რელიგია

უფლის გზაზე

№9

ავტორი: „თბილისელები“ 16:00

რელიგია
დაკოპირებულია

ვისწავლოთ დათმობა და სიმშვიდე ღმერთისგან, რომელიც ამბობს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მთ. 11,29), და უარვყოთ ყოველგვარი მრისხანება. თუ ვინმე მრისხანებით აღსდგება ჩვენზე, ჩვენ ვიყოთ მშვიდნი; თუ უტიფრად გვექცევიან, ჩვენ ვიყოთ მზად სამსახურის გაწევისთვის; თუ ვინმე დაცინვითა და ლანძღვა-გინებით გვიკლებს, სამაგიეროს იმავეთი ნუ გადავუხდით, რათა შურისძიებით სული არ წარვიწყმიდოთ. მრისხანება მხეცია – სასტიკი და დაუნდობელი, ჩვენ კი მის დასათრგუნად საღმრთო წერილის სიტყვები ვიგალობოთ და ვთქვათ:

„მიწაი ხარ და მიწადცა მიიქცე“ (დაბ. 3,19); „რაისა-მე ვამპარტავნობ მიწაი იგი და ნაცარი?“ (ზირ. 10,9); „ვერ ხელ-ეწიფების კაცსა, ცუდ გულმწყრალსა, განმართლებაი, რამეთუ სასწორი იგი გულისწყრომისა დაცემაი მისი“ (იქვე, 1,22); და კიდევ: „კაცი გულმწყრალი არა შუენიერ“ (იგავ. 11-25). ჭეშმარიტად, არაფერია მრისხანე სახეზე უმახინჯესი და მით უფრო, ეს ითქმის სულზე. როდესაც ნაგავს ქექავენ, ჩვეულებრივ, იქიდან მყრალი სუნი ამოდის. ასევე, როდესაც სულს მრისხანება იპყრობს, ისიც საშინელი სანახავია. იტყვი, არ ძალმიძს მტრებისგან ლანძღვა-გინების მოთმენაო. კი, მაგრამ, რატომ? თუ მტერმა სიმართლე თქვა, სანამ ის გეტყოდა რამეს, შენ თვითონ გმართებდა თავის ყვედრება, ამიტომ მადლობაც კი ეკუთვნის შენგან მხილებისთვის; ხოლო თუ ტყუილი მოიგონა, მაშინ მის ნათქვამს ნურაფრად ჩააგდებ. ღატაკი გიწოდა? გაიცინე მხოლოდ. სულმდაბალი და უგუნური ხარო, გითხრა? შეიბრალე. „რამეთუ რომელმან რქუას ძმასა თვისსა: ცოფ, თანამდებ არს იგი გეჰენიასა მას ცეცხლისასა“ (მთ. 5,22). ამრიგად, როდესაც ვინმე გაგინებს, დაფიქრდი იმ სასჯელზე, რომელიც მას მოელის და მაშინ არათუ მრისხანება შეგიპყრობს, სიბრალულის ცრემლსაც კი დაღვრი მისთვის ხომ არავინ ბრაზობს ციებ-ცხელებით ან ხურვებით შეპყრობილებზე, პირიქით, ყველას ეცოდება ასეთი ადამიანები და დასტირის მათ. მაგრამ მრისხანებით შეპყრობილი სულიც ხომ სწორედ მისი მსგავსია. თუ მაინცა და მაინც შურისძიება გწყურია, გაჩუმდი – ამით მტერს სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებ. ხოლო თუკი ყვედრებას ყვედრებითვე უპასუხებ, მხოლოდ ცეცხლს აღაგზნებ და მეტი არაფერი. იტყვი, გარშემო მყოფნი ხომ სიმხდალეში დამდებენ ბრალსო. არა, სიმხდალეს კი არ გიკიჟინებენ, შენი სიბრძნე გააკვირვებთ. ხოლო თუკი შენ, შეურაცხყოფილი, აღშფოთებას გამოხატავ, ამით აფიქრებინებ ადამიანებს, რომ შენზე რაც ითქვა, სიმართლეა. ერთი მითხარი, რატომ ეცინება მდიდარს, როდესაც სიღატაკეს სწამებენ? იმიტომ ხომ არა, რომ თავისი თავი ღარიბად არ მიიჩნია? ასევე ჩვენც, თუკი ლანძღვა-გინებას ღიმილით ვუპასუხებთ, ამით დავამტკიცებთ, რომ არ ვაღიარებთ ჩვენს თავს დამნაშავედ იმაში, რასაც გვაბრალებენ. და თანაც, როდემდე უნდა გვეშინოდეს კაცთა განკითხვის? როდემდე უგულებელვყოფთ მეუფის აზრს და ხორცის მონებად რჩებით? „რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ხდომაი და განწვალებანი? არა ხორციელვე ხართა და კაცობრივ იქცევით?“ (1 კორ, 3,3). მაშ, ვიყოთ სულიერნი და აღვირი ვასხათ ამ საშინელ მხეცს. მრისხანებასა და ეშმაკეულობას შორის არანაირი განსხვავება არ არის: მრისხანება იგივე ეშმაკეულობაა, ოღონდ დროებითი. ანდა მეტიც, მრისხანება ეშმაკეულობაზე უარესია. ეშმაკეულმა კიდევ შეიძლება, მიიღოს შეწყალება, მრისხანების ვნებას დამონებული კი ათას სატანჯველს დაიტეხს თავზე, რამეთუ საკუთარი ნებით მიექანება წარსაწყმედელისკენ. მომავალ გეენიამდე იგი აქვე ისჯება, რადგანაც მის სულში ქარიშხალი მძვინვარებს. ამგვარად, იმისათვის, რომ ამ, წარმავალ ცხოვრებაშიც გავექცეთ სასჯელს და საუკუნო სატანჯველსაც გადავურჩეთ, განვაგდოთ ჩვენგან ეს ვნება, გამოვიჩინოთ დიდი სიმშვიდე და დათმობის ნიჭი. ამით მშვიდობას მოვუპოვებთ ჩვენს სულებს ამ სოფელშიც და ზეციურ სასუფეველშიც.

წმიდა იოანე ოქროპირი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი