უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
როგორ უნდა მოვექცეთ მღვდლებს
რაც შეიძლება, მეტი ყურადღებით უნდა მოვექცეთ მათ, ვისაც საღმრთო საიდუმლოთა აღსრულება აქვთ მინდობილი. ჭეშმარიტად, მაღალი ღირსებით არიან შემკულნი! ითქვა: „უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ“ (20,23). ამიტომაც ამბობს პავლე: „დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ“ (ებრ. 13,17), და კიდევ: „და უმეტესად შეჰრაცხენით იგინი სიყუარულით“ (1 თეს. 5,134). მართლაც, შენ მხოლოდ საკუთარ საქმეებზე ზრუნვა გევალება და თუკი მათ კეთილად წარმართავ, სხვების ნაცვლად პასუხი არ მოგეკითხება. მღვდელს კი, თუნდაც თავისი ცხოვრება კარგად ჰქონდეს გამართული, მაგრამ სათანადო გულმოდგინებით არ ზრუნავდეს შენი და მის ხელმძღვანელობას მინდობილი სხვა ადამიანების ცხოვრებაზე, ცოდვილებთან ერთად ჯოჯოხეთს ჩასვლა მოუწევს. და ხშირად, თუმცა სრულიად უდანაშაულოა, წარწყმდება, თუკი ჯერისაებრ არ აღასრულებს ყველაფერს, რაც მას მოეთხოვება. ამგვარად, რაკიღა იცით, რა უდიდესი საფრთხე ემუქრებათ მღვდლებს, უდიდესივე სიყვარულით მოექეცით მათ.
როგორ უნდა მოვექცეთ მღვდლებს, რომლებიც უღირსად ატარებენ ცხოვრებას
მითხარი, რა გამართლებას მოვუძებნით თავს, როცა საკუთარ თვალში დირესაც ვერ ვხედავთ, სხვისაში კი, გაბოროტებით წაქეზებულნი, ბეწვსაც კარგად ვარჩევთ? ნუთუ არ იცი, რომ როდესაც სხვებს ასე განიკითხავ, საკუთარ თავსაც უმძიმეს სასჯელს უმზადებ? ამას იმიტომ როდი ვამბობ, თითქოს ვიწონებდე მათ, ვინც მღვდლობის მსახურებას უღირსად აღასრულებს – არა, ძლიერ მეცოდებიან ისინი და დავტირი, მაგრამ მაინც ვამტკიცებ, რომ ამ შემთხვევშაშიც კი მათი მეურვეობის ქვეშ მყოფებს, მით უმეტეს, უბრალო ადამიანებს მათი განკითხვის უფლება არა აქვთ. დაე, მღვდელი თუნდაც მეტისმეტად ბიწიერ ცხოვრებას ეწეოდეს, თუკი შენ ფხიზლად ადევნებ თვალს საკუთარ თავს, არანაირი ზიანი არ მოგადგება იმ საქმეში, რაც მას ღმერთისგან აქვს მინდობილი. თუკი ღმერთმა სახედარიც კი აალაპარაკა და მოგვის მეშვეობით სულიერი კურთხევა მიანიჭა; თუკი, ამნაირად, სახედრის უტყვი ბაგეებისა და ბალაამის უწმინდური ენის მეშვეობით, იგი უმადურ იუდეველთათვის ირჯებოდა, მით უმეტეს თქვენთვის, თუკი მადლიერებას გამოიჩენთ, ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა, და სულიწმიდასაც მოგივლენთ, თუნდაც მღვდლები მეტისმეტად მანკიერნიც იყვნენ. სრულიად უბიწო მღვდელიც ხომ თავისი უბიწოებით კი არ იზიდავს სულიწმიდას, არამედ ყოველივეს საღმრთო მადლით აღასრულებს. თუმცა, მღვდლებზე რატომ ვლაპარაკობ? არც ანგელოზს და არც მთავარანგელოზს არ ძალუძს, მოახდინოს რაიმე ზემოქმედება იმაზე, რაც ღმერთისგან არის მონიჭებული: აქ ყოველივეს განაგებს მამა, ძე და სულიწმიდა, მღვდელი კი მხოლოდ ენას აღაღებს და ხელებს აღაპყრობს. და უსამართლობაც იქნება, სხვისი მანკიერების გამო ისინი დაზარალდნენ, ვინც სარწმუნოებით მიეახლება ჩვენი ცხოვნების სიმბოლოებს. ამგვარად, ვიცით რა ყოველივე ეს, ღმერთისაც გვეშინოდეს და მის მღვდლებსაც პატივი ვცეთ, რათა ჩვენი კეთილი საქმეებისთვისაც და მღვდლების მიმართ პატივისცემის გამოჩენისთვისაც ღმერთისგან უდიდესი ჯილდო მივიღოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



