როგორ უნდა განვასხვაოთ განკითხვა და მხილება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
ის, რომ ადამიანებს ერთმანეთის კრიტიკა გვიყვარს, სამყაროსავით ძველი ჭეშმარიტებაა. მეორე მხრივ, ვიცით, რომ განკითხვა არ არის ღვთისთვის სათნო საქციელი, მაგრამ გამოსავალი აქაც გვაქვს ნაპოვნი: სამართლიან განკითხვას (ბუნებრივია, ჩვენი აზრით, სამართლიანს, რაც სიმართლის ობიექტურ საზომად ნამდვილად ვერ ჩაითვლება) მხილებას ვუწოდებთ. მეტიც, დარწმუნებულები ვართ, რომ მხილება ჩვენი მოვალეობაა და ამიტომ გულდამშვიდებულები ვამხელთ, ჩვენი აზრით, სამხელებს. განკითხვასა და მხილებაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან განკითხვა და მხილება?
– განკითხვა და მხილება ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ განკითხვა აკრძალულია, მხილება – აუცილებელი. რატომ?! მხილება არ არის მდგომარეობა – აი, მე შენ გამხელ! ორი წლის საბა გვყავდა და რომ ვუთხარით, ლექსი თქვი, საბაო, გაიმეორა – ლექსი. ანუ რა ამხელს?! ნათელი ამხელს და თუ შენ ნათელი არ ხარ და თუ შინაგანად სიცხადე და სინათლე არ გაქვს, რაც უნდა მიმითითო, მე შენ გიყურებ და ამიტომ არ დაგიჯერებ, იმიტომ რომ შენი სიტყვები სანდო არ არის. ოღონდ, თუ შენი სიტყვა, საქმე, ფიქრი ერთია და ლაპარაკობ, უკვე მამხელ მე შენ. უკვე სინათლე ხარ და მე ორი ვარიანტი მაქვს: ან გავიქცე, ანუ ვერ გავუძლო ამ ნათელს, ან მოვიდე და მადლობა გადაგიხადო, რითიც ეს სინათლე გადმომედება. აი, რა ცეცხლი სჭირდება მხილებას და არა ის, რომ გამოვდგე და ვილანძღო, რომ, თურმე, რა ხდება ეკლესიაში. ყოველთვის ასე ხდებოდა, ახალია რამე?! მაგრამ ასე შორს ვერ წახვალ, პასუხისმგებლობა უნდა აიღო: იყავი ნათელი შენ! მამებს აქვთ ასეთი გამოთქმა: ბოროტების წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღი არის, როდესაც შენ არ აკეთებ იმას, რაშიც სხვას ადანაშაულებ. ასეთი ადამიანები რომ მომრავლდებიან, უკვე გვიშველის ქრისტიანობის მოდელი, კონცეფცია და არეოპაგიტიკური ტექსტები, ჩვენი იოანე პეტრიწი, რაც რუსთაველმა დააგვირგვინა, რომ ბოროტებას არსი არ აქვს.
ბოროტება შენი გამოწვევაა: თუ შენ გარშემო ბოროტებაა, პასუხისმგებლობა შენ უნდა აიღო, ვისაც პრეტენზია გაქვს, რომ ნათლის შვილი ხარ. ბოროტება სინათლის ნაკლებობაა, სიკეთის ნაკლებობაა. ახლა შუქი რომ არ იყოს და სიბნელე ჩამოწვეს, რაც უნდა ვაგინო ბნელსა და სიცივეს, არც სიბნელე განათდება და არც დათბება. ამიტომ რა უნდა გავაკეთო?! ბუხარი უნდა დავანთო, შუქი უნდა შემოვიტანო და აღმოჩნდება, რომ სიბნელე ყოფილა სინათლის ნაკლებობა. ესე იგი, რა არის პრობლემა?! ბოროტება, ანუ სიბნელე, პასიურია და ამიტომ არსებობს ძლიერი, სიკეთე კი უნდა იყოს აქტიური: თუ არ იაქტიურებ, სიბნელე დაისადგურებს, სიცივე დაისადგურებს. თუ შეშას არ შეუკეთებ ბუხარს, ჩაქრება: ვერც გაათბობს და ვერც გაანათებს. სიცოცხლეს მუდმივად უნდა პროვოცირება. აქტიურობით ინარჩუნებ სინათლესა და სითბოს. ასე რომ, სიბნელე და ბოროტება გვიწვევს სინათლის შვილებს, რომ არ უნდა მოვითმინოთ... ოღონდ არ უნდა იჩხუბო, ჩხუბი შედეგს არ მოიტანს. აგინე, რამდენიც გინდა – რამე შეიცვლება გინებით?!
და რას ნიშნავს, რომ პროვოცირებას გვიკეთებს სიბნელე და ბოროტება?! სიბნელე ხომ სინათლის ნაკლებობაა? ესე იგი, თუ ჩემ გარშემო ბნელა და ბოროტებაა, მაშინ მე სად ვარ? მე ვინ ვარ?! ან უარი უნდა ვთქვა სიკეთისა და სინათლის არსებობაზე, ან, თუკი ვიტყვი, რომ არსებობს სინათლე და სიკეთე, გამოდის, რომ მე ვიღებ პასუხისმგებლობას, მე უნდა მოვუმატო ჩემი სიკეთის მუხტს და უნდა შეიქმნას გუნდი, რომ ბოროტება და სიბნელე სიკეთემ და სინათლემ ამოავსოს. სხვა გზა არ არსებობს: ყველა გზა გავლილია. რა შედეგი მივიღეთ ბოლო 30 წელია?! არადა, რაც ჩვენ ქუჩაში ვმდგარვართ... არ ვამბობ, რომ პაციფისტი ვარ ან არსებულ პოლიტიკურ სისტემას ვიცავ. გადი, თუ გინდა, ქუჩაში, არავინ გიშლის. მე ვამბობ, რომ სხვა გზა არის გამოსანახი.
სიკეთის პათოსს, გაბედულებას რა გვაძლევს გედეონივით?! ის, რომ სიკეთე არსებულია. ბოროტსა სძლია კეთილმანო და რა არის ძლევა?! სიბნელეს ეუბნები, გადი, საძაგელოო?! სიკეთის ფუძე კეთებაა, ხოლო ქართულად ბოროტის ერთ-ერთი ეპითეტია უკეთური. ესე იგი, ამბობ და არ აკეთებ. ხოლო სიკეთე რა არის? კეთება; კეთება რა არის? აქტიურობა და ვინ აქტიურობს? აქტიურობს ნათელი ჩემში. ვამატებ ტემპერატურას, მატერიალიზებას ვუკეთებ სიკეთის ნამცეცებს, ვაგროვებ. ესე იგი, ნათქვამის მატერიალიზაცია უნდა მოხდეს. სიკეთე ის კი არ არის, რომ ვილაპარაკო ან თავი მოვიწონო, თუნდაც, წინაპრებით ან ვთქვა, კარგად იქნება ყველაფერი. არა – აკეთებ ახორციელებ იქ, სადაც ხარ. შეიძლება, სახლში იყო; შეიძლება, სწავლობდე; შეიძლება, სამსახურში იყო, ოღონდ უკეთური ნუ იქნები, ანუ არ უნდა დაარღვიო შენი შინაგანი კოდექსი და ასე რომ გავაკეთებ, ნელ-ნელა ბოროტებისთვის ადგილი არ დარჩება. აი, ეს არის ქრისტეს გზა – საკუთარ თავზე ჯვარცმით აღდგომა. შემდეგ ეს სიკეთე ვრცელდება და ყველასა და ყველაფერს მოედება. რომის იმპერია სწორედ ამ ანთებულმა ადამიანებმა დაშალეს: მათ არც იარაღი ეჭირათ ხელში და არც არაფერი, მხოლოდ ქრისტეს ნათლით იყვნენ შემოსილები. ხოლო იესო ქრისტე გუშინ, დღეს და ხვალ იგივეა: ჩვენთან არის, აქ არის. აგერაა ხმალი, ოღონდ ვინ მოჰკიდებს მას ხელს?! ვინ არის გედეონივით მოშურნე?! აი, ეს ჰკითხეთ თქვენს თავს. წერია, ღმერთი ამბობს, ვეძებდი კაცს, რომელიც ჩემს ერს დაიცავდა ბოროტისგან და ვერ ვიპოვეო და აგერ ვარ, უფალო, მე გამაგზავნეო, ეუბნება ესაია.
უნდა გაბედო... და გაბედული არ არის ფანატიკოსი. გაბედვა შიშის დაძლევაა: გადამატარე ბედის სამძღვარიო. ყოველ ჯერზე, რაც ბუნებამ და დასაზღვრულობამ დაგიწესა, ერთი ბიჯით გადაბიჯებაა გაბედვა, რომ საზღვრები გადაწიო სიყვარულით, სინათლით, ერთობით, გამთლიანებით, სხვაზე შენი ცეცხლის გადადებით. აი, საიდან ვიწყებ და ეს არის ღმერთი. ამ დროს უკვე ქრისტეს პრინციპს ახორციელებ, მას კი ვერაფერი დაიჭერს, ისევე, როგორც გაზაფხულს ვერ დაიჭერს ვერაფერი. აბა, მიდი და გააჩერე?!
„ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი
გამაგონე ჩემს მამულში“...
ილია, რა, ფიზიკურ გაზაფხულს ნატრობდა რომ ძვლები გათბობოდა?!
მე საბჭოთა ეპოქაში ვარ გაზრდილი: არ ვიცოდი, ვინ იყო ღმერთი, ვინ იყო ქრისტე, ათეიზმის კათედრაზე ვსწავლობდი, მაგრამ, აბა, გაიხსენე იმდროინდელი ფილმები და სიმღერები?!
„მეგობრის თვალებში, მეგობრის
უბეში,
იქ ჰპოვე სითბო და ნუგეში“,
ეს არ არის ქრისტიანობა?! ქრისტემ არ თქვა, მოყვასი გიყვარდესო?! კომუნისტების დროს ტაძრებისა და სასულიერო პირების სიმრავლე არ იყო, მაგრამ ასეთი პათოსი იყო. ახლა სულიერებაში წინ ვართ წაწეულები, მაგრამ ცხოვრების ურთიერთობებში მოვიკოჭლებთ და სწორედ ეს უნდა გავიცოცხლოთ. თან, შორს კი არ უნდა წავიდეთ – კერაა გასაქექი. გასახსენებელი გვაქვს, მცირე ბიძგი გვჭირდება და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი აფეთქდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


