რელიგია

უფლის გზაზე

№13

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

იუმორი
დაკოპირებულია

როგორც სხეული კვდება დასნებოვნებულ ჰაერში დაბუდებული გადამდები ავადმყოფობით, ასევე სულიც ხშირად ძლიერ ზიანდება მანკიერ ადამიანებთან ურთიერთობისას. ამიტომაც ქრისტემ გვამცნო, არა მარტო გავექცეთ ასეთ ადამიანებს, არამედ უარვყოთ კიდევაც ისინი. ის გვეუბნება:

„უკუეთუ თუალი შენი მარჯვენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან“ (მთ. 5,29). ამ რჩევაში უფალი გულისხმობს ახლობლებს, მეგობრებს, რომლებიც თითქოს ჩვენი სხეულის ნაწილებად ქცეულან. იესო ქრისტე გვიბრძანებს, არ გავუფრთხილდეთ მათ მეგობრობას, რათა უფრო მშვიდად შევძლოთ საკუთარი სულის ცხონებაზე ზრუნვა. ამიტომაც ამბობს წინასწარმეტყველი: „არა დავჯედ მე კრებულსა თანა ამაოებისასა და უსჯულოთა თანა მე არა შევიდე“ (ფსალმ. 25,4), და იერემიაც ნეტარს უწოდებს მას, ვინც „აღიღოს უღელი სიჭაბუკესა შინა მისსა მძიმე, დაჯდეს მარტოობით და დადუმნეს“ (გოდება იერემიასი, 3,27-28). იგავთა წიგნიც ბევრს საუბრობს ამის თაობაზე და დაბეჯითებით გვირჩევს, არა მხოლოდ მოვერიდოთ, არამედ გავექცეთ კიდევაც იმ ადამიანებს, რომლებიც ბოროტ რჩევებს გვაძლევენ და გავწყვიტოთ მათთან კავშირი. ამიტომ, ნუ გვეგონება, რომ ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობა ბევრს ვერაფერს დაგვაკლებს და გავექცეთ ასეთ ადამიანებთან ერთობას, თუნდაც ისინი ჩვენი ცოლები, მეგობრები და სულერთია, ვინც არ უნდა იყვნენ. ამგვარმა ურთიერთობამ დაღუპა ისეთი მამრნიც, როგორებიც სამსონი და სოლომონი იყვნენ; მანვე გარყვნა იუდეველთა მთელი ერიც. ჩვეულებრივ, გარეულ მხეცებს ნაკლები ზიანი მოაქვთ, ვიდრე ბიწიერ ადამიანებს: პირველები აშკარად მაინც მოქმედებენ; მეორენი კი შეუმჩნევლად და უხმაუროდ, დღითიდღე ავრცელებენ თავიანთ გადამდებ სენს, რითაც თანდათანობით ასუსტებენ სათნოების ძალას. როგორ ფიქრობ, რატომ გახდნენ დიდნი და საკვირველნი უდაბნოში მოღვაწე მამანი? იმიტომ ხომ არა, რომ ისინი გაექცნენ ხმაურსა და სავაჭრო მოედნებს და ყოფითი საზრუნავის კვალისგან მოშორებით დაიდეს ბინა? შენც მათ მიბაძე და ეცადე, თვით შუა ქალაქშიც ჰპოვო უდაბნო. მეტყვი, განა ეს შესაძლებელიაო? შესაძლებელია, თუ გაექცევი ბიწიერ ადამიანებს და სათნოებებით სავსეებს შეუდგები. ასე უფრო მეტ უსაფრთხოებას მიაღწევ, ვიდრე უდაბნოში მცხოვრებნი, რადგან არა მარტო მავნე ადამიანებისგან მოშორებით იცხოვრებ, არამედ სასარგებლოებთან სიახლოვესაც. დაე, ნურცერთ თქვენგანს ნუ ეყოლება ბიწიერი მეგობარი. თუკი ჩვენ უარს ვამბობთ ბიწიერ შვილებზეც კი, ისე, რომ არაფრად ვაგდებთ არც ბუნებას, არც მის კანონებს და არც მის კავშირებს, მით უფრო უნდა განვეშოროთ ბიწიერ მეგობრებსა თუ ნაცნობებს. და თუნდაც მათ არანაირი ზიანი არ მოგვაყენონ, მითქმა-მოთქმას კი მაინც ვერსად გავექცევით. გარეშენი ჩვენი ცხოვრების შინაგან მხარეს ვერ სწვდებიან, ისინი ჩვენზე ჩვენი წრის მიხედვით მსჯელობენ. მაშ, ისე მოვიქცეთ, რომ ურწმუნოთაგანმაც კი ვერავინ ნახოს საბაბი ჩვენი სამართლიანი ყვედრებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი