მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00
კითხვა: რატომ არის აუცილებელი ჯვრისწერა, ვინც არ არის ჯარდაწერილი, ცოდვილი და უწმინდურია?
პასუხი: თუ ორი ადამიანი, ვინც შეუღლებას აპირებს, მორწმუნეა და მონათლული, ჯვრისწერა აუცილებელია, რადგან ამ საიდუმლოს შესრულების შემდეგ მეუღლეები იღებენ განსაკუთრებულ მადლს, რაც აკურთხებს მათ ქორწინებას. ქორწინება ჯვრისწერის შედეგად იქცევა არა უბრალოდ ორი ადამიანის შეერთებად, არამედ ეკლესიის საიდუმლოდ.
კითხვა: მოგვეკითხება თუ არა განკითხვის ჟამს ის ცოდვები, რომელთაც აღსარებაზე ვამბობთ?
პასუხი: ცოდვები, რომლებსაც აღსარებაზე ჭეშმარიტი სინანულით ამბობთ და ყოველ ქმედებას მიმართავთ მათ აღმოსაფხვრელად, არ მოგეკითხებათ. მაგრამ უფალი თავად განსჯის, როდის არის მონანიება გულწრფელი, როდის განიცდით და იტანჯებით ჩადენილი უკეთური ქმედების გამო. არის ისეთი ცოდვები, რომელთაც ადამიანი გამუდმებით სჩადის და ყოველ აღსარებაზე ინანიებს. თუკი სინანული გულწრფელია, მრავალჯერ აღსარების თქმა ცოდვასთან გამუდმებით ბრძოლას ნიშნავს და ჩანს, რომ ადამიანი განწმენდისკენ მიილტვის. ამას უფალი ხედავს.
კითხვა: ყური მოვკარი, რომ სახლში ძაღლის ყოლა დევნის სულიწმიდას. ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
პასუხი: საკითხის ასე დასმა არასწორია. ძაღლი ღმერთის მიერ არის შექმნილი ადამიანის მეგობრად და დარაჯად და თავისი დადებითი როლი აქვს სამყაროში. რასაკვირველია, როგორც სხვა პირუტყვის, ასევე არც ძაღლის ყოფნა შეიძლება საეკლესიო სიწმიდეებთან ახლოს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, საერთოდ, სულიწმიდის სახლიდან განდევნა შეუძლებელია, რადგან ყოველივე მისი შექმნილია და ყველგან არის. მას თვითონ ადამიანი შორდება საკუთარი სურვილით მაშინ, როცა ბოროტის სიახლოვეს ირჩევს. ზოგადად კი, სჯობს, ძაღლმა ეზოში იცხოვროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


