უფლის გზაზე
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 12.07
ყოველთვის, რის გაკეთებასაც არ უნდა ვაპირებდეთ, მუდამ უნდა ვთქვათ: „თუ ღმერთის ნება იქნება“, რათა არ შეგვემთხვეს ის, რაც ერთ თავდაჯერებულ ადამიანს დაემართა. ის ვენახში აპირებდა მუშაობას და ცოლს უთხრა:
– ხვალ, ადრე დილით, ვენახში წავალ.
– თუ ღმერთის ნება იქნება, წახვალ, – მიუგო ცოლმა.
– იქნება თუ არა ღმერთის ნება, არ ვიცი, მე კი წავალ, – ჯიუტად გაიმეორა ქმარმა.
დილით, გარიჟრაჟზე, ის სახლიდან გამოვიდა, მაგრამ გზად ისეთი თავსხმა წვიმა წამოვიდა, რომ იძულებული გახდა, შინ დაბრუნებულიყო. ცოლს კარი ჩაეკეტა და დაკაკუნება მოუხდა. მან კარზე დააკაკუნა.
– ვინ არის? – იკითხა ცოლმა.
– შენი ქმარი, – უპასუხა კაცმა და იმწამსვე დაამატა, – თუ ღმერთის ნება იქნება.
* * *
ერთხელ ანგელოზი მწირს დაემგზავრა და მასთან ერთად ღამის გასათევად მდიდარ ოჯახს მიადგა. ოჯახი არ იყო სტუმართმოყვარე და სტუმრების სასტუმრო ოთახში მოსვენება არ მოისურვა.
შესთავაზეს, ღამე ცივ სარდაფში გაეთიათ. როდესაც ისინი საწოლს იშლიდნენ, ანგელოზმა კედელში ხვრელი შეამჩნია და ამოავსო. მწირის შეკითხვაზე, რატომ მოიქცა ასე, უპასუხა.
– საგნებისა და მოვლენების არსი ხშირად ისეთი არ არის, როგორც ადამიანებს გეჩვენებათ.
მეორე დღეს ისინი ღამის გასათევად ღარიბ, მაგრამ სტუმართმოყვარე კაცს და მის ცოლს ეწვივნენ. ცოლ-ქმარი მგზავრებს იმ მცირედით გაუმასპინძლდა, რაც ებადათ და დასასვენებლადაც თავისი საწოლი დაუთმეს. დილით კი, როდესაც მგზავრებმა გაიღვიძეს, ნახეს, რომ მასპინძლები ტიროდნენ – ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ძროხა გომურში მკვდარი ეპოვათ. მწირმა ანგელოზს ჰკითხა:
– რატომ მოხდა ასე? პირველ ოჯახს ყველაფერი ჰქონდა კეთილი გულის გარდა, შენ კი მას დაეხმარე. მეორე ხელმოკლეა, მაგრამ შესაშური სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა, შენ კი დაუშვი, რომ მათი ერთადერთი მარჩენალი ძროხა მოჰკვდომოდათ? - საგნებისა და მოვლენების არსი ხშირად ისეთი არ არის, როგორც ადამიანებს ეჩვენებათ, – გაიმეორა ანგელოზმა, – როდესაც ჩვენ სარდაფში ვიყავით, მე მივხვდი, რომ კედელში, ოქროს განძი იდო. მასპინძელი უხეში კაცი იყო და სიკეთის კეთება არ სურდა, მე შევაკეთე კედელი, რომ მას გადამალული ოქრო არ ეპოვა.
მომდევნო ღამეს კი, როდესაც ღარიბი მასპინძლის საწოლში გვეძინა, მის ცოლს სიკვდილის ანგელოზმა მოაკითხა და მე მას სანაცვლოდ ძროხა მივეცი.
... ჩვენი ცოდნა საკმაოდ მწირია და მოვლენებისა თუ შემთხვევების ჭეშმარიტი მნიშვნელობის წვდომა არ შეგვიძლია. ამიტომ, თუნდაც დიდი რწმენა გქონდეს, აუცილებლად უნდა გამოიმუშავო ღვთის განგებულებისადმი ეჭვშეურევნელი მინდობა: ის, რაც ხდება შენ მიმართ, შენსავე სასარგებლოდ ხდება. დროთა განმავლობაში მორწმუნე ადამიანი აუცილებლად მივა ამის გაცნობიერებამდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან