მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 31.10
კითხვა: ხშირად გვსმენია, ალბათ, როდესაც ბავშვი რაიმე თვისებას ავლენს, ამბობენ, ნათლიამ დაანათლაო. რეალურად რამდენად შეესაბამება ეს გამოთქმა სინამდვილეს?
პასუხი: ეს გამოთქმა ეკლესიური ტრადიციისთვის მიუღებელია. ნათლობის საიდუმლოს უფალი აღასრულებს, მღვდლის მეშვეობით. ხოლო ნათლია მხოლოდ პირობას დებს, რომ ნათლულს აღზრდის ქრისტიანული რწმენის შესაბამისად. ამდენად, ნათლიას „დანათვლა“ არ ძალუძს.
კითხვა: დიდი სურვილი მაქვს, შევისწავლო „ბიბლია“. მირჩიეთ, როგორ მოვახერხო ეს?
პასუხი: „ბიბლია“ არის საღმრთო ისტორია, რომლის სრულყოფილად გაგებისთვის აუცილებელია წმიდა მამების თხზულებების გაცნობა, რომლებიც წმიდა წერილის არსს განმარტავენ და იწოდებიან მის კომენტატორებად (ეგზეტიკოსებად). თუმცა „ბიბლიის“ შესწავლა განყენებულად, ეკლესიური ცხოვრების გარეშე არ გაგიმხელთ საღმრთო სიბრძნეს, რაც ამ წიგნშია თავმოყრილი. ამიტომ „ბიბლია“ რომ კარგად გაიგოთ და შეიმეცნოთ, უნდა ეზიაროთ მართლმადიდებელი ეკლესიის წეს-ჩვეულებებსა და საიდუმლოებებს.
კითხვა: მართლაც ასვენია თუ არა სვეტიცხოველში წმიდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი?
პასუხი: ილია წინასწარმეტყველის ხალენი (მოსასხამი), რომელიც მისგან ხვდა ელისე წინასწარმეტყველს, ნაბუქოდონოსორისგან დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს მცხეთაში და ის დავანებულია სვეტიცხოველში, სადაც შემდგომ მაცხოვრის ჯვარცმამ დაივანა.
კითხვა: დღეს ჩვენ გარშემო მომრავლდნენ სხვადასხვა გზით გამდიდრებული ადამიანები. რამდენად შესაძლებელია, გამდიდრებული ადამიანი იყოს „სულით გლახაკი“ და რა უნდა გაითვალისწინოს სხვაზე ქონებით აღმატებულმა ადამიანმა, რომ სული არ წაიწყმიდოს?
პასუხი: „სულით გლახაკი“ შეუძლია იყოს მდიდარსაც, თუ შეიგნებს, რომ ხილული სიმდიდრე ხრწნადი და წარმავალია და ის ვერ შეცვლის სულიერ სიკეთეს. მატერიალური სიმდიდრე ადამიანმა შესაძლოა, ბევრი სიკეთისთვის გამოიყენოს მოყვასისა და ღმერთის სიყვარულით. ეს მისთვის დიდი მადლი და წყალობაა. მთავარია, ის არ დაემონოს ამ სიმდიდრეს, გაუზიაროს სხვას და ამით სათნოეყოს უფალს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


