რელიგია

უფლის გზაზე

№2

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.01

რელიგია
დაკოპირებულია

კაცი სანაპიროზე მიდიოდა და უცებ დაინახა ბიჭი, რომელიც ქვიშიდან რაღაცებს იღებდა და ზღვაში ყრიდა. უფრო ახლოს მისულმა დაინახა, რომ ბიჭუნა ზღვაში ზღვის ვარსკვლავებს ყრიდა. ირგვლივ უამრავი ზღვის ვარსკვლავა იყო მიმოფანტული და ნაპირი რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მთლიანად იყო დაფარული.

– რატომ ყრი ზღვის ვარსკვლავებს წყალში? – ჰკითხა კაცმა ბიჭუნას.

– თუ ისინი ნაპირზე დარჩებიან, ხვალ მიქცევა დაიწყება და ისინი დაიღუპებიან, – უპასუხა ბიჭუნამ ისე, რომ საქმისთვის თავი არ დაუნებებია.

– მაგრამ ეს ხომ სისულელეა! – დაიყვირა კაცმა, – მიმოიხედე, აქ მილიონობით ზღვის ვარსკვლავია, ნაპირი მთლიანად მოფენილია ზღვის ვარსკვლავებით. შენი მცდელობა, უშედეგოა!

ბიჭუნამ შემდეგი ზღვის ვარსკვლავი აიღო, წამიერად ჩაფიქრდა, შემდეგ ზღვაში გადააგდო და უპასუხა:

– არა, ჩემი მცდელობა ძალიან ბევრს შეცვლის, თუნდაც, აი, ამ ვარსკვლავისთვის.

* * *

ერთ ბიჭუნას ძალიან უყვარდა კეთილი და ჭკვიანური ზღაპრების კითხვა და ყველაფრის სჯეროდა, რაც იქ ეწერა. ამიტომ სასწაულებს ის ცხოვრებაშიც ეძებდა, მაგრამ მისი საყვარელი ზღაპრების მსგავსს ვერაფერს პოულობდა. საკუთარი ძიებებით იმედგაცრუებულმა, დედას ჰკითხა, სწორად იქცევა თუ არა, სასწაულების რომ სჯერა? ან იქნებ, ცხოვრებაში სასწაულები არ ხდება? „ჩემო ძვირფასო, – სიყვარულით მიუგო დედამ, – თუ შენ ეცდები, კეთილი და კარგი ბიჭი გაიზარდო, შენს ცხოვრებაში ყველა ზღაპარი ახდება. გახსოვდეს, სასწაულებს არ ეძებენ, – ისინი კეთილ ადამიანებთან თავად მიდიან“.

„კეთილისმოქმედი ღვთისაგან არის, ბოროტმოქმედს კი არ უხილავს ღმერთი“.

* * *

ერთი ფრიად კეთილმორწმუნე ერისკაცი ამბა პიმენთან მივიდა. ბერთან ამ დროს სხვა ძმებიც იყვნენ, ვისაც მისი საუბრის მოსმენა სურდა. ამბამ კეთილმსახურ ერისკაცს მიმართა: „გვითხარი რამე შესაგონებლად“: ერისკაცი უარზე იყო, მაგრამ ამბას ხათრი ვერ გაუტეხა და თქვა: „წმინდა წერილით საუბარი არ შემიძლია, მაგრამ ერთ იგავს გეტყვით. ერთმა კაცმა მეგობარს უთხრა: „ხელმწიფის ნახვა მსურს, წამოდი ჩემთან ერთად“. მეგობარმა უპასუხა: „ნახევარ გზაზე წამოვალ შენთან ერთად“. მეორე მეგობარს სთხოვა: „წამოდი, მიმაცილე ხელმწიფემდე“. მან უპასუხა „მეფის სასახლემდე გამოგყვები“. მესამე მეგობარსაც იგივე სთხოვა: „წამოდი ჩემთან ერთად, მეფესთან“:. „წავიდეთ, – უპასუხა მან, – მე მიგიყვან სასახლემდე, შეგიყვან შიგნით, მეფეს შენ შესახებ მოვახსენებ და მის წინაშე წარგადგენ“.

ძმებმა ჰკითხეს, რა იყო ამ იგავის აზრი. ერთმა კაცმა უპასუხა: „პირველი მეგობარი არის მოღვაწეობა, რომელსაც ჭეშმარიტ გზამდე მივყავართ; მეორე მეგობარი – სიწმინდეა, რომელიც ზეცას აღწევს; მესამე კი მოწყალება, რომელსაც კადნიერად პირდაპირ ხელმწიფესთან – უფალთან მივყავართ“.

ამგვარად, ძმებმა მიიღეს შეგონება და დაიშალნენ.

* * *

ორი ანგელოზი ერთმანეთის ქმედებას აკვირდებოდა. ერთი მათგანი ღრუბლებზე ისვენებდა, მეორე კი მიწიდან ზეცაში და უკან შეუჩერებლად დაფრინავდა.

მან, ვინც ღრუბლებზე ისვენებდა, მეორეს ჰკითხა:

– რად დაფრენ აქეთ-იქით?

– მე ღმერთთან გზავნილები მიმაქვს, რომელიც ასე იწყება: „ღმერთო, დამეხმარე...“. შენც მითხარი, რატომ ხარ ასე ხშირად უსაქმოდ?

– მე უფალს ის გზავნილები უნდა მივუტანო, რომელიც ასე იწყება: „მადლობელი ვარ, ღმერთო...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული