რელიგია

უფლის გზაზე

№15

ავტორი: „თბილისელები“ 16:01

რელიგია
დაკოპირებულია

რატომ ხდება, რომ ღვთისმოშიშ ადამიანებს მრავალი მწუხარება ევლინებათ, ბიწიერი ადამიანები კი კეთილდღეობით ტკბებიან?

ნუ ვშფოთავთ: დაე, ნურავინ დრტვინავს, როდესაც მანკიერი ადამიანები განცხრომით ატარებენ ცხოვრებას. ამ სოფელში არ არსებობს ნაცვალგება არც მანკიერებისა და არც სათნოებისთვის. და თუ ზოგჯერ მაინც ხდება ასეთი ნაცვალგება, ეს არის არა სრული ანაზღაურება ცოდვებისა თუ სათნოებებისთვის, არამედ თითქოს სასჯელის წინამორბედი, რათა ისინი, ვისაც არა სწამს მკვდრეთით აღდგომა, ამ გზით მაინც მოექცნენ ჭეშმარიტებისკენ. ამიტომ, როდესაც დავინახავთ, რომ მანკიერი კაცი მდიდრულად ცხოვრობს, სულით ნუ დავეცემით, ნურც მაშინ შევძრწუნდებით, როდესაც სათნოებით შემკული ადამიანი გაჭირვებაშია, რამეთუ გვირგვინებიც და სასჯელიც საუკუნო ცხოვრებაში მოგველის. ამასთან, არ არსებობს ქვეყნად სრულიად მანკიერი ადამიანი – მასშიც არის რაღაც კეთილი. სწორედ ასევე, არ არსებობს ისეთი კეთილისმოქმედი ადამიანიც, რომელმაც სისრულეს მიაღწია – მასაც აქვს რაღაც შეცოდებები. ამგვარად, როდესაც ბოროტი კაცი განცხრომით ცხოვრობს, იცოდე, რომ ეს მისივე წარწყმედას მოასწავებს: ის აქვე ტკბება იმ მცირე სიკეთისთვის, რომელიც მას აქვს, საუკუნო ცხოვრებაში კი სრულ სასჯელს მიიღებს. მით უფრო ნეტარია ის, ვინც ამ სოფელშივე ისჯება, რათა ზღოს თავისი ცოდვებისთვის და აქედან განმართლებული, სუფთა და უცოდველი წავიდეს. ამასვე გვასწავლის პავლე, როდესაც ამბობს: „ამისთვის მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ და წვანან მრავალნი“ (1 კორ. 11,30); და კიდევ: „მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ხორცითა, რათა სული ცხოვნდეს დღესა მას უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა“ (იქვე, 5,5). დავით მეფეც ამბობს: „იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდენ და სიძულვილით ამაოდ მომიძულეს მე“ (ფსალმ. 24,20). ყოველივე ეს ადასტურებს, რომ კეთილისმოქმედნი აქვე იღებენ სასჯელს თავიანთი ცოდვებისთვის. ის სადღაა ნათქვამი, რომ მანკიერნი აქვე ტკბებიან განცხრომით, რათა მომავალ ცხოვრებაში სრული სასჯელი მიიღონ? ამის თაობაზე მოუსმინე აბრაამს, რომელიც ეუბნება მდიდარს: „შვილო, მოიხსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინისცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები“1 (ლკ. 16,25).

ამრიგად, ნუ შეგვიპყრობს მწუხარება, როდესაც განცხრომაში მყოფ ცოდვილებს ვხედავთ და როდესაც ჩვენ თვითონ გვატყდება თავს განსაცდელი, მაშინაც გვიხაროდეს, რამეთუ ეს ჩვენი ცოდვების აღსახორცელად გვეძლევა. ახლა აღარ არის დევნულება (ქრისტიანებზე) და ღმერთმა ქნას, არც აღარასდროს იყოს, მაგრამ არის სხვა ბრძოლა – ბრძოლა ანგარებასთან, შურთან და სხვა ვნებებთან. ჩვენ დიდი ბრძოლა გვაქვს გადასახდელი საკუთარი ენის, თვალების, გულისთქმების წინააღმდეგ: მაშ, მოდი, ვეცადოთ მათ დაოკებას. ამისთვის კი შევიჭურვოთ ჭეშმარიტებით, ანუ ჭეშმარიტი ნეტარებით, უბიწოებით, პატიოსნებით, მაშინღა შევძლებთ მტრის დაძლევას და გამარჯვების გვირგვინით შევიმკობით იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც შვენის პატივი და დიდება და თაყვანისცემა მამისა და სულისა წმიდისა თანა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი