რატომ არის შეუძლებელი, რომ ადამიანმა არ დაუშვას შეცდომები, ანუ არ სცოდოს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
მართალია, ღმერთი გვასწავლის, რომ მის გარდა კერპი არ უნდა შევქმნათ და არც არავინ შევიყვაროთ მასზე მეტად, მაგრამ ადამიანებს გვახასიათებს სხვა ადამიანების, საგნებისა თუ მდგომარეობებისადმი მიჯაჭვულობა. რით განსხვავდება ნამდვილი სიყვარული გაკერპებისგან და რა განასხვავებს მათ ერთმანეთისგან? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
მამა გურამი: ამ საკითხზე საუბარს ისევ და ისევ იმ დღეებით დავიწყებ, როდესაც საოცარი ერთობის მომსწრენი გავხდით და მართლაც სასწაული რამ მოხდა: ჩვენ ერთმანეთი დავინახეთ, დავინახეთ, რომ ერთნი ვართ და ამან მე გამადიდა. ზოგადად, სწორედ ეს არის ქრისტეს ფენომენი. რასაც საუკუნეების განმავლობაში ვაკლავდით თავს; ჭეშმარიტი კაცისა და ჭეშმარიტი ღმერთის მოდელი, რომელიც უნდა განხორციელდეს. სხვათა შორის, ამ ფენომენით უნდა ავხსნათ ჩვენთვის, ქართველებისთვის, დამახასიათებელი სიყვარული ადამიანისადმი, ლამის რომ ვაღმერთებთ, რაც განსხვავდება გაკერპებისგან, იმიტომ რომ სხვანაირი გაღმერთებაა. იესოს რომ ეკითხებიან, მამა გვაჩვენეო, რას პასუხობს?! ვინც მე მიხილა, მამა იხილა, როგორღა მეკითხები; მამა ჩემშია მე მამაში ვარ. ანუ, თურმე, ღმერთი ცაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ, თუ იესო ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცია და სწორედ ამ დოგმატისთვის ვიბრძოდით ჩვენ, მაშინ ჩვენ ღმერთი ადამიანში უნდა ვეძებოთ და ეს, სულაც, არ არის გაკერპება. პირიქით, ადამიანი ვალდებულია, რომ ღმერთობა გამოავლინოს; ადამიანი, იმიტომ რომ კაცია, უკვე შემდგარი ღმერთი უნდა გახდეს. მთელი რელიგიაც კი შენთვის არის და ეს ჩანს აბრაამიდან... როდესაც მელქისედეკი ჩნდება – უმამო, უგვარო. არც კი ვიცით, ვინ არის, საიდან მოდის, მაშინ, როდესაც აქეთ არის იერარქია, აღთქმები – აბრაამს აღუთქვა, გეყოლება ისააკი, შენგან გავამრავლებ ერს, შენგან დაიბადება მესია და ამ დროს, პარალელურად, ჩნდება მელქისედეკი, მშვიდობის მეფე და მღვდელი, იმავდროულად და სწორედ ესაა ქრისტე და ესაა ყველა ადამიანი. თქვენ, ყველანი, მღვდლები ხართ და მეფეები ხართო, – ეს არის ქრისტეს პირველი ჩანასახი, ზუსტად იმის, ვინც უნდა გავხდეთ ჩვენ და, მართლაც, ჩვენ ვხდებით მელქისედეკი. და ვინ არის მელქისედეკი?! კაცი, რომელშიც მთელი სამყაროა: მეფეც არის, მღვდელიც არის და, უპირველესად, ღმერთია.
ესე იგი, რას გვეუბნება ჩვენი მოძღვრება?! ქრისტე ამბობს, ღმერთი ცაში არ ეძებოთ, არც ტაძარში ეძებოთ, ადამიანებში ეძებეთ. იესო რომ ამბობს, მამა ჩემშიაო, მხოლოდ საკუთარ თავს არ გულისხმობს. მერე, თქვენში რომ ვიქნები, ყველამ ღმერთი ეძებეთ ერთმანეთშიო. ამდენად, ის ფაქტი, რომ ჩვენ ჩვენს პატრიარქს ამდენ იმედს ვუკავშირებთ და მამად აღვიქვამთ, სულაც, არ არის გაკერპება. პირიქით, ასე უნდა მოვიქცეთ: ერთმანეთისთვის უნდა ვიყოთ ღმერთებიც, მამებიც, ყველაფერი ერთად, იმიტომ რომ მე უნდა გამოვავლინო ღმერთის სრული სახე ჩემს ადამიანურ ბუნებაში. ეს არის ჩემი ფუნქცია ამ მიწაზე და თუ მე ამას ვავლენ, შესაბამისად, მე შენთვის უკვე ღმერთი ვარ. თომა რომ უვარდება ქრისტეს – უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი ხარო, ჩვენ, ქართველებიც ამას არ ვამბობთ ხოლმე მასზე, ვინც გვიყვარს?! ვეუბნებით, ჩემი ღმერთი ხარო და ქართველი რომ ამას ამბობს, სულაც არ ამბობს ნეგატიური გაგებით. ღმერთი ხარ, აბა, ვინ ხარ, როდესაც ყველაფერი ხარ ჩემთვის?! იმიტომ რომ შენში მამაა და როდესაც შენში ღმერთია რეალიზებული, მე იმ ღმერთობას ვიღებ შენგან და მადლობას გწირავ ამისთვის.
ანუ კონკრეტულ ადამიანს კი არ გეუბნები, ჩემი ღმერთი ხარ, ჩემი მამა ხარ ან ჩემი მოძღვარი ხარ თუ მხსნელი-მეთქი, არამედ იმ არსს, რომელიც შენ შენში გაამდიდრე და მიეცი ძალა, რომ გამოვლენილიყო. სხვა ღმერთი მე არ ვიცი და არც მაცხოვარმა იცის სხვა ღმერთი. იესო ადამიანს აყენებს პირველ ადგილას და ეს ეცხო ჩვენს უწმიდესს ადამიანურ ბუნებაში. კარგი ის იყო, რომ მის ადამიანურ ბუნებაში მწვერვალამდე გამოვლენილი ღმერთობა შეერწყა.
მეორე მხრივ, არიან ისეთებიც, რომლებიც პატრიარქის სხვა თვისებებზე ამახვილებენ ყურადღებას. კერძოდ, შეცდომებზე. ეს საერთოდ არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ ადამიანი ღვთის ხატებაა და როგორ შეგიძლია, რომ კეთილისა და ბოროტის გაგებაში მოაქციო ადამიანი, ღვთის ხატება?! შესაბამისად, შეგიძლია, ღმერთი კეთილისა და ბოროტის კატეგორიებში მოაქციო?! მაგალითად, როგორ არის ღმერთი კეთილი, როდესაც ბავშვები იღუპებიან?! მიწისძვრები ხდება და ათასობით წლის წინაც ხდებოდა; ჭირი ჩნდებოდა და დიდი და პატარა იჟლიტებოდნენ, წამებით იხოცებოდნენ; სისხლის მდინარეები იდგა და, თუ ღმერთი სამართლიანი და მოწყალეა, რატომ დაუშვა მსგავსი?! აბა, მიდი და გაუგე ღმერთს, მაგრამ ღმერთს ვერ გაუგებ. არათუ ღმერთს, უბრალო ადამიანს ვერ გაუგებ. რაც მთავარია, შეუძლებელია, ადამიანმა შეცდომები არ დაუშვას. ჩერჩილს აქვს ნათქვამი, ასი შეცდომიდან თუ ერთი კარგი გამოვიდა, შეცდომებს რატომ დაითვლი, იმ ერთ კარგს დაინახავო. ან კი როგორ შეიძლება, ადამიანმა ამ წუთისოფელში, ამ სხეულში იცხოვროს და მას უცოდველობა მოსთხოვო?! ეს ხომ ქერქია, გარსია?! რომელ მეომარს აფასებენ?! რა თქმა უნდა, დაჭრილს, დალეწილს... ჩვენ რომ ვტრაბახობთ, ერეკლე მეფეს 70 ჭრილობა ჰქონდაო, მაკრიტიკებელი, იცი, რას იტყვის?! კარგი მეომარი თუ იყო, როგორ დაიჭრა ამდენჯერ, ესე იგი, სუსტი ყოფილა, რაკი დაჭრესო. არადა ეს ხომ აბსურდია?!
პატრიარქის შეცდომები ხომ ჭრილობებია?! და განა ღმერთმა არ იცის, რომ ჩვენ შეცდომებს დავუშვებთ და ცოდვაა შეცდომა. არათუ დავუშვებთ, განწირულნი ვართ შეცდომებისთვის, იმიტომ რომ ცდომები და ცოდვები არასრულყოფილი, უმწიფარი ხედვის ბუნებრივი შედეგია, ისევე, როგორც ბავშვი სცოდავს ბუნებრივად – შეუძლებელია, მან არ სცოდოს. ცოდვა არის განუვითარებლობის, რაღაცის გაგების ნაკლებობის შედეგი და გაცნობიერებებით მინიმუმამდე დადის. თუ პატრიარქს ცდომები არ ჰქონდა, მაშინ მეორე უკიდურესობაში გადავდივართ: ის ყოფილა სრულყოფილი ღმერთი, მაგრამ ჩვენ არ ვართ სრულყოფილი ღმერთი.
და სწორედ ახლა ჩვენ, ქართველებმა, უნდა შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელშიც ყველანი, ერთად, შევალთ. ეს ჩვენ შეგვიძლია და ეს დაგვანახვა პატრიარქის გასვენებამ. როგორ ფიქრობ, მარტო ეკლესიის მრევლი და მთავრობის მომხრეები იყვნენ?! დიახ, ხასიათით, უკიდურესად მაქსიმალისტები ვართ, მცირე შეცდომასაც კი არ ვპატიობთ ადამიანს; „გამოჭერაზე“ ვართ, მაგრამ, მოდი, სხვანაირად მოვიქცეთ: ჩვენ ხომ გვაქვს ჩვენ-ჩვენი სიმართლეები; ძალიან ძლიერად წინ წამოწეული ეგოები, რის გამოც შუბლებით ვეჯახებით ერთმანეთს?! ჰოდა, თუ ამ ეგოებზე უარს ვიტყვით, ჭეშმარიტებაში შევდივართ, თან, ყველანი, ერთად. ის ჭეშმარიტება მიღმაა და ბევრად უფრო ამაღლებულია, ვიდრე ჩვენი ყველაზე დიდი სიმართლე, რომელიც მაინც ვერ მისწვდება ჭეშმარიტებას. გერბზე გვიწერია, ძალა ერთობაშიაო და რის ერთობაში?! ყველა თავის ერთობას გვთავაზობს და განა ეს თამაშს არ ჰგავს?! აი, ეს ფენომენი, ერთობის სული და, მეორე მხრივ, ერთმანეთის არდანდობა უნდა გამოვიყენოთ და ეს ორი უკიდურესობა უნდა გავამთლიანოთ, რაც სავსებით შესაძლებელია და შესაძლებელია, თუ ვაღიარებთ, რომ ვართ უმწიფარი ღმერთები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


