რწმენის ძალა და ურწმუნოების უსაფუძვლობა
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 25.08

გვალვიანი ზაფხული იდგა და ერთი პატარა სოფლის მცხოვრებლებს მოსავლის ბედი აწუხებდათ. ერთ კვირა დღეს თავიანთი ტაძრის მღვდელს მიმართეს რჩევისთვის:
– მამაო, რამე უნდა მოვიმოქმედოთ, თორემ მოსავალი გაგვიჩანაგდება.
– თქვენ მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენით ლოცვა გევალებათ, დანარჩენს ღმერთი მოაწყობს. ლოცვა, რწმენის გარეშე ლოცვა არ არის. ის გულიდან უნდა ამოდიოდეს, – უპასუხა მღვდელმა, – ილოცეთ და შემდეგ კვირას ვნახოთ თქვენი ლოცვის შედეგი.
მთელი მომდევნო შვიდეულის განმავლობაში თანასოფლელები დღეში ორჯერ იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ, რათა ღმერთს მათთვის წვიმა მოევლინა. კვირას ისინი მღვდელთან მივიდნენ.
– არაფერი გამოდის, მამაო. ყოველდღე ვიკრიბებოდით და ვლოცულობდით, წვიმა კი აი, შენც ხედავ, არა და არ მოდის.
– თქვენ ნამდვილად რწმენით ლოცულობდით? – ჰკითხა მღვდელმა.
მათ დარწმუნება დაუწყეს, რომ ნამდვილად რწმენითა და ღვთის იმედით ლოცულობდნენ.
– არ მჯერა! – უთხრა მღვდელმა, – თქვენ რწმენის გარეშე ლოცულობდით, რადგან არც ერთ თქვენგანს, როცა დღეს აქ მოდიოდით, თან ქოლგა არ წამოუღია.
* * *
ერთხელ ბრძენთან ათეისტი მივიდა და დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ღმერთი არ სწამს. მას უბრალოდ, არ შეეძლო დაეჯერებინა „ვიღაც შემოქმედის“ არსებობა, რომელმაც სამყარო შექმნა.
ორიოდე დღის შემდეგ ბრძენი თავად ეწვია ათეისტს საპასუხო ვიზიტით, თან, ფრიად მშვენიერი ნახატი მიიტანა. ათეისტი გაოგნებული დარჩა: მსგავსი სრულყოფილი ფერწერული ტილო მას აქამდე არ ენახა!
– რა თვალწარმტაცი ფერწერაა. მითხარით, ვინ დახატა, ვინ არის ავტორი?
– როგორ ვინ? არავინ. იდო თავისთვის სუფთა ტილო, იქვე – თარო საღებავებით. შემთხვევით საღებავები გადმოიყარა, დაიღვარა და აი, თქვენ შედეგი.
– რატომ ხუმრობთ? – გაეცინა ათეისტს, – ეს ხომ შეუძლებელია: უმშვენიერესი ნამუშევარია, ზუსტი ხაზები, ფერებისა და ჩრდილების გასაოცარი შეხამება. ყოველივე იმ სამშვენიერის უკან ღრმა ჩანაფიქრი იგრძნობა. ავტორის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ასეთი შედევრის შექმნა!
ბრძენმა გაიღიმა და უთხრა:
– თქვენ არ შეგიძლიათ, დაიჯეროთ, რომ ეს პატარა სურათი შემთხვევით შეიქმნა, შემქმნელის წინასწარი ჩანაფიქრის გარეშე, მაგრამ, ამავე დროს გჯერათ, რომ ეს მშვენიერი სამყარო – თავისი ტყეებითა და მთებით, მდინარეებითა და მინდვრებით, წლის სხვადასხვა დროით, საოცარი აისითა და დაისით, მზიანი დღეებითა და წყნარი, მთვარიანი ღამეებით – ბრმა შემთხვევის წყალობით, შემოქმედის წინასწარი განზრახვის გარეშე წარმოიქმნა?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...