ყველაზე მშვენიერი სახელი ადამიანისთვის
ავტორი: „თბილისელები“ 54 წუთის წინ
არის ისეთი მშვენიერი სახელი, რომელსაც ზოგიერთი ადამიანი საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უფრთხილდებოდა და რომლის გამოც ათასგვარ წამებას ითმენდნენ: იფერფლებოდნენ კოცონზე, იხრჩობოდნენ წყალში, იფლითებოდნენ მხეცების მიერ, იტანჯებოდნენ უკუნ ჯურღმულებში. რომელია ეს ძვირფასი სახელი? ეს სახელია „ქრისტიანი“. რატომ არის ის ასეთი ძვირფასი? იმიტომ, რომ საუკეთესო მშვენებაა ადამიანის სულისა, ისაა პირობა მარადიული ბედნიერებისა, მიმყვანებელია ცათა სასუფეველში და ვინც აცნობიერებდა ამ სიტყვის აზრს, ის განმცდელი ამ აზრის სიტკბოებისა, ჭეშმარიტი საწყაოთი აფასებდა მას და არაფრის დიდებით არ სურდა მასთან განშორება.
უნებურად ისმება კითხვა: „გვიყვარს თუ არა ჩვენ ისერიგ წოდება ქრისტიანისა, როგორც უყვარდათ მათ, რომლებიც ეწამნენ მის გამო? ვხარობთ თუ არა? ყოველდღიურად აღვავლენთ თუ არა სამადლობელს ღვთის მიმართ, რომ ქრისტიანულ სარწმუნოებაში ვიშვით, რომ ქრისტეში მოვინათლეთ? ვამბობთ თუ არა ხოლმე ჩვენთვის: „დიდება შენდა, ღმერთო, რადგან ეს ბედნიერება მომანიჭე! მრავალი იბადება და ცხოვრობს ქრისტეს რწმენის, ცათა სასუფევლისა და ნეტარების სასოების გარეშე. მე კი ვიცი ჩემი უფალი იესო ქრისტე და ვიცი ისიც, რას მოითხოვს იგი ჩემგან. ვიცი, მისი წყალობით როგორ გადავრჩე – მე დაბადების წუთიდანვე ვადგავარ ხსნის გზას“.
მაგრამ უმეტესწილად ჩვენ შორს ვიმყოფებით ასეთი განსჯისაგან, სხვა რაიმეთი ვართ დაკავებულნი: უფრო დიდი მატერიალური სიმდიდრე გვაქვს დასაგროვებელი, მიწიერი გართობებითაა თავი შესაქცევი – ეს უფრო ხშირად ტრიალებს ჩვენს გონებაში, ვიდრე ის, რომ ცათა სასუფევლის კართან ვიმყოფებით. ზოგიერთები ასე უაზროდ ატარებენ მთელ თავიანთ ცხოვრებას, არ უფიქრდებიან, რომ ქრისტეს ეკლესიის წევრები არიან, რომ ყველაზე უწინარესად ის არის შესასრულებელი, რასაც სარწმუნოება განაჩინებს, რასაც ჩვენგან, როგორც წევრებისგან, როგორც თავისი ბავშვებისგან, ითხოვს წმიდა ეკლესია.
დღე და ღამე ხამს დაფიქრება და კითხვა საკუთარი თავის მიმართ: „როგორ ვცხოვრობთ? შეესატყვისება თუ არა ჩვენი ცხოვრება ქრისტიანის წოდებას“. ჩვენ კი ხშირად გვავიწყდება ეს. ამიტომაც ვართ ასერიგ გაუცხოებულნი ქრისტეს სულისაგან.
მე მაწყენინეს, ეს წყენა უნდა მოვითმინო, მე კი ვბოროტდები, შურისძიების გრძნობით ანთებული ვბორგავ. რატომ? იმიტომ, რომ დავიწყებული მაქვს – რომ ქრისტიანი ვარ. დავიწყებული მაქვს, რომ ჩემში ქრისტე უნდა იყოს აღბეჭდილი, რომ მე უნდა ვფიქრობდე და ვგრძნობდე ისე, როგორც ფიქრობდა უფალი ჩემი იესო ქრისტე.
მესმის ზარის ხმა – ეკლესიის ხმობა ლოცვისათვის, დადგა საუფლო დღესასწაული, მე კი ტაძრის ნაცვლად საკუთარი წვრილმანი, ყოფაცხოვრებითი საქმის მოსაგვარებლად მივიჩქარი. რის გამო ხდება ეს? უბრალოდ, მე დავივიწყე, რომ ქრისტიანი ვარ, რომ ჩემი ადგილი ამ დროს ტაძარშია და არა სხვაგან.
თავშეკავებული უნდა ვიყო ყველაფერში. ფრთხილი – სიტყვათა წარმოთქმისას, მე კი ვლაპარაკობ ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე და ეს კვლავ იმიტომ, რომ დავიწყებული მაქვს ქრისტიანის მაღალი, საპასუხისმგებლო წოდება.
მომეთხოვება სიბრძნე, სიმდაბლე, გულმოწყალება, კეთილისმოსურნეობა, მე კი მცირედი ნაწილიც კი ამ სათნოებათაგან არ გამაჩნია. ვცხოვრობ ისე, რომ არ გამოვიძიებ ჩემს შინაგან სამყაროს, საკუთარი სულის ჭერქვეშ არ ვიხედები. ერთი სიტყვით, დავიწყებული მაქვს, რომ ქრისტიანმა კიდეც უნდა იცხოვროს ქრისტეს მოძღვრების მიხედვით.
გვახსოვდეს, თუ ვინა ვართ: რომ ქრისტიანები, ქრისტესნი ვართ. მხოლოდ ამის კვალობაზეა შესაძლებელი ქრისტიანულად ცხოვრება. მოციქული ბრძანებს „ქრისტიანის“ ცნებასთან დაკავშირებით: „თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი...“ (1 პეტრ. 2,9). და განა ამის შემდგომ დასაშვებია ის, რომ ამგვარი აღმატებული მდგომარეობის მქონე ადამიანებმა ცოდვებისკენ, ქვედამდაბლებისკენ მიიდრიკონ თავი? ჩვენმა საკუთარმა სინდისმა უნდა გვამხილოს და შეგვახსენოს ქრისტიანის ვალდებულებანი.
ჩვენ რომ გამუდმებით გვახსოვდეს ჩვენი მოწოდება: „რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი“, დედამიწა სამოთხეს დაემსგავსებოდა, მტრობისა და ქიშპის გარეშე მყოფს, თანხმობითა და სიყვარულით აღშენებულს.
განანათლე, უფალო, ჩვენი სულიერი თვალები, რათა გიცნოთ შენ. ამინ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


