როგორ გაინაწილეს ქართველებმა და ებრაელებმა მესიანიზმი
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
ადამიანის გულში ბოროტებაცაა და სიკეთეც, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მიდრეკილება უფრო სიცუდისკენ გვაქვს: წყენა, გაბრაზება, წუწუნი, უკმაყოფილება, არდანდობა, გამეტება, სამაგიეროს გადახდა უფრო გვეადვილება, ვიდრე პატიება და სიყვარული, – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
მამა გურამი: ადამიანები ბოროტები არ ვართ და შეცდომას ვუშვებთ არა იმის გამო, რომ შეგვეძლო, შეცდომა არ დაგვეშვა, არამედ იმიტომ, რომ არ შეგვეძლო, არ დაგვეშვა შეცდომები, რადგან არასრულყოფილები ვართ. ეს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. უბრალოდ, მე ვცდილობ, რომ მინიმუმამდე დავიყვანო შეცდომები და ამიტომ, როდესაც ადამიანს ვაფასებ, უპირველესად, უნდა დავაფასო იმით, თუ რა სიკეთე აქვს გაკეთებული, ანუ ჩენჩოების გარეშე. ქრისტე გეუბნება, ეძებე და იპოვიო. რატომ არის საძიებელი?! ანუ მე რომ ვფლობდე სიტუაციას და ვხედავდე, საძებნელი რატომ გამიხდებოდა?! პირდაპირ ვიტყოდი, ეს ეს არის, ის ის არის. მაგრამ ღმერთმა იცის, რომ არასრულყოფილები ვართ, ასეთებად შეგვქმნა განგებამ, იმიტომ რომ არასრულყოფილება შესაძლებლობაა, გარდაიქმნე სრულყოფილად, ხოლო, თუ იმთავითვე სრულყოფილი ხარ, მაშინ განწირული ხარ ან, თუ ცხოველი ხარ, ინსტინქტებით იმართები. ეს არასრულყოფილება ჩემი შესაძლებლობაა, რომ ვიარო სრულყოფილებისკენ. არასრულყოფილება ნაკლებობაა და მიისწრაფვის სისავსისკენ. ამდენად, თუ ყველა ადამიანს შევაფასებ, როგორც დამნაშავეს და გავუხსენებ, რაც ჩაუდენია, ისიც იმავეს გეტყვის, გაგიხსენებს, რაც დაგიშავებია და მაშინ რა აზრი აქვს ასეთ შეფასებას?! მაგრამ, თუ ადამიანებს მათი არასრულყოფილებით მივიღებთ და დავინახავთ, რა სიკეთის გაკეთება შეძლო, შენც ასე შეგხედავენ და მაშინ ამ არასრულყოფილებიდან ნელ-ნელა სრულყოფილების ჭურჭელს შევქმნით. ოღონდ ერთ ადამიანს ეს არ შეუძლია. ქრისტე აარსებს ეკლესიას და არა ცალკე ადამიანს. მაგალითად, აღმოსავლურ მოძღვრებებში უფრო გამოკვეთილია პიროვნული ღმერთის წვდომა – მათ არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ, ფაქტს ვამბობ – რომ შენ გასხივოსნდე, რაღაცას მიაღწიო. კი ბატონო, მაგრამ ქრისტეში ეს, ფაქტობრივად, მთელი სხეულის აღდგინებაა. რატომ ვამბობთ, რომ მაცხოვარმა ჯვარზე კაცობრიობის ცოდვები იტვირთა?! იმიტომ რომ ეს მოდელია, ნიმუშია შენთვის, როგორც ქრისტიანისთვის.
ქრისტიანი ნიშნავს, რომ იმ პროექტს ახორციელებ, რაც ქრისტემ განახორციელა. ის პირველი იყო და სწორედ ის უნდა მოხდეს თითოეულ ჩვენგანში. რატომ უნდა მოხდეს?! იმიტომ რომ წინ ვერ წაიწევი, ღმერთამდე ვერ მიხვალ, თუ მოყვასს არ წაიყვან იქით; მოყვასის გვერდის ავლით ღმერთს ვერ მიუახლოვდები; ჯვრის გარეშე ვერ აღდგები – რომ აღდგე, ჯვარცმა უნდა გაიარო და რა უნდა გავაკრა ჯვარზე?! დიახ, ჩემი ეგო, იმის ნიშნად, რომ მე გამოვეყავი მას და ჩემი სხეული უკვე მთელი სამყაროა, ყველა თავისი არასრულყოფილებით. ჩემში ქრისტეს სულს ამ არასრულყოფილებიდან სრულყოფილებაში ავყავარ და როდესაც ასე შევხედავთ ადამიანებს, უპირველესად, ქართველები – ერთმანეთს, ჩვენ შორის ეგოიზმი, უპირატესობის სურვილი, ჯახები შემცირდება და გაიზრდება სურვილი, რომ დავინახო სხვების სიკეთეები.
შენი ცოდვები და არასრულყოფილება ბუნებრივია და მე არაფერში მჭირდება. მე იმას ვუყურებ, იმ ერთ პროცენტს, რაც კარგი გაქვს. ებრაელებს აქვთ ეს სიბრძნე, ჭურჭლის დამსხვრევა, რომელიც მთლიანი იყო იმთავითვე, მაგრამ არ იყო გაცნობიერებული ერთობა: ამდენად, ადამი უნდა გამსკდარიყო და შემდეგ ამ ნამსხვრევებისგან ისევ გამთლიანებულიყო. აი, ამ პროცესში, როდესაც მე, ერთი მხრივ, დიდის პატარა ნატეხი ვარ, მეორე მხრივ, იმ პატარით მთლიანში შევდივარ, იმიტომ რომ უკვე ორივე ერთად არის. მე შენ ვარ, ყველანი ერთი დიდის ნამსხვრევები ვართ და ახლა ის დიდი მე აკოწიწებს თავის თავს. ერთობით ყველა მოვიგებთ, არაფერს ვკარგავთ, იმიტომ რომ არ ვკარგავთ მეს და დიდის ნაწილიც ვართ.
დავანებოთ თავი ქვეყანას, პატრიოტიზმს, ზოგადსაკაცობრიო სიყვარულს, შენი თავი მაინც არ გიყვარს, ადამიანო?! თუ შენ შეძლებ, რომ ადამიანები ძმებად, შენი სულის ნაწილად აქციო, ყველა მიგიღებს. ხოლო, თუ პირდაპირ დაარტყამ, გააკრიტიკებ, ისიც იმავეთი გიპასუხებს და მუდმივად ისე ვიქნებით, როგორც ვართ. სხვათა შორის, ეს გაკრთა პატრიარქის გარდაცვალების დღეებში. აი, იმ ბავშვმა წამოყო თავი და, წესით, უნდა გაიღვიძოს, თუ არადა ისევ დაიძინებს და აღარც ვიცით, როდის გაიღვიძებს. არადა იქნებ იმ ბავშვის გაღვიძების დრო დადგა?! იქნებ პატრიარქის წასვლით, რაკი 50 წელი გავიდა, იმ ყრმამ, რომელიც ბაზალითის ტბის ძირას ოქროს აკვანში წევს, უნდა გაიღვიძოს?! და ვინ არის ის ყრმა?! დიდი სიცოცხლე, რომელიც მიდის თავისი აღდგინებისკენ. აი, ეს იმედები დავინახეთ. და თუ გაიღვიძა, გამოვკვებოთ ჩვენი იმედებით, რწმენით; მივცეთ ჩვენი გული და მასში შევალთ ყველანი.
ისევ იმ დღეებს ვუტრიალებ, ვინაიდან აჩვენა, რომ ჩვენ ერთგვარად დადაღულები ვართ ერთობით და იქნებ ეს არის ქართველი ერის მისია?! იქნებ ეს ერთობა ჩანასახის მდგომარეობაა და მიდის აღდგინებისკენ. ესკატოლოგიურ და მესიანურ გააზრებას მივმართავ: როდესაც ჯვარზე გაკრული მაცხოვარი ეუბნება იოანეს ღვთისმშობელზე, ეს დედაა შენი, ხოლო დედას ეუბნება, ეს ძეა შენი, ეს გამოხატავს გაგრძელებას. ქრისტეს შობა და ჯვარცმა ხომ ერთჯერი ისტორიული აქტი არ არის?! ქრისტეს სული სიცოცხლეს განაგრძობს იოანეობაში, იმავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია საქართველო, რომ ლაზარეა საქართველო... ესე იგი, ამ ქვეყანას აქვს რაღაც, რაც არის მესია, კარგი გაგებით. იესო რისთვის იბადება?! ღმერთი რატომ შეისხამს ხორცს?! რათა შემდეგ გამეფდეს და ამ შემთხვევაში საქართველო, თუ ამოვალთ ღვთისმშობილის წილხვედრობიდან, ამ ჩვილ ცნობიერებას ზრდის, ანუ დედულეთია და აკაცებს, დაკაცებიდან კი მიდის გამეფებისკენ. ამიტომ წერია „მოქცევაი ქართლისაიში“, რომ მცხეთა ახალი იერუსალიმია; ამიტომ არის მცხეთაში ათამდე ტოპონიმი, რომლებიც ზუსტად იმეორებენ იერუსალიმის ტოპონიმებს: ჯვარი, გეთსემანიის ბაღი, თაბორის მთა... რა მისტერიაა ეს?! მით უფრო, რომ ეს არ არის თითიდან გამოწოვილი მესიანიზმი. ეს რეალურად ასე ხდება, იმიტომ რომ ქრისტეს განკაცება, ადამიანად მისი მოსვლა, ერთი მოსვლაა, პირველი მოსვლაა, როდესაც ის რწმენით მოდის, ანუ გარედან მეძლევა, როგორც მარცვალი და რწმენით მიღების შემთხვევაში, როდესაც ქრისტე ხორცს ისხამს ჩემში, მეც ღვთისმშობელი ვარ. შესაბამისად, ყველა ადამიანი, რომელშიც რწმენით, როგორც მარცვალი, შემოდის ქრისტე; მას რწმენით ხორცს ასხამს თავის ცხოვრებაში და ესაა ქრისტეს გამეფება, ანუ დაკაცება. ესე იგი, ის იდეა, ის მოდელი სიყვარულად იქცევა. აი, ამ ფენომენით ძალიან ჰგავს ერთმანეთს იერუსალიმი და ახალი იერუსალიმი – საქართველო. ამისკენ მიდის ყველაფერი, ჩვენც ისეთივე მესიანური ქვეყანა ვართ, როგორიც ებრაელები იყვნენ. თითქოს გავინაწილეთ ჩვენ, ორმა ერმა, ეს მისია, ოღონდ ამის შესახებ უკვე მომდევნო ნომერში ვისაუბროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


