რელიგია

მრისხანების შესახებ

№25

ავტორი: „თბილისელები“ 22:01

რელიგია
დაკოპირებულია

„... ვინც უმიზეზოდ განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება“... (მთ. 5,22) – ამბობს უფალი.

არ განურისხდე არავის, მასაც კი, ვინც ყველაზე მეტად გაწყენინა, „ვინაიდან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სამართალს“ (იაკ. 1,20), – ამბობს მოციქული. „მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე... ყოველგვარი სიმწარე, მძვინვარება, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად. მაგრამ იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა (ეფ. 4,26, 31–32)“.

უფრთხილდით მოსაბოდიშებელ რისხვასაც კი, რათა მძვინვარებამ არ შეაშფოთოს თქვენი სულიერი თვალი. განრისხდით მხოლოდ მასზე, ვინც ცდილობს, ღვთისგან და მისი სიყვარულისგან მოგწყვიტოთ თქვენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არავის ძალუძს განგაშოროთ ღმერთსა და მის სიყვარულს, არც ადამიანს, არც ცეცხცლს, არც მახვილს, როგორც ამას მოციქული ბრძანებს: „მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე, რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“ (ფს. 36,8-9), – ამბობს დავით წინასწარმეტყველი. ქვეყნად არაფერი არსებობს ისეთი, რომლისთვისაც შესაძლებელი იყოს უგონო მრისხანება (თუნდაც ფრიად საჭიროდ შეიძლება ეჩვენებოდეს ადამიანს), გარდა ღვთის მცნებათა უგულებელყოფის შემთხვევისა, მაგრამ ეს უკანასკნელიც ღრმა განსჯას უნდა დაექვემდებაროს, რათა სხვათა გამოსწორებისას საკუთარი თავი არ დავიზიანოთ. არავის სმენია უფლის მძვინვარებისა და ცოდვილ ადამიანებზე მისი უზომო განრისხების, მაგრამ ვიცით მისი მოთმინება და სულგრძელობა. მან თქვა: „ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“. ხოლო ერთხელ, როცა განრისხებულმა მოწაფეებმა უთხრეს უფალს, რომ თუ სურდა, გადმოსულიყო ციდან ცეცხლი და მოეწყვიტა ცოდვილები, იესო ქრისტემ აუკრძალა ამგვარი რამ და უთხრა, რომ არ იციან, რა სულისა არიან ისინი. შენ შეიძლება თქვა, რომ ვიღაცამ გაგანაწყენა, შეურაცხყოფა მოგაყენა, გაგინა, მაგრამ უფალ იესო ქრისტეზე უფრო მეტად ვინ შეურაცხყვეს? მასზე მეტად ვის აგინეს, ვის უზღვეს ბოროტი? ის კი ნაცემი, ნაფურთხი, ჯვარზე გაკრული, ლახვრით განგმირული არ მრისხანებდა, არ იბოღმებოდა, არამედ ჯვარზე მომაკვდავი შემცოდეთათვის ლოცულობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რასა იქმან“ (ლკ. 23,24).

ან კი ვინმეს უქმნია კარგი რამ მრისხანებისას? ვინმემ თუ მოინაყოფა სათნოება მოთმინებისა და სულგრძელების გარეშე? არა. მოციქულები რომ მრისხანებაში ყოფილიყვნენ შემცოდეთა მიმართ, ვერავის მოაქცევდნენ ქრისტეს რჯულზე. და თუმცა ისინი ზოგჯერ მკაცრად იქცეოდნენ სხვებთან, ეს სიმკაცრე არ გადადიოდა მძვინვარებაში, არამედ გონივრულად, მოთმინებით ევედრებოდნენ ღმერთს ცოდვილთათვის. მაშ, კეთილის ქმნით ვძლიოთ ჩვენც ბოროტს. ბოროტებით ბოროტება არ განქარდება, ისევე, როგორც ცეცხლით ვერ ჩააქრობ ცეცხლს, არამედ – წყლით. მძვინვარებით მძვინვარებაზე ვერ გაიმარჯვებ, არამედ სულგრძელებითა და მოთმინებით. რისხვასა და მძვინვარებას ადამიანი წონასწორობიდან გამოჰყავს. ეს ვნება გონებას უბნელებს მას. განრისხებულმა ადამიანმა არ იცის, რას ამბობს. მშვიდ გუნებაზე მყოფი კი მზად არის, უარყოს ის, რაც მძვინვარებაში თქვა. მრისხანება ამწუხრებს სულს, ბურუსში ხვევს ფხიზელ განსჯას, არ აძლევს ადამიანს საშუალებას, თავისი საქციელის შედეგი განჭვრიტოს. მრისხანე ყოვლითურთ ბრმაა, რისხვის შემკავებელი კი ადვილად განერიდება ბოროტს.

თუ გაღიზიანდი და განურისხდი ვინმეს, ეცადე, განსაკუთრებით კი განრისხების მომენტში, არაფერი თქვა. განერიდე იქაურობას ან დაყავ პირი, რათა არ გამოვარდეს შენგან მძვინვარების ალი და არ დააზიანოს გარშემო მყოფნი. შემდეგ კი, როცა მინავლდება მრისხანების ცეცხლი და გულიც დამშვიდდება, ეცადე, მშვიდად მიმართო განმარისხებელს. ერთი სიტყვა, სიყვარულისა და მშვიდოის გრძნობით თქმული, უკეთეს ნაყოფს გამოიღებს, ვიდრე გააფთრებისას ნათქვამი ათასი სიტყვა. სწორედ ამგვარი სიმშვიდით შეძლებ განმარისხებლის გონზე მოყვანას და სარგებელს მოუტან საკუთარ თავსაც. ამინ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი