რელიგია

რომელი ტაძარი შეეწევა უშვილოებს და რა ძალა აქვს იქ დაბრძანებულ მამა გაბრიელის სარტყელს

№38

ავტორი: ანუკა თავდიშვილი 16:22 26.09

წმიდა გაბრიელ
აღმსარებელი სალოსის
სახელობის ეკლესია
დაკოპირებულია

სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბაკურიანიდან ათი წუთის სავალზე, მწვანეში ჩაფლული ულამაზესი, პატარა სოფელი ციხისჯვარი მდებარეობს. აქ თუ მოხვდებით, აუცილებლად უნდა მოილოცოთ წმიდა გაბრიელ აღმსარებელი სალოსის სახელობის ეკლესია, რომელიც ოცდამეერთე საუკუნის ბაზილიკაა. ეს ტაძარი 2012 წელს მიტროპოლიტ სერაფიმეს ლოცვა-კურთხევით აიგო და ერთ წელიწადში იკურთხა. აქ თავიდან მამათა მონასტერი იყო, შემდეგ, როდესაც აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამობრძანდა, დედათა მონასტრად აკურთხეს. 2016 წელს აქვე აიგო აწყურის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მცირე ზომის ეკლესია.

ყველასთვის საყვარელი წმიდანის, მამა გაბრიელის სახელობის ტაძრით ბოლო დროს ძალიან დაინტერესდნენ მორწმუნეები, რადგან სწორედ ამ ტაძარში ინახება წმიდა გაბრიელის სიწმიდეები, რომლებიც სასწაულებს ახდენენ. კერძოდ, ტაძარში დაბრძანებულია წმიდა გაბრიელის მირონმდინარე ხატი, რომელშიც ჩაყოლებულია წმიდა ნაწილი. აქვე, ლუსკუმაში დევს მამა გაბრიელის ნაქონი ანაფორა, ოლარი და სარტყელი (ქამარი), რომელიც მრავალ სასწაულს ახდენს. ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ გაბრიელის განმარტებით, ეს სიწმიდეები ტაძარს მამა გაბრიელის დამ და დედა პარასკევამ გადასცეს. აქვე ინახება ხის ჯვარი. ის ტაძარს მადლიერების ნიშნად შესწირა მამაკაცმა, რომელსაც შვიდი წლის განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდა და წმიდა გაბრიელის სარტყლის გაკეთების შემდეგ მიეცა ნანატრი შვილი. მონასტერში, ასევე, არის კელია, სადაც მამა გაბრიელის სხვა ნივთებიც ინახება, რომლებიც წინათ მამა გაბრიელს მცხეთის სამთავროს მონასტერში ჰქონდა.

განსაკუთრებული რწმენითა და სასოებით მორწმუნეები მამა გაბრიელის სარტყელს მიეახლებიან. კითხულობენ სპეციალურ ლოცვას, სარტყელს წელზე შემოირტყამენ და მამა გაბრიელს სანუკვარი სურვილის ასრულებას ევედრებიან, შემწეობას სთხოვენ მას.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ეს ტაძარი განსაკუთრებით უშვილოთა მფარველი და შემწეა. მამა გაბრიელის ტაძარში მოლოცვის შემდეგ ათეულობით ბავშვი დაიბადა. შვილი მიეცა ერთ სასულიერო პირსაც. ბევრი განიკურნა სიმსივნისგან და სხვა დაავადებებისგან. აქ მოიყვანეს ბავშვი, რომელიც ვერ მეტყველებდა, წაუკითხეს წმიდა გაბრიელის ლოცვა, უსვამდნენ მამა გაბრიელის ზეთს (რომლის შეძენაც ტაძარშია შესაძლებელი) და მომდევნო წელს რომ ტაძარში ისევ მოიყვანეს, უკვე მეტყველებდა. ერთმა ბავშვმა, რომელიც ვერ დადიოდა და ექიმების პროგნოზით, ვერც გაივლიდა, ტაძრის მოლოცვის შემდეგ გაიარა.

ვინც რწმენით მოდის და შესთხოვს წმიდა გაბრიელს, ის შეისმენს და შეეწევა, ვისაც არ სწამს, იმასაც შეეწევა, რომ რწმენაში მოაქციოს. მამა გაბრიელი იმითაც გამოირჩევა, რომ დიდი რწმენის არმქონე ადამიანებიც იღებენ მისგან კურნებას. ასე იყო მის საფლავზეც – სხვა სარწმუნოების ადამიანებიც კი იღებდნენ შეწევნას.

როგორც ადგილობრივები იხსენებენ, ამ ტაძრის ტერიტორიაზე თავის სიცოცხლეში მართლაც დადიოდა მამა გაბრიელი, კვერთხით ხელში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა