რელიგია

რატომ მოჰყვება კორონაპანდემიას უარესი პანდემია

№53

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 07.01

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, კორონაპანდემიის დანიშნულება კაცობრიობისთვის სარგებლის მოტანაა, მიუხედავად იმისა, ის ადამიანმა ხელოვნურად გამოიყვანა (რაც, ასევე, ღმერთის ნებაა), თუ ბუნებრივი წარმონაქმნია? ამ თემაზე გვესაუბრება დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).

– მამა გურამ, საუბრისას ახსენეთ საინტერესო ფრაზა: „კორონის ანგელოზი“. რატომაა ეს მკვლელი ვირუსი ანგელოზი?

– დიახ, რაც უნდა ვკრულოთ და ვლანძღოთ კორონა, ის არის ღმერთის მიერ მოვლენილი ანგელოზი. შეიძლება, მკითხველი გააღიზიანოს სიტყვამ „ანგელოზმა“, ვინაიდან, ჩვეულებისამებრ, ანგელოზი გვგონია ფრთებიანი, ოქროსთმიანი, სათნო არსება, არადა „ანგელოზი“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „წარმოგზავნილს“.
პავლე მოციქული, როდესაც მისი სხეული სნეული იყო, ამბობდა, სამჯერ ვთხოვე უფალს, მომაშორე სატანის ანგელოზიო. ანუ ღმერთს სთხოვს, მომაშორე სატანის ანგელოზიო, თორემ სატანას კი არ ებრძვის?! ესე იგი, სატანის ანგელოზი ღმერთის ხელში ისეთივე იარაღია, როგორც ქირურგის ხელში – სკალპელი და რატომღაც, ოპერაციისას ქირურგს რომ სთხოვდე, სკალპელი მომაშორე, მატკენსო?! ესე იგი, სატანის ანგელოზი არის ძალა, რომელიც სრულად ექვემდებარება ღმერთს და მას არც აქვს თავისუფალი ნება, ისევე, როგორც დამიზნებულ ისარს არ გააჩნია თავისუფალი ნება: რასაც დაუმიზნებ, იმისკენ მიდის, ის არც ბოროტია და არც კეთილი და პასუხი მოეთხოვება მხოლოდ მას, ვინც უმიზნებს ისარს.

ამდენად, კორონა თავისთავად არც ბოროტებაა და არც ჭირი. ის გამოგზავნა ღმერთმა. მეორე მხრივ კი, თუ დავუშვებთ, რომ ჭირი მოდის ღმერთისგან, მაშინ ღმერთის მგმობელი გამოდიხარ. ესე იგი, ღმერთი არ არის სრულყოფილი, რაც გამორიცხულია! და მაშინ რა რჩება?! რაც უნდა მტკივნეული იყოს, უნდა მიუხვდე, რა ხდება, რატომ მოვიდა უბედურება, რადგან მას ბრძოლით ვერ მოერევი.

ადრეც ვთქვით და ზედმეტი არ იქნება, კიდევ გავიმეოროთ ებრაელების ათასწლეულებგამოვლილი ფორმულა. ხშირად ვიშველიებ ებრაულ სიბრძნეს და ამას აქვს თავისი მიზეზი: ებრაელებისთვის თეორია და პრაქტიკა განუყოფელია. მათთვის „თორა“ ცხოვრების ინსტრუქციაა, რასაც ამბობენ, იმას აკეთებენ, ჩვენ კი, ქრისტიანები, რატომღაც, სულ ცნებებით ვმანიპულირებთ და მათი რეალობაში განხორციელება გვიჭირს. ებრაელებს აქვთ ასეთი ფორმულა: თუ კითხვას „რატომ“, შევცვლით კითხვით: „რისთვის“, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება ჩვენს ცხოვრებაში. შესაბამისად, თუ ჩვენ დავიწყებთ წუწუნს, რატომ დაგვემართა კორონა, რა უნდა ჩვენგან, როდის გადაშენდება, ანუ დავსვამთ კითხვას წყენით, როდესაც არ გვაინტერესებს მიზეზი, გამოდის, რომ ვართ ნარცისები, მსხვერპლები, რომელთა წინააღმდეგ მოქმედებენ უსამართლო ძალები.

გამოდის, რომ მე, ასეთ კეთილს, მიტევს კორონა და მაქცევს წამებულად, ამიტომ მას უნდა ვებრძოლო, გავანადგურო, მოვსპო და ისევ ისე ვიცხოვრო, როგორც კორონამდე ვცხოვრობდი. როგორი კეთილი იყო სამყარო, მაგრამ საზიზღარმა კორონამ ყველაფერი აურია, ვერ დავდივარ სავარჯიშო დარბაზებში, აუზებზე, ვერ ვმართავ კონცერტებს, რამდენი მიწვევა გამიუქმდა, გამოვიკეტე სახლში, შემომაკლდა შემოსავალი, მოვიწყინე! ასე ფიქრობს ადამიანი, ვინაიდან ჰგონია, რომ თავადაა სამყაროს ცენტრი, არადა, სწორედ ამ კორონათი აგრძნობინეს, რომ რაღაც შესაცვლელია. მაგრამ ადამიანს ამის გაგონებაც არ უნდა: მას ურჩევნია, აბაკუნოს ფეხები და მსხვერპლის მანტია მოირგოს. აქედან გამომდინარე, ვისზე უნდა გადატყდეს ჯოხი? ვინ არის ბოროტი?! კორონა! ახლა წავიდეთ უფრო ღრმად – ქვეცნობიერად ადამიანი სადღაც იქ, გულის სიღრმეში, ფიქრობს – აბა, ღმერთი რომ კეთილი იყოს, ასეთ ბოროტებას რატომ დაუშვებდა ჩვენზე, კეთილ ადამიანებზე?! ამიტომაა ჭირვეული ბავშვის კითხვა: „რატომ“...

– უპირველესად საკუთარ თავს ვგულისხმობ: რატომ ფიქრობს ადამიანი, რომ კეთილია და ვითომ რატომ არ შეიძლება, დაიმსახუროს, მათ შორის, მეც, ღმერთისგან შოლტები, ანუ დასჯა?

– დიახ, თუ ფიქრობ, რომ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ვინ უნდა განსაჯოს სიკეთე და ბოროტება?! ვინ უნდა განსაჯოს, რომ უსამართლოდ გექცევა სამყარო?! შენ ხომ არ გჯერა სამართლიანობის?! ხოლო, თუ გჯერა, რომ ღმერთი სამართლიანია, მაშინ საიდან ასკვნი, რომ ღმერთი უსამართლოდ გექცევა?! თუ ღმერთი მართლა არსებობს, ის მართალია! თუ ღმერთის არსებობაში ეჭვი გეპარება და ყველაფერი სტიქიურია, მაშინ რატომ წუწუნებ?! ვისგან მოითხოვ სამართალს? მიიღე სტიქია.

აქვე შევატრიალებ კითხვას: როდესაც კარგად ცხოვრობდი, მოგზაურობდი, შემოსავლები გქონდა, ლაღობდი, მაშინ ვისი მადლიერი იყავი?! მაშინ რატომ არ ადიდებდი ღმერთს, ახლა თუ სთხოვ პასუხს?! მაგრამ, ნახე, რა ხდება – ყველაფერი რომ კარგად იყო, ამას შენს დამსახურებლად აღიქვამდი, რომ შენ აღწევდი წარმატებას, შენ ავსებდი სტადიონებს, შენ შოულობდი ფულს. მაგრამ, თუ ის შენი დამსახურება იყო, გამოდის, ახლა რაც დაგემართა, ესეც შენი დამსახურებაა. მაშინ აიღე პასუხისმგებლობა ამაზე და მიიღე, რაც ხდება?!

ამიტომაც, როდესაც ადამიანი სვამს კითხვას: „რისთვის“, ეს უკვე გონიერი კითხვაა. თუმცა კორონა ულმობელია, როდესაც მე ვიცი, რომ ღმერთისგან მხოლოდ სიკეთე მოდის და მისი ნების გარეშე არაფერი ხდება, შეუძლებელია, მხოლოდ ტკივილს გვაყენებდეს ამ ტკივილის გავლით კეთილი შედეგის მიღების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთი ყოვლისშემძლე სადისტი გამოდის, ვინც თავის ძალას მხოლოდ დასანგრევად იყენებს. მაგრამ, როცა მე ვიცი, რომ შეუძლებელია, ასე იყოს, ეს სიმწარე დამაფიქრებს: რისთვის დაუშვა ეს განგებამ?! და როგორც კი ვიწყებ გამოძიებას, ვხვდები, რომ რაღაც უნდა შევცვალო, გამოვასწორო.

თუ პატიოსნად გასცემ პასუხს კითხვას: „რისთვის“? ყველა ტვირთისა და ტკივილისგან გათავისუფლდები, მაშინ, როდესაც „რატომ“ კითხვას პასუხი არც აინტერესებს და არც აქვს! აი, კითხვას – „რისთვის“ კი აქვს პასუხი და მე უნდა ვეძებო ის, რომ გავთავისუფლდე. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს. მთელი ჩვენი ენერგია მიჰქონდა გარე აქტივობებს და ეს კორონაპანდემია არის მოვლენა, რომელმაც გვაჩვენა: შედით შიგნით, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად, იყავით სახლში და, რაც მთავარია. ჩაუღრმავდით საკუთარ თავს.

კორონაპანდემია სამყაროს გონითი არსის ნაწილია, რომელსაც მოაქვს შეტყობინება, რაც უნდა გავიგოთ. თუ გავუგებთ კორონას, ძირეულად შევიცვლებით და ნახტომისებურად წავალთ წინ. სხვა არჩევანი არც გვაქვს: რამდენიც უნდა ვიწუწუნ-ვიბუზღუნოთ, განგება თავის საქმეს მაინც გააკეთებს. თუ ვერ მივუხვდებით, უარეს მაცნეს მოგვივლენს და ამაზე დიდ ტკივილს მოგვაყენებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

18-24 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

რა გავლენას ახდენს ადამიანის დაბადების თვე ინტიმურ...