რელიგია

უფლის გზაზე

№39

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 04.10

რელიგია
დაკოპირებულია

ბორბალი

ბერი ამბობდა: „დედამიწაზე ისე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ბორბალი ბრუნავს – მხოლოდ ერთი წერტილით ეხება მიწას, დანარჩენით კი შეუწყვეტლივ მაღლა მიისწრაფვის. ჩვენ კი დავწვებით მიწაზე და ადგომა აღარ ძალგვიძს“.

„ისინი ყველაფერს ჩემზე

უკეთ აკეთებენ“

მტერი (ეშმაკი) ფეხი-ფეხ გადადებული უსაქმოდ იჯდა. მას ჰკითხეს:

– რატომ არაფერს აკეთებ?

მტერმა მიუგო:

– ერთ ადგილზე ჯდომისა და ფეხების ქნევის გარდა აღარაფერი დამრჩენია, ისინი (ადამიანები) ყველაფერს ჩემზე უკეთ აკეთებენ.

ორი მოწყალება

როდესაც მამა ამბროსის აღსარებაზე ეუბნებოდნენ, რომ სიძუნწე უტევდათ, ის ასწავლიდა:

– გაეცი, რამდენიც შეგიძლია, რასაც სული მოგთხოვს.

მავანმა მწირმა მოწყალება ითხოვა. ერთი ძუნწი შეხვდა და ძველი თავსაბურავი მისცა. მეორემ, კეთილმა, ყველაფერი მისცა, რაც მწირს სჭირდებოდა და ითხოვა. როგორც კი ის წავიდა, ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი დაეწვათ. მწირი დაბრუნდა და რაც მათგან მიიღო, ყველაფერი უკან დაუბრუნა: კეთილს – თითქმის მთელი ქონება, ძუნწს კი – თავისი ძველი თავსაბურავი.

ჟასმინი

ბერმა ჟასმინის შესახებ ასეთი იგავი მოგვითხრო:

ჩვენთან ერთი მონაზონი ჟასმინს უვლიდა. ნოემბერში რტოებს დააჭრიდა და ბნელ ადგილზე დადგამდა. სამაგიეროდ, მცენარე შემდეგ უხვად ისხამდა ფოთლებსა და ყვავილებს. მსგავსადვე ხდება ადამიანთან მიმართებითაც: ჯერ სიბნელესა და სიცივეში უნდა დაჰყო, მერე კი ნაყოფსაც უხვად გამოიღებ.

„შენზე უარესი არ მოიძებნა“

ერთი კაცი მღვდელს ეუბნებოდა:

– ხშირად საამაყო აზრები მებადება, მამაო, რომ თქვენ მე მენდობით.

ამაზე მღვდელმა მიუგო:

– ერთ იგავს მოგიყვები. ერთი მეუდაბნოე მთავარეპისკოპოსად გამოარჩიეს. ის დიდხანს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ არ მოეშვნენ. მაშინ მან გაიფიქრა: „არ ვიცოდი, ღირსი რომ ვიყავი, მაგრამ ახლა მივხვდი, დამიმსახურებია ეს ხარისხი“. ამ დროს მას ანგელოზი მოევლინა და უთხრა: „რას იქადი, მონაზონო? იმ ეპარქიაში ადამიანებმა დიდად შესცოდეს და მათი დასჯაა საჭირო. შენ კი იმიტომ აგირჩიეს მის მმართველად, რომ უარესი ვერავინ მოიძებნა“.

***

ერთი გლეხი შეშისთვის ტყეში წავიდა. საკმარისი შეშა მოჭრა და დაღლილი იქვე, მუხის ძირში წამოწვა. ხეზე, მაღლა რკოს მსხვილი ნაყოფი დაინახა. „ეჰ, – გაიფიქრა, რა კარგი იქნებოდა, რკოს მაგივრად ამ ხეს გოგრა რომ ესხასო და ამ ფიქრებში ჩაეძინა. უცებ ხიდან ნაყოფი ჩამოვარდა და ტუჩებზე მტკივნეულად დაეცა. გლეხს გაეღვიძა და ღმერთს მადლობა აღუვლინა: შევცდი, ღმერთო, შენ ყველაფერს ბრძნულად განაგებ. ამ ხის ნაყოფი რომ გოგრა ყოფილიყო, ხომ გამიხეთქავდა თავსო.

რაოდენ ხშირად განვიკითხავთ ღვთის განგებულებას, ნაცვლად იმისა, რომ მის ნებას მიენდოთ. ვინც საკუთარ ნება-სურვილს ღვთის ნებას უქვემდებარებს ის ყოველთვის მშვიდად ცხოვრობს, ხოლო, ვინც თავისი აზრით წყვეტს, თუ რა არის უკეთესი, იგი გამოუცდელია სულიერ ცხოვრებაში. ღვთის ნება რომ შევიცნოთ, ამისთვის საჭიროა, დავემორჩილოთ მას, მაშინ უფალი თავისი მადლით გაგვანათლებს და ცხოვრებაც გაგვიადვილდება. ასეთ შემთხვევაში, თუნდაც ავად იყოს ან სიღატაკეში ცხოვრობდეს, ადამიანს მაინც სიხარული ექნება გულში, რადგან სულითა და აზრით ჯანსაღია, გონებით უფალს ხედავს და იგი სრული სიმდაბლით უყვარს. ამ სიყვარულის წყალობით კი ეს სოფელი აღარ ახსოვს, ხოლო თუ ახსოვს, მაშინ ღვთის სიყვარული უბიძგებს მას, ცრემლით ილოცოს მთელი მსოფლიოსთვის.

ასეთია უფლის სათნო გზა ჩვენი სულისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა