რელიგია

როგორ უნდა გავიგოთ მაცხოვრის შეგონება, რომ, თუ მარჯვენა ლოყაში გაგარტყამენ, მარცხენა უნდა მიუშვირო

№51

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 30.12, 2021 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

მიჩნეულია, რომ ქრისტიანმა ყველას ყველაფერი უნდა აპატიოს, თუ ერთ ლოყაში გაარტყამენ, მეორე უნდა მიუშვიროს, პასუხი არავის გასცეს და რაც უნდა დიდი შეურაცხყოფა მიაყენონ, მადლიერებით უნდა მიიღოს. რაც მთავარია, ამისკენ მათ, ძირითადად, ისინი მოუწოდებენ, ვისაც რწმენა სასაცილოდ მიაჩნია. როგორ უნდა გავიგოთ სახარებისეული შეგონება, რომ, თუ მარჯვენა ლოყაში გაგვარყამენ, მარცხენა უნდა მივუშვიროთ? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– მართლაც, ასეთი პასიურები უნდა ვიყოთ, თუ შეურაცხყოფას გვაყენებენ და თვითგვემამდე მივიდეთ?

– ეს ურთულესი ადგილია სახარებაში და არც თუ იოლად გასაგები; მეორე – ვიცით, რომ სახარების ტექსტი, ქრისტეს მოძღვრება, თუნდაც, თორა, ხუთწიგნეული პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. არც ერთი არ დაწერილა, როგორც საბოლოო ფორმულა, რომელსაც უნდა მივყვეთ, არამედ კონცენტრატია, რაც ყველა ადამიანის მიერ გაიგება იმ საზომით, რა საზომის დატევაც ადამიანს შეუძლია. პავლე მოციქული წერს, უძლური მწვანილეულს ჭამს, ძლიერი – ყველაფერს, უძლური ნუ განიკითხავს ძლიერს, ხოლო ძლიერი ნუ დასცინის უძლურს, ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცეო. ანუ ჭამა და სმა კი არ არის მთავარი, არამედ ის, თუ რა მიზანი აქვს ამ მოქმედებას. ყველა ეპოქის ადამიანი, თავისი განვითარების მიხედვით, სხვადასხვანაირად იტევს ამ ფორმულას და ჩვენ არც კი უნდა ვიდავოთ. ზრდის, განვითარების შედეგად ვაღწევთ გააზრების სხვადასხვა დონეს და არც ისაა უნივერსალური, რასაც მივაღწევთ. ამიტომ არც მე და არც არავის შეუძლია, თქვას დაბეჯითებით, რომ ეს ასეა ან ისე. ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც გვესმის და ვერ ვიტყვით, რომ აი, გაგვიცხადდა ჭეშმარიტება. რა დონეზეც გესმის, ისე უნდა იცხოვრო. მეც ხშირად მიფიქრია და ბევრი კომენტარიც წამიკითხავს მეორე ლოყის მიშვერაზე, უამრავნაირი მიდგომა და ახსნაა. მაგალითად, კომუნისტები ქრისტიანობის უარსაყოფად, რომ ქრისტიანობა ლაჩრობის რელიგიაა, პირველ არგუმენტად სწორედ ამას ასახელებდნენ: ნახე, რას ამბობ შენი ქრისტე, ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ, მეორე შეუშვირე, ასე, ხომ, ბოროტება აღზევდებაო?! ამით ამართლებდნენ რევოლუციას, მემამულეებისთვის ყველაფრის წართმევას: ჩვენ მათ წაგვართვეს და ახლა ჩვენ მათ უნდა წავართვათო.

– თუმცა, მეორე უკიდურესობასაც ვხედავთ, ქრისტიანობის დასაცავად ისეთი ძალადობრივი მოწოდებები მომისმენია და მოქმედება მინახავს, არაფრით რომ არ ჩამოუვარდება ოპონენტებისას.

– სასულიერო პირებისგან მომისმენია, ლოყაში თუ გამარტყამს, ისეთს ვდრუზავ, კბილებს ჩამოვუმსხვრევო და გაუკეთებიათ კიდეც... თუ სიღრმისეულად, სულიერად შევხედავთ მეორე ლოყის შეშვერის შეგონებას, პირდაპირ რომ არ გაიგება, იმითაც ჩანს, რომ იესო სხვაგან ამბობს: უკეთუ თვალი შენი გაცდუნებს, ამოიღე და განაგდე შენგან, ვინაიდან ჯობია, ცალი თვალით შეხვიდე ცათა სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალით დაიღუპოო. ანუ რა გამოდის, თვალი უნდა ამოვითხაროთ და ხელი მოვიჭრათ, პირდაპირი მნიშვნელობით?! ამას გარდა, აბა, გავიხსენოთ, როგორ წერია – ვინც მარჯვენა ლოყაზე გაგარტყასო. რომ მოინდომო ადამიანისთვის მარჯვენა ლოყაში გარტყმა, რომელი ხელით დაარტყამ?!

– გაშლილი მარჯვენა ხელით გამორიცხულია, მარცხენით, თუ მაინცდამაინც.

– ან ხელუკუღმა მარჯვენა ხელით. ეს ნორმალურია?! მარჯვენა ხელი რომ გავარტყა ადამიანს მარჯვენა ლოყაში, ცაცია უნდა ვიყო, რაც აბსურდია. მეორე: შეიძლება, რომ ადამიანთან აბსოლუტურად მართალი იყო და მან დაგარტყას მარჯვენა ლოყაში?! თუ ასე მოხდა, ესე იგი, გიჟია. შესაბამისად, თუ ნორმალური ადამიანი ხარ, შენს აგრესიულ რეაქციას წინ უნდა უსწრებდეს განსჯა. რომც გაგარტყას მარჯვენა ლოყაში დაუმსახურებლად, მარცხენა ლოყის შეშვერა ნიშნავს, რომ ვაცლი, ვაძლევ საშუალებას, დაფიქრდეს. თუ გიჟი არ არის, შეიძლება, რომ ამის შემდეგ მარცხენა ლოყაშიც გამარტყას?! არა – ესეც აბსურდია. ანუ ჩემი დუმილით, ჩემი აგრესიის არჩვენებით, გონს მომყავს. ცნობიერ ნაწილს ვაჩვენებ და ამით ვანეიტრალებ მის აგრესიას, რაკი აგრესიას აგრესიით არ ვპასუხობ. ამავე მოსაზრებას ამყარებს მაცხოვრის სიტყვები: უკეთუ მტერი შენი მშიერია, დააპურე, ამით შენ ნაღვერდლებს აგროვებ მის თავზეო. რას ნიშნავს „ნაღვერდლების დაგროვება“?! ამით შენ მასში წვავ ბოროტს და ის ადამიანი პატიების თხოვნით დაემხობა შენ წინაშე. ამის ბევრი მაგალითია და, ბოლოს და ბოლოს, იესოს ძლევამოსილებაც ეს არ არის?! ბოროტებას ბოროტებით არ პასუხობს; აგრესიას აგრესიით არ პასუხობს. ის ადამიანი, რომელიც ლოყაში გირტყამს უსამართლოდ, მოტყუებულია, გაბოროტებულია არასწორი აღქმით, ცოდნით და მე თუ იმავენაირად ვუპასუხებ, ამით ბოროტებას ვაძლიერებ და იმ ადამიანსაც ვაძლიერებ ბოროტებაში, იმიტომ რომ ბოროტებას კვებავს უმეცრება. ბოროტებას, ხომ, თავის თავში არსებობა არ აქვს?! ამდენად, როდესაც მე მეორე ლოყას მივუშვერ, ეს ნიშნავს, რომ აგრესიით არ ვპასუხობ აგრესიას, ვანეიტრალებ ბოროტ საწყისს, ვათავისუფლებ ადამიანს ბოროტის მძლავრობისგან, რის ტყვეობაშიც ის იმყოფება და გონს მომყავს. ქრისტიანის მიზანი შურისძიება არ უნდა იყოს: ბოროტს ბოროტებით ვერ აღმოფხვრი. ქრისტიანი ხედავს, რომ ადამიანი გაბოროტებულია, ქრისტიანმა იცის, რომ ადამიანის ბუნება ბოროტი არ არის, უბრალოდ, გაბოროტებული ადამიანის ქცევას უმეცრება უდევს საფუძვლად და, როდესაც მე ეს ვიცი, ჩემი თვითმიზანი არ არის მასთან ბოროტებით დაპირისპირება, იმიტომ რომ ამით ბოროტს გავაძლიერებ. აგრესიას თუ წინააღმდეგობა არ ხვდება, ჩერდება, თუ წინააღმდეგობა ხვდება, ძლიერდება და კედელსაც კი გაანგრევს. ამიტომაც ამბობს რუსთაველი: „გაჰკვეთს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა“. ურო რომ მთელი ძალით დაარტყა კაუჩუკის ბურთს, რამე დააკლდება?! არაფერი! დავუშვათ, რკინის ბადეს მთელი ძალით ვესროლე ბურთი, რა ხდება? ბურთი იქვე ჩამოვარდება, იმიტომ რომ ბადე ჩაიწევა, ვინაიდან ბადეს აქვს ჩაწევის უნარი. ამდენად, ვისაც დატევის უნარი აქვს, მისკენ წამოსულ აგრესიას ახვედრებს ლოყას და მეორე ადამიანი იცლება აგრესიისგან. თუკი შენ წინაშე აღვიმართებოდი და არ დავიტევდი შენგან წამოსულ აგრესის, ათმაგად დაგიბრუნდებოდა შენც და ორივეს დაგვანგრევდა. სხვათა შორის, ყველა მკვლელობის საფუძველიც ესაა: ორი ეგო ხვდება ერთმანეთს და არც ერთი უკან არ იხევს. ადამიანს ჰგონია, თუ წააგებს სიტყვით ან მოქმედებით, უკვე მკვდარია და იმიტომ კლავს მეორეს, რომ გადაარჩინოს თავისი ეგო. სამწუხაროდ, ბევრ ამბიციურ ადამიანსაც იგივე ემართება: ამბიციის გამო აკლავს თავს, კლავს სხვასაც და შემდეგ მთელი ცხოვრება ატარებს ციხეში, თუმცა ციხეც იმის საშუალებაა, რომ ადამიანი განიკურნოს საკუთარი ეგოსგან. ანუ ქრისტეს ეს შეგონება არ არის ლაჩრობით გამოწვეული: თუ შიშით მიუშვერ მეორე ლოყას, წააგებ, ეს გააზრებული ქმედებაა, რის მიზანიც მეორე ადამიანის გამოფხიზლება, გამოხსნაა ბოროტის ტყვეობიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...