულობა და ამ დროს ცოცხალი ქრისტეს თანდასწრება ჩვენში სადღაცაა მიყუჟული, არ არის რეალიზებული, გარეგნული პომპეზურობაა გამომზეურებული. ეს ყველაფერი რომ დაგროვდა, ანუ ცოცხალ რწმენას რომ მოსწყდა ადამიანი, უკვე ილუზიებში გადავიდა, შეერია სიყალბეები. ილუზიებმა და ფანტაზიებმა კი უსაფუძვლო შიშები დაბადეს: თუ რწმენაში სიცოცხლე გქონდა და გიხაროდა, ყალბმა წარმოდგენებმა მადლი გადაფარა, მადლის გადაფარვამ დაბადა შიშები, რასაც მოჰყვა ყალბი წარმოდგენები; ამ შიშებს კი უკვე მოჰყვა მცდარი მოქმედებები, ვინაიდან, არასწორად რომ შეგეშინდა, დამახინჯდა შენი მოქმედებებიც და ამ ყველაფრის საფუძველზე შექმენი არასწორი სისტემები. ახლა რა უნდა ვქნათ?! ეს უნდა გავასუფთაოთ, ჩამოვაშოროთ ზედმეტობები, ამიტომ მოდის ნიცშე, ურო უჭირავს ხელში და ყველაფერს ანგრევს, არაფერს ტოვებს. სინამდვილეში რწმენას კი არ ებრძვის ნიცშე, არამედ რწმენის დაკლებისგან შექმნილ ყალბ სისტემებს ებრძვის, რომლებსაც ვერ იტანს. ამიტომ თქვა, ღმერთი მოკვდაო. რას ნიშნავს ეს გამონათქვამი?! ჩვენში მოკვდა: ღმერთის თანდასწრება არ არის და ნიცშე ამბობს, ის ჩვენ მოვკალითო, ანუ მოვკალით ცოცხალი რწმენის განცდა. რწმენა ნიშნავს ღმერთთან დიალოგს. როდესაც ღმერთთან დიალოგი არ არის და მხოლოდ მასზე წარმოდგენებია: უმაღლესი გონი, რელიგიური სისტემები, ადამიანი ითრგუნება. ეს მე მაწვება და მიჭირს ატანა; არ შემიძლია, ვიყო სისტემის ნაწილი, მაშინ, როდესაც პიროვნება ვარ. ღმერთი არის მე ვარ, რომელიც ვარ. ხოლო, როდესაც მე მასის ნაწილი ვხდები, ჩემი მე ითრგუნება; ავტორიტარულ რელიგიაში სული მეხუთება და მე მირჩევნია, მოვკლა ღმერთი; ვთქვა, რომ ის არ არის.
აი, რატომ მოხდა რუსეთში რევოლუცია. ათი ათასობით ეკლესია დაინგრა. რატომ?! იმიტომ რომ ცოცხალი კავშირი არ იყო ღმერთთან; ფეოდალების დამატებად იქცა ეკლესიაში იერარქიულობა, მემამულე დაწინაურებული ფენა გახდა და გლეხობა ძალიან დაბლა წავიდა. ამან გააჩინა პროტესტი. პროტესტი რომ არ ყოფილიყო, რუსი მართლმადიდებელი გლეხი, ღვთისმოშიში, სტალინისა და ლენინის ბრძანებით, დაანგრევდა ეკლესიას?! როგორ გაბედავდნენ, როდესაც ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ 100 000-მა ქართველმა ხატს არ დააბიჯა ფეხი?! რატომ არ დააბიჯეს?! იმიტომ რომ ღვთის მოშიშები იყვნენ. აბა, რატომ დაუჯერეს ლენინს?! როგორ შეიძლება, ერთმა ადამიანმა გააგიჟოს მილიონობით ადამიანი, ისინი რომ მზად არ ყოფილიყვნენ საამისოდ?! იმიტომ დაუჯერეს, რომ უკვე ბოლომდე იყო მისული სიყალბე და აი, ამ გამოთავისუფლებულმა ენერგიამ ყველაფერი გააცამტვერა; მოიშორეს ყველაფერი, რაც სულს უხუთავდათ. გაასუფთავეს ეს სიმყარე და რაც მივიღეთ, ხომ გასაგებია?! სხვა რამემ ჩაანაცვლა რწმენა. რაღაც დონეზე გაკეთდა ის, რაც გასაკეთებელი იყო: რაც დაგროვდა, ის იყო გასანულებელი. ათეიზმი ერთგვარი ორბივითაა, რომელიც ლეშს ჭამს. ორბი ლეშზეა დაგეშილი, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, სანიტარია, უნდა გაასუფთაოს გარემო, როდესაც ის ყარს. შესაბამისად, როდესაც რწმენა იკარგება და ფუჭდება, როდესაც იერარქია მოდის წინა პლანზე, ცხოვრებაც ფუჭდება, უსამართლობა ჩნდება. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მიწაზე სამართალი არ არის, ღმერთის მიმართაც აქვს პრეტენზია. სად არის ღმერთი, როდესაც მემამულეები, კაპიტალისტები, ეკლესიური ელიტა ისე იქცევა, როგორც იქცევა?! ეს პროტესტი გროვდება. შესაბამისად, რთული სათქმელია, ათეიზმი ჯობია თუ სახედაკარგული რწმენა. ამდენად, ათეიზმი რელიგიის მტერი კი არ არის, ცოცხალი რწმენის მტერი კი არ არის, არამედ ათეიზმი არის ღმერთზე ყალბ წარმოდგენათა სისტემის მტერი, რომელიც ადამიანში ცოცხალ რწმენას ახშობს. ის ცდილობს, ჩამოშალოს ეს სიყალბეები, მისგან არაფერი დატოვოს, ანუ მუდმივად ასუფთავებს გამყარებულ სისტემებს.
ასე რომ, ორი ნაკადი მოდის მუდმივად ცხოვრების გზაზე. წარმოვიდგინოთ, მოძრაობ მანქანით, რომელმაც დანიშნულების ადგილას უნდა მიგიყვანოს, ამ დროს კი წამოვიდა თოვლი, ნისლი, წინა საქარე მინას ბინდავს, გიხშობს მხედველობას და შენ უკვე ვეღარ ხედავ გზას, ასცდი და რა ხდება ამ დროს?! ირთვება შუშების გამწმენდი, რომ გაასუფთაოს დამტვერილი, დაბინდული და გზა გამომიჩინოს. აი, რას აკეთებს ათეიზმი. ამდენად, როგორ შეიძლება, რომ ღმერთს მტერი ჰყავდეს?! მტერი ღმერთზე წარმოდგენებს ჰყავს...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


