რატომ დარჩებოდა ადამიანისთვის მიუწვდომლად მაცხოვარი, თუ დედითაც და მამითაც უბიწოდ ჩაისახებოდა
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 02.07
რატომ არის მნიშვნელოვანი დოგმატები და რატომ არ მიიღეს მართლმადიდებლებმა მარიამის უბიწოდ ჩასახვის დოგმატი, რატომ არის ჩვენი ღმერთი ადამიანური და როგორ გვაძლევს ეს ძალას, დავიჯეროთ, რომ ჩვენც შეგვიძლია განღმრთობა; რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ სიტყვა და ზეციური მადლის დაგემოვნება რწმენის შესაძენად? – ამ თემებზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– რატომ იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი არმიღება დოგმატისა, რომ ღვთისმშობელიც უბიწოდ ჩაისახა?
– დიახ, როგორც ვთქვი, სწორი იყო ბრძოლა დოგმატებისთვის და მართლმადიდებლობამ არ მიიღო დოგმატად ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვა, იმიტომ რომ, თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ მარიამიც უბიწოდ იყო ჩასახული, მაშინ მე უკვე უფსკრული მაშორებს ქრისტესგან, ვინაიდან, გამოვა, რომ იესო მამითაც უბიწოა და დედითაც, ამდენად, რას უნდა მივბაძო? როგორ შევძლებ, მივემსგავსო მას?! მაშინ რისთვის გააკეთა ქრისტემ ეს ყველაფერი, რომ მე შორიდან ვუყურო?! არადა ის ჩვენთვის აკეთებს. გავიხსენებ მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებს: ადამიანი, რომელიც მოქმედებს მასში მყოფი მადლის მიხედვით – და რწმენაა სწორედ მადლი, სულიწმიდის მადლი, რომელიც მარიამის საშოში განახორციელა ძე ღვთისად, ანუ ხორცი შეისხა – იგივე ქრისტეა, მეორე ქრისტე, რომელიც ასრულებს სულიწმიდის ამ მადლის, რწმენის ხორცშესხმის პროცესს, ანუ ღმერთმა რომ ხორცი შეისხა ქრისტეში, ამ პროცესს აგრძელებს და ასრულებს ჩვენში. არ არის ერთჯერადი აქტი – ქრისტეში მოხდა და დასრულდა! იმიტომ მოხდა, რომ შემდეგ აი, ეს კონცენტრატი, ღმერთკაცობრივი სხეული რომ შედგა, ანუ აღსდგა, უკვე რწმენით, როგორც მარცვალი, შემოდის ჩემში, რომ ჩემში განახორციელოს. ამიტომ მოხდა, რაც მოხდა. ეს არის მაცხოვრის თავგანწირვა, თორემ ღმერთს რაში სჭირდებოდა ამის ჩვენება?! ისედაც იყო თავის წიაღში და იქნებოდა იქ, მაგრამ არა – ჩამოდის, ტოვებს თავის სამყოფელს, მატერიაში შემოდის, სიკვდილს განიცდის, რომ მე სიცოცხლე მომანიჭოს. ამიტომაცაა, რომ ღმერთი გახდა კაცი, რომ კაცი განაღმრთოსო. ის ჩამოვიდა; მატერიის ყველაზე მძიმე, ყველაზე ღრმა ფენებში შემოვიდა: დავიწყებაში, სიბნელეში, მიტოვებულობაში, რომელშიც მე აღმოვჩნდი, როგორც დაკარგული ადამი, ნელ-ნელა რომ ვდეგრადირდი, უკვე სიკვდილს მივეცი მთლიანად თავი და უკვე გამოსავალი არ არის. აი, აქ შემოდის და მაღვიძებს; აქ აღვიძებს ჩემს ხსოვნას, ვინაიდან, რომ არ ჩამოსულიყო, მე ვერ ვიცნობდი მას.
გახსოვთ, გითხარით, ქრისტე ჩემი გახსენებაა; ჩემი ის სახეა, რომელიც მე იქ დავკარგე. ის მაძლევს ძალას, რომ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. სულიწმინდა – ნუგეშინისმცემელი მკიდებს ხელს. არ მელაპარაკება შორიდან, არ მელაპარაკება მცნებებით, არ მაგულიანებს, აბა, ამოდი ჩემთანო. მეც კი ვიცი, რომ უნდა ავიდე, მაგრამ როგორ ავიდე?! ძალა არ მაქვს. ამიტომაც არ მოდის გარედან, მცნებებითა და ავტორიტეტით; არ მოგიწოდებს, არამედ შენში შიგნით შემოდის და შენც სულიწმიდით იმავეს აკეთებ, რაც იესოს სხეულში მოხდა: ადამიანური ბუნება რომ წვალობდა და იქიდან აღადგინა თავისი თავი და გაიხსენა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ახლა შენში აღადგინოს ეს ყველაფერი, დაცემული სიკვდილიდან სიცოცხლე შემოგიყვანოს. აი, რა არის რწმენის მარცვალი ჩვენში!
მაგრამ ამ მარცვალს სჭირდება გამოზრდა. მარცვალი მხოლოდ შესაძლებლობაა, მერე იწყება, უხეშად რომ ვთქვა, აგროტექნიკა. მარცვალი შეიძლება, სადღაც დავაგდო და ამოვიდეს, მაგრამ, თუ არ შემოვღობე, თავის დროზე წყალი და სასუქი არ მივაშველე, ამოვა, ოღონდ სარეველები მოაშთობენ და მაშინ რა აზრი აქვს?! ყველას აქვს რწმენა, მაგრამ მერე აღარ ჰყავთ იმ რწმენის გამზრდელი. ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვიტყვი: ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი მამა არ არის. ანუ მამა არის იდეა, თესლი, მარცვალი, მასშია ყველაფერი, მაგრამ, თუ ამ მარცვალს უბრალოდ დავდებ, არაფერი გამოვა მისგან. სააღდგომოდ ხორბალს ბამბაში რგავენ, ამოდის, მაგრამ თავთავს ვერ იკეთებს, იმიტომ რომ დედა არ ჰყავს. თუ დედა არ გვყავს, დამთავრებულია ჩვენი საქმე. რამდენიც გინდა, ილაპარაკე ღმერთზე, იქნება შედეგი?! არა! თუმცა ღმერთზე ლაპარაკიც კარგია, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ცა არის და შენ აქ რატომ ხარ?! იმიტომ რომ ღმერთს უნდა, აქ მოიწიო მოსავალი, ფესვი გაიდგა, კაცი გახდე. სიცოცხლის ხე აქ უნდა გვქონდეს. ცაში მედიტაციებით კი არ ავდიოდეთ და ექსტაზებით, მისტიკური ჭვრეტებითა და თუნდაც იესოს ლოცვით, არამედ სიცოცხლის ხე აქ უნდა გამოვზარდოთ, იმიტომ რომ ისევ აქ ჩამოვვარდებით.
ანუ ერთია მარცვალი და მეორე – მიწა, რომელშიც ჩაინერგები და მიწიდან ხორცს ამოიღებ, მიწას ხორცს შეასხამ, განახორციელებ და ეს არის ის, რითიც სრულდება ქმნადობის ისტორია. როდესაც ეს დარღვეულია, ფუჭია ლაპარაკი, რომ მწამს, იმიტომ რომ არ არის მოსავალი, არ არის ნაყოფი. ქრისტეში სწორედ ეს მოგვეცა: ჭეშმარიტი კაცი და ჭეშმარიტი ღმერთი! ამის აგროტექნიკა არსებობს, მაგრამ შენ ახალ ურემს იგონებ, ნულიდან იწყებ და ამბობ, არ მინდა არც ეკლესია, არც მოძღვრება. კი ბატონო, მაგრამ, როგორც ვთქვი, ბავშვი შეიძლება, გაუჩნდეს ვინმეს, მაგრამ მას გაზრდა უნდა. მარცვალი ყველგან ამოვა, თუმცა ნაყოფს ყველგან არ გამოიღებს. ველური პანტითა და მაჟალოთი სავსეა ტყე, მაგრამ ადამიანმა მოიშინაურა, მოუარა და მივიღეთ თურაშაულის ვაშლი. შეადარე, აბა, მაჟალოსა და პანტას მისი გემო?! ასე რომ, რწმენა ყველგანაა, ადამიანს აქვს ეს უნარი, აჩენს „ბავშვებს“, გაიგო, ექსტაზში ვარდება, ჩასწვდა, იგრძნო, მაგრამ მერე?! ფსიქოდელიკიც იგივენაირად მოქმედებს და, საერთოდაც, ზეცას ყველაფერი გიმოწმებს, სიზმრით დაწყებული. ადამიანს ვერ იპოვი, ცხოვრებაში ერთხელაც მაინც, რაღაც ფორმით, ზეცნობიერის, ამაღლებულის გამოცდილება რომ არ ჰქონია. მაგრამ, აბა, მიდი და, ხორცი შეასხი ამ ბავშვს. სწორედ აქ მოდის ეკლესია. დედა რა არის? ვინც ამ მარცვალს, ამ იდეას ადედებს. ეს სიტყვა თავისთავად გვაძლევს პასუხს, სხვანაირად მე ვერ ვხსნი სიტყვა დედას. მაწვნის დედა ადედებს მაწონს. გვაქვს რძე, ვაგდებთ მასში პატარა კოვზით მაწვნის დედას და ის ადედებს რძეს მაწვნად. ესე იგი, ვინ არის დედა? ვინც ამ იდეას, რწმენას იღებს თავის თავში და შემდეგ ხორცს ასხამს. ეკლესია და ღმერთი ერთი და იგივეა: მამა არის საწყისი, მაგრამ სჭირდება დედა, რომ ბავშვი დაიბადოს და გამოიზარდოს, ანუ მატერიალიზაციის, ხორცშესხმის, შედედების გარეშე იდეა იდეად რჩება.
მეტსაც გეტყვი: ვიცი, ადრეც მითქვამს, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმეორო: ღმერთს ისე, უბრალოდ არ გაუჩენია ადამი და ევა, რაც გინდათ, აკეთეთო. მცნება მისცა: ცვად და მუშაკობად, ანუ დაიცავი და დაამუშავეო. ესე იგი, გარკვეული პირობით მისცა სამოთხე. რატომ? იმიტომ რომ, თუ გარედან მისცემდა, ადამიანის ნებისა და მოქმედების გარეშე, მაშინ ადამიანი გარედან დასრულებული იქნებოდა, ამიტომ არჩევანი დაუტოვა. შესაბამისად, რწმენა რომ შემოდის, უნდა დაიცვა და აი, ეს არის აგროტექნიკა – გამოცდილება, თუ როგორ გამოზარდო ეს რწმენა შენში, როგორ შეასხა ხორცი, როგორ დაიცვა ჰეროდესგან... იესო რომ ჩაესახა მარიამს – ეს ერთია, მაგრამ, როგორც კი დაიბადა, იმწამსვე ჰეროდეს მისი მოკვლა უნდა. იმიტომ რომ მიწიერი პოლიტიკური სისტემაა და შეეშინდა, წამართმევს ძალაუფლებასო. ამდენად, როდესაც რწმენა შემოდის შენში, შენი ჰეროდე გეუბნება, ეს ჰალუცინაციააა. ცამდე მიფრინავენ ადამიანები მადლის შეხებისგან, შემდეგაც სულ ეს უნდათ, მაგრამ ავიწყდებათ აგროტექნიკა...
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

