რელიგია

უფალი ჩვენს ტკივილებს ისევ ტკივილებით კურნავს

№14

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 25.04

რელიგია
დაკოპირებულია

ხშირად უფალი ჩვენზე სნეულებებისა და უძლურების სახით უშვებს განსაცდელებს და ამას იქმს გარკვეული მიზნით. ადრე ვერ ვხვდებოდი, ვერაფრით ამეხსნა, თუ რატომ სჭირდებოდა უფალს შეჭირვება ჩვენი, მაგრამ შემდეგ, თანდათან, ზოგი რამ ჩემთვისაც გახდა ცნობილი. ერთს უდავოდ მიმახვედრა უფალმა, რომ ეს ხდებოდა ჩვენი სიკეთისთვის, ჩვენი შეწევნისა და მფარველობისთვის. დიდად გამაოცა უფლის გონიერებამ. იგი საოცარ სიბრძნესა და სიფრთხილეს იჩენს ჩვენი გადარჩვენის საქმეში. უფალი ჩვენს ტკივილებს კურნავს ისევ ტკივილებით და ჩვენს დარდსა და მწუხარებას აყუჩებს ისევ დარდითა და მწუხარებით. ეს მე უფრო ღვთისმსახურებათა აღსრულებისას შევიგრძენი, რამაც დიდი გაკვირვება მომგვარა. აშკარად მივხვდი, რომ სნეულებითა და სხეულის უძლურებით, უფალი როგორ მარიდებდა სულის მწუხარებასა და ტკივილს, რაც ბევრად უფრო მძიმე დასათმენი იყო, ვიდრე ნებისმიერი ხორციელი სატკივარი თუ გასაჭირი. ამ დროს აშკარად მიგრძნია, სხეულის უძლურება როგორ მიქარწყლებდა სულის დარდსა და წუხილს, უფრო სწორად სნეულება აღარ მიტოვებდა იმის ძალასა და უნარს, რომ მე კვლავ განმეცადა სულის მტანჯველი დარდი და წუხილი ან, საერთოდ, მხსომებოდა ის.

ასეთ დროს სნეულება თუ სხეულის სისუსტე ისე შემომჭდომია ხოლმე გარს, როგორც გაუმტარი ჯავშანი და საფარველი, რათა სულის დარდსა და ტკივილს აღარ შეეღწია გულამდის, აღარ შეეძრა იგი აუტანელი მწუხარებით, აქამდე რომ მაწვალებდა და მისგან ვერ ვთავისუფლდებოდი. ხვდები, რომ ახლა შენი უძლურება მალამოდ ქცეულა სულის ჭრილობებისთვის, ამიტომ ხორციელ სნეულებასა და უძლურებას იღებ, როგორც საკურნებელ და დამცავ საშუალებას შენი სულისთვის. აშკარად გრძნობ, რომ სწორედ ამით გეხმარება უფალი, შენი ზეციური პატრონი და მკურნალი, რათა ადვილად დაითმინო და გადაიტანო სულის დარდი და ტკივილი.

ზოგჯერ კაცს რაღაც ისეთი სურვილი გიჩნდება ცხოვრებაში, რომელიც ლამის ვნებად იქცეს შენთვის, გინდა, თავი გაითავისუფლო მისგან, მაგრამ ვერაფერს ხდები. იგი უფლობს შენზე და მისი ტყვეობისგან ვერ დაგიღწევია თავი. რას არ ცდილობ, რა ღონესა და საშუალებას არ მიმართავ, რათა თავიდან მოიცილო ეს აკვიატებული სურვილი, მაგრამ ვერაფერს ხდები. ხშირად ვერც ისრულებ მას, რადგან ეს შენთვის ძალზე ძნელია ან მიუღებელი და ზიანის მომტანიც კი. და ვერც მისგან თავისუფლდები, ისევ იტანჯები, წვალობ და ვერაფერს ხდები. ხშირად ისე შემაწუხებელია ეს, რომ უფალსღა მიმართავ დახმარებისვის, რომ მოგარიდოს ეს აკვიატებული გულისთქმა, რომ ამ ვნებისგან გათავისუფლდე.

და როცა შენ სასოებით ელოდები ღვთისგან შეწევნას, იცი, რომ შენს ვედრებას კეთილად მოხედავს და ბოროტი ვნებისგან გამოგიხსნის, სწორედ მაშინ, შენდა გასაოცრად, სხვა განსაცდელი გატყდება თავს ან რაღაც ხორციელ სნეულებას შეეყრები და ეს უკანასკნელი თავისი სიმძიმითა და სადარდებლით, დაგავიწყებს შენს უწინდელ ახირებულ ვნებასა და სურვილს და არა მარტო მოგარიდებს მას, არამედ დაგარწმუნებს მის უაზრობასა და უგუნურებაში. და შენ აშკარად ხვდები, რომ ეს განსაცდელი თუ ხორცის სნეულებაც ღვთისგან იყო დაშვებული, რათა მას აეხილა შენთვის თვალი და დაგენახა ამაოება და უკეთურება შენი სურვილისა და მას შეგნებულად მორიდებოდი, მასზე შენი ნებით გეთქვა უარი. ასეთ დროს ხშირად შეგრცხვენია კიდეც საკუთარი თავის, თუ როგორ იყავი აქამდე უაზრო გატაცებითა და გულისთქმით შეპყრობილი და ამას უხერხულობის გარდა, გულწრფელი სინანულიც მოუგვრია.

რამდენი ასეთი გატაცებისა და გაწბილების მომსწრენი ვყოფილვართ ცხოვრებაში და ყოველთვის როგორი მადლიერება გაგვჩენია ღვთისადმი, როცა მას საოცარი გონიერებით, მცირეოდენი განსაცდელითა და სისუსტენით დაუნახვებია ჩვენი ვნება და შემცდარობა, შეგვშველებია მისგან გათავისუფლებაში.

როცა ყოველივე ამაზე ვფიქრობ, განკვირვება მეუფლება დიდი, როგორი მოწყალე და გონიერია უფალი. მას შეუძლია ჩვენი ბოროტისაგან გამოხსნა განსაცდელისა და სნეულების გარეშეც, მაგრამ მაშინ ჩვენ ღვთის ძალის მოქმედებას, ჩვენზე ღვთის საკვირველ შეწევნას ვერ ვიგრძნობდით და მას ვერც დავაფასებდით. ახლა კი, მცირეოდენი განსაცდელითა და ხორციელი სისუსტენით, უფალი გვარწმუნებს ჩვენი კაცობრიული სურვილების არასაიმედოობასა და უგუნურობაში და გვეხმარება, რათა ჩვენი ნებით, ჩვენი შეგნებით ბოროტ სურვილებზე ვთქვათ უარი და მადლიერება გამოვხატოთ უფალი ღმერთისადმი. მისი დიდი კაცთმოყვარებისა და უსაზღვრო მოწყალებისთვის.

მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა