როდის შეუძლია სუსტსა და მცირეს ნებისმიერი სიძლიერის მტრის დამარცხება
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
ქრისტიანის მთავარი იარაღი რწმენაა და უფლის მინდობა, ვინც თავად ადამიანზე უკეთ იცის, თუ რა სჭირდება ადამიანს და რა არის მისთვის უკეთესი. ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ხანდახან და არც თუ იშვიათად რჩება შთაბეჭდილება, რომ ღმერთი არ მოდის საშველად, ადამიანს კი უამრავი განსაცდელი ატყდება თავს. იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ასე და როგორ შეუძლია ადამიანს, რაოდენ სუსტიც უნდა იყოს, მათთან გამკლავება და ღმერთის დახმარების მიღება, ამის შესახებ დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– თუ ღმერთი ყოველთვის ადამიანის გვერდითაა, რატომ ჩანს ისე, რომ ის ყოველთვის არ ეხმარება ადამიანს?
– ცოტა შორიდან დავიწყებ: ვიცით, რომ ბიბლიური სიუჟეტები არ არის მხოლოდ ისტორიები. ეს არის უნივერსალური პრინციპები და ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამის შესახებ. ქრისტე უნივერსალური პრინციპია. მართალია, ერთი მხრივ, ის ისტორიული პიროვნებაა, მაგრამ იმიტომაც არ დარჩა ისტორიაში, რომ, როდესაც იმავე პრინციპით იცხოვრებ, შენც ქრისტე ხარ უკვე. აი, ასეთი ცოცხალი მაგალითით ვიღებთ ამ უნარს და ამით ვცხოვრობთ. კიდევ ერთხელ გავიხსენებ გედეონის ისტორიას, რომელიც „ბიბლიის“ „მსაჯულთა წიგნშია“ აღწერილი. ვიცით, რომ იმხანად ისრაელი გაპარტახებული იყო, იმიტომ რომ გადავიდა ღვთის რჯულს და სასჯელად მიიღო ის, რომ მტრები – მადიანელები შემოესივნენ. წერია, რომ გედეონი ხორბალს ინახავდა საწნახელში, იმიტომ რომ მტერს ხორბალი მიჰქონდა, ღვინო კი – არა. ეს სიმბოლოა. პური ნიშნავს, რომ სიცოცხლე და ჭეშმარიტება მის ხელშია, მაგრამ მარტოა და ვაჟკაცია, ახალგაზრდაა. მასთან მიდის ღვთის ანგელოზი, ადამიანის სახით. გედეონი ვერ ცნობს, ადამიანი ჰგონია. ის ეუბნება, უფალი შენთან არის, მაგარო ვაჟკაცო. გედეონი კი უფალს ამუნათებს, უფალი რომ ჩვენთან იყოს, სად არის ის სასწაულები, ეგვიპტიდან რომ გამოგვიყვანა, მტრები რომ მარცხდებოდნენ, ისრაელს რომ დიდება მისცა, დაგვტოვაო დღეს უფალმა. გედეონი ნაწყენია და უფალს ედავება, მაგრამ უფლის ანგელოზი მას ეუბნება, წადი და ამ შენი ძალით სძლიე მტერსო. გედეონი გაკვირვებულია, როგორ უნდა ვძლიოო. რა ძალა ნახა გედეონში ღმერთმა, რაკი უთხრა, წადი და სძლიე მტერსო?! მოშურნეობა, გულმოცემა, ბრაზი. ესე იგი, თუ გაქვთ ეს ცეცხლი, ჩათვალე, რომ ღმერთი შენ გვერდითაა. რა თქმა უნდა. ღმერთი ყოველთვის აქ არის, მაგრამ მას სჭირდება ის, ვინც საომრად წავა. უამრავ ადგილას წერია „ბიბლიაში“ ეს სიტყვები: ვინ ვნახო, ვინ ვიპოვო, რომ ჩემი ერი აღადგინოს?!
არანაირი რეფორმები, არანაირი პოლიტიკური გამოსვლები არ შეცვლის ვითარებას, სანამ გედეონს საკუთარ თავში არ აღმოაჩენ. „ბიბლიაში“ ერთი ადგილია, როდესაც იერემია შესჩივის, უფალო, რატომ ხარ ჩვენს ქვეყანაში უცხოსავით; რატომ ხარ გმირივით, რომელსაც შველა არ შეუძლია; რატომ ხარ გამვლელივით, რომელიც გაივლის და არც უყურებს, რა ხდება. აი, რა არის ის, რითიც შეგიძლია, მოიზიდო ის ძალა, რაც წინაპრებს ჰქონდათ. რატომ ვიყურებით მხოლოდ წარსულში?! ვკითხოთ, რა არის, უფალო, რომ გვიყვებიან დავით აღმაშენებელზე, თამარ მეფეზე, შოთა რუსთაველზე, ეს მარტო სამუზეუმო ექსპონატებია?! ის, რაც იყო და გაქრა?! ყველგან მესმის, რომ ცოცხალი ღმერთი ხარ, რომ იესო ქრისტე მოკვდა და აღდგა, რომ ეკლესია ღვთის სხეულია, მაშინ რატომ არ მუშაობს ეს დღეს?! რატომ არის ყველაფერი წარსულში ან ყველაფერი მარტო მომავალში გვექნება?! არ დადგა აწმყო?! კიდევ ველოდოთ?! გედეონობა ყველაზე ძლიერი მდგომარეობაა, რომელსაც უფალი სანთელივით ეძებს. უფალი ეძებს სულს, რომელიც არის მოშურნე. არ მაქვს ძალა, მტერი ძლიერია, რა ვქნა მე, როდესაც ყველაზე მცირე ვარ და უღონო, მაგრამ. სამაგიეროდ, მოშურნეობა მაქვს, იმიტომ რომ პასუხს ვითხოვ. ეს პასუხი ღმერთმა იცის, ოღონდ კითხვა შენ უნდა დასვა. ვხედავთ დღეს ასეთ მოშურნეობას?! გედეონმა სამასი კაცით სამასიათასიანი ჯარი დაამარცხა. გადავიტანოთ ეს ამბავი სულიერში: გედეონმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ ღმერთმა ცნობიერება მისცა. მტერი არის უგუნურება, მას ძალა არ აქვს და, თუ ჩვენ დღეს მტერი გვერევა და ასეთი არეული ქვეყანა გვაქვს, ესე იგი, უგუნურები ვართ. თორემ, ამ სამოთხის მსგავს ქვეყანაში, როგორ შეიძლება, ისეთი პრობლემები გვქონდეს, რაც დღესაა?! არავის ვაკრიტიკებ, არც მთავრობას და არც ეკლესიას, ვინაიდან ეს ქვეყანა ჩვენია და, მოდი, ვთქვათ, ვცხოვრობთ კი ქრისტიანული პრინციპებით?! სიყვარული ნომერი პირველი მოდელია ჩვენს ურთიერთობებში?! რატომ უნდა გიქადაგოს ეს მღვდელმა, ეკლესიამ ან პოლიტიკურმა პარტიამ?! დავიჯერო, ეს ვინმემ უნდა გვასწავლოს?!
არა მხოლოდ რწმენა, თანამედროვე მეცნიერება, ფსიქოლოგია, კვანტური ფიზიკა გეუბნება, რომ შენ არ ხარ პასიური დამკვირვებელი; რომ გაქვავებული, ობიექტური სამყარო არც არსებობს; არაფერია გამყარებული, ანუ ძალა არაფერს მიანიჭოო. ნუ გგონია, რომ პოლიტიკური თუ ნებისმიერი სისტემები, რაც არსებობს, მუდმივად ერთი სახიაა. იესო პიროვნებაა და პიროვნების ძალა უპირისპირდება გოლიათს. ანუ უგუნურება, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, პიროვნების ძალას შეუძლია, გარდაქმნას, მოდელირება გაუკეთოს და პირიქით შეუკვეთოს კიდეც ახალი სინამდვილე. ისურვე, როგორი ცხოვრებაც გინდა, როგორი საქართველოც გინდა და უფლის შეწევნით, თვითონ რეალიზდება ეს ყველაფერი.
ჩვენს სულში, ხომ, მთელი ჩვენი წინაპრები სახლობენ. ილია ჭავჭავაძე, შოთა რუსთაველი დღეს ფიზიკურად არ არიან, მაგრამ მათი ცნობიერება, სული, სიყვარული გვაქვს და ვისრუტავთ. ტიციან ტაბიძეს აქვს გენიალური ლექსი: „ვაჟა-ფშაველას ვსუნთქავ ფილტვებით, ხიმიკაურის გული ჩამედგა“. შენ დღეს საქართველოს სხეული ხარ. პასუხისმგებლობა გაქვს, იმიტომ რომ ცოცხალი ხარ და მათი ისტორია უნდა დაასრულო. წინაპარები გგულშემატკივრობენ, გეუბნებიან, ჩვენ აქ ვართ, გაძლევთ ყველაფერს, აქამდე მოვედით და ახლა ამის იქით უკვე თქვენ ხართ. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ილია ჭავჭავაძე მაშინ გახდა ილია ჭავჭავაძე, როდესაც გამოწვევას უპასუხა. შენ რა იცი, ვისი სული ხარ?! უპასუხე გამოწვევას და გაიგებ, ვინ ხარ. ნუ გგონია, რომ წმიდანები წმიდანებად დაიბადნენ. მათ გამოწვევას უპასუხეს. შენც იგივე სული გაქვს – ჩემზე მეტ საქმეებს გააკეთებთო, ეუბნება უფალი თავის მოსწავლეებს. არსებობს კრიტიკული მასა და ის ყველაფერში გადამწყვეტია. იესოს ჰყავდა 12 მოსწავლე, შემდეგ – 70, ბოლოს – 120 და როდესაც 120 ჩნდება, მადლი გადმოდის და უკვე მთელი სამყარო გაჟღინთეს ქრისტიანობით. ვეძებოთ თანამოაზრეები, იმიტომ რომ იესო ამბობს. 2-3 თუ შეთანხმდებიან, მე თქვენ შორის ვარ.
რატომ გავიხსენე კიდევ ერთხელ გედეონის ისტორია?! იმიტომ რომ შეიძლება, ჩვენ დღეს არ გვაქვს ძალა, მცირენი ვართ, დიდად არაფერს წარმოვადგენთ. მაგრამ ხომ შეგვიძლია, გვინდოდეს, ვეშურებოდეთ, ვითხოვდეთ ღმერთისგან. თუ მოშურნეობა დუღს, აქედან დაიწყება ყველაფერი. ამ დროს განგება გეხმარება, პირდაპირ გეუბნება: მე გაძლევ ძალას. ოღონდ საქმე ისაა, ვინ არის ამის მიმღები?! არადა, არც ძალა უნდა და არც სიმრავლე – უბრალოდ მიმღები უნდა იყო, უნდა ეშურებოდე, იწვოდე ამ სურვილით და ღმერთი გაგამარჯვებინებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


