რელიგია

უფლის გზაზე

№17

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 07.05, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

მას სურდა ადამიანთა დარწმუნება

როდესაც ეტეოკლისი პატარა იყო, – მოგვითხრობდა მამიდა ალექსანდრა, – იგი ამ სიტყვებით ლოცულობდა:

– ქრისტე ჩემო, მომე ძალა ადამიანთა დარწმუნებისა, რათა იწამონ შენი და შემოგიდგნენ, კარგი სასიმღერო ხმა კი მე არ მჭირდება!

სიყვარული ანაფორისადმი

ერთხელ მამიდა ალექსანდრამ თავის ნაცნობს ჩვენი მოძღვრის შესახებ უთხრა:

– ვერ გამიგია, რატომ არ დაიბადა ეს ადამიანი პირდაპირ ანაფორით?!

***

ოდესღაც მამა ეპიფანეს ვკითხეთ:

– გერონდა, რას მოიმოქმედებთ, თუ ეკლესია მიიღებს ანაფორის ტარების გაუქმების გადაწყვეტილებას?

მან გვიპასუხა:

– განდეგილად წავალ...

ეკლესიაში წასვლის გეგმა

ერთხელ, როდესაც ეტეოკლისი პატარა იყო და სკოლაში არ დადიოდა, შეიტყო, რომ მეორე დღეს მისი მამიდები საღვთო ლიტურგიაზე წასვლას აპირებდნენ. სოფლიდან არცთუ ისე შორს მდებარე ტაძარში. პატარამ საღამოდანვე დაუწყო მამიდებს ხვეწნა-მუდარა, თან წაეყვანათ. მათაც აღუთქვეს, მაგრამ რაკი მიუხვდა განზრახვას, რომ უმისოდ წავიდოდნენ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, საკუთარი გეგმა შეადგინა.

დილით ის აღშფოთებულმა მამიდამ გამოიღვიძა:

– ეტეოკლის, ფეხსაცმელებს ვერ ვპოულობთ, სად დამალე?

– ა, დაგიჭირეთ?! თქვენ ხომ უჩემოდ აპირებდით წასვლას. ახლა კი ჯერ მე მოვემზადები, შემდეგ კი ფეხსაცმელებს მოგცემთ.

ასე მიაღწია სასურველს და მამიდებთან ერთად სიხარულით გაეშურა ტაძრისკენ.

„სახუმილავითგან განთიადისა“

ერთ კვირადღეს, სისხამ დილით, როდესაც ჯერ კიდევ ბნელოდა, სოფლის მღვდელმსახური ტაძრის გასაღებად წავიდა. ეკლესიასთან შენიშნა პირდაპირ მისკენ მიპყრობილი „მოელვარე თვალები“. შეშინებულმა მღვდელმა პატარა ეტეოკლისის სახლის კარზე დააკაკუნა, რომელიც მამიდა ალექსანდრამ გაუღო. როცა ამგვარი ადრიანი მონახულების მიზეზი გაიგო, ღიმილით უთხრა:

– ეჰ, მამაო, რამ შეგაშინათ? ეს ხომ ეტეოკლისია, თან წაიღო გაღვივებული ნაკვერჩხლები საცეცხლურისთვის.

იგი ტაძარში მიდიოდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, ხშირად მღვდელზე ადრეც კი.

მარხვა

ნეტარხსენებული მამიდა ალექსანდრას სიტყვებით, უკვე ხუთი წლის ასაკში ეტეოკლისი მუდმივ ესწრებოდა საღვთო ლიტურგიას და სხვა საეკლესიო მსახურებებს, ეზიარებოდა ქრისტეს წმიდა საიდუმლოს, ზრდასრულთა დარად ინახავდა მარხვას. იგი მეტად გამხდარი იყო. ერთ კვირადღეს, ეკლესიაში წასვლის წინ მამიდა შეეცადა მისთვის ჭიქა რძე დაელევინებინა, პატარა ეტეოკლისი ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა:

– ეკლესიაში რა ვაკეთოთ სავსე კუჭით?! მხოლოდ მსახურების მოსასმენად ხომ არ წავალთ?!

***

ერთხელ, როცა ოთხშაბათს დილით მამიდა შეეცადა, პატარას საბავშვო ბაღში წასვლამდე ჭიქა რძე დაელია, ეტეოკლისმა გადაჭრით უთხრა უარი, მან მიირბინა კუთხეში ხატებთან და ამ სიტყვებით მუხლებზე დაეცა:

– ღმერთო, თუ მამიდა ოთხშაბათს ან პარასკევს კიდევ მთხოვს რძის დალევას, წაართვი ხმა და დაუბრუნე ჯანმრთელი ფეხები (მამიდას ისინი დასახიჩრებული ჰქონდა).

ბავშვისგან ამგვარი ლოცვის გამგონე მამიდა, ბუნებრივია, ძალიან შეშინდა.

ეპიფანე თეოდოროპულოსი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი