რელიგია

როგორ ქმნის ადამიანი საკუთარ თავს ქაოსიდან, ისევე, როგორც ღმერთმა შექმნა სამყარო

№43

ავტორი: ნინო ხაჩიძე 14:00

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო და მეშვიდე დღეს დაისვენა. ასე იწყება სამყაროსა და კაცობრიობის ისტორია, კაცობრიობის, ანუ ერთი ადამის, რომელიც გაფანტულია ყველა ადამიანში, ვინც დაბადებულა და ვინც დაიბადება, ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე. რას მეუბნება ეს ამბავი მე, ადამიანს, რომლისთვისაც არა მხოლოდ სამყარო, ჩემი თავიც კი ამოუცნობია? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: ცოტა შორიდან დავიწყოთ სათქმელი: ქართველებს ყველაზე მეტად გვტკივა დამცირება. ხშირად ვამბობთ, რატომ დამამცირე? ასევე, ვამბობთ, შეურაცხყოფას ვერავისგან ავიტან. მოდი, გავშიფროთ სიტყვა შეურაცხყოფა: რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ არავინ მოგვაყენოს შეურაცხყოფა?! ამ სიტყვის ფუძეშია შერაცხვა. გაგახსენებთ – წმიდანად შერაცხა, ესე იგი, შეურაცხყოფა ნიშნავს იმას, რომ არად ჩაგაგდო და სწორედ ამას ვერ პატიობ. იმიტომ რომ შეურაცხყოფით შენ ჩემს არსს მიკლავ, იმას, რისთვისაც ამქვეყნად მოვედი და მე რომ თავი გადავირჩინო, არ გპატიობ. მე სხვა სიცოცხლე არ მაქვს და ამიტომ უკვე გაიძულებ, რომ ან ბოდიში მომიხადო, ან რაღაც მოიმოქმედო, რომ აღადგინო ჩემი სტატუსკვო. ყველას ეცოდინება პიგმალიონის მითი, პიგმალიონი იყო მოქანდაკე, მან ისეთი ქანდაკება გამოაქანდაკა, რომელიც თავადვე შეუყვარდა და იმდენად იყო შეყვარებული მასზე, რომ ბოლოს გაცოცხლდა ეს ქანდაკება. მსგავსი ექსპერიმენტიც ჩაატარეს: მასწავლებელი შეუშვეს კლასში და უთხრეს, რომ 20 ბავშვიდან 5 იყო გენიოსი. სინამდვილეში, ისინი საშუალოზე დაბალი მოსწრების ბავშვები იყვნენ, მაგრამ მასწავლებელი მათ ექცეოდა, როგორც გენიოსებს, რაკი ასე უთხრეს და გამოვიდა, რომ ამ ბავშვებმა გაუსწრეს ყველას. ანუ მასწავლებელი დარწმუნებული იყო, რომ ის ხუთი ბავშვი იყო გენიოსი, ამიტომ შესაბამისად ექცეოდა და ბავშვები მართლაც გამორჩეულები გახდნენ. ეს ექსპერიმენტი ეხება ჩვენს თემას: ჩვენ ღმერთი უნდა გავახსენოთ ერთმანეთს, მაგრამ, მე რომ სხვას ღმერთი გავახსენო, მე უნდა გავიხსენო ჩემი თავი და ჩემში აღმოვაჩინო ის დიდი, რომელიც მეტია მატერიაზე. იმიტომ რომ, როდესაც იქ შედიხარ, არ აცნობიერებ, ვინ ხარ და იქიდან უყურებ სხვებსაც და იმის მიხედვით, თუ რა დონეზე ხარ შენ, ასევე აღიქვამ სხვებსაც. შენც ხომ შენი თავის ეტაპებს გადიხარ?! ფაქტობრივად, ინკუბაციის პროცესს გადიხარ. როგორც ღმერთი ქაოსიდან ქმნის სამყაროს, ასევე, იქმნები შენც ქაოსიდან. რომ წერია, ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყაროო, ჩვენ აქ რა გვაინტერესებს?! დავუშვათ, გავიგეთ სამყაროს შექმნის მექანიზმი, მაგრამ ეს მე რას მაძლევს?! მე სად ვარ ამ ყველაფერში?! მატერიალისტური ცნობიერება მეუბნება, შენ არაფერი ხარ, სამყაროს რაღაც მცირე ნაწილაკი, არარაობა და გაქრები. სწორედ აი, ამას აღადგენს ქრისტე და ის სწავლება, რომელიც ებრაელებმა, „თორით“ დაწყებული, მთელ მსოფლიოში გაიტანეს, მიუხედავად ჭიდილებისა. ამიტომაც ისჯებოდა ებრაელი ხალხი ყველაზე მეტად და შემდეგ უკვე ჩვენც, ქართველებიც, რომლებმაც ქრისტეს მისია მივიღეთ. უამრავი ბრძოლა გადავიტანეთ, რომ ეს ხსოვნა შეგვენარჩუნებინა ამ წარმავალ, მატერიალურსა და უხეშ ყოფაში, რომელშიც ყველაფერი იცვლება და არაფერი რჩება. მაგრამ ამ წარმავლობაში არის რაღაც ნაწილი, რომელიც სიკვდილს არ ექვემდებარება. მეტიც, მიდის მისი გარდაქმნისა და სიცოცხლედ ქცევისკენ, აი, ამ ქაოსში. როდესაც ქაოსად ვიღებ ჩემს თავს, ამის შემდეგ იწყება თვითგამორკვევის პროცესი.

სწორედ ამის შესახებ მელაპარაკება მე „ბიბლია“ სამყაროს შექმნით. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო სიტყვით იწყება ბიბლია. ვიცით, რომ თარგმანებში ბევრი რამ იკარგება და ამიტომ, თუ არსის გაგება გვინდა, რამდენიმე თარგმანით უნდა ვისარგებლოთ. ჩვეულებრივ თარგმანში წერია, დასაწყისში ღმერთმა შექმნა ცა და მიწა; რუსულადაა „ვ ნაჩალე” და ეს არის დროის გარემოება. შესაბამისად, უკვე დროში გადავყავარ იმ მოქმედებას, მაგრამ როგორ განვვითარდები მე, როდესაც გარედან ვუყურებ რაღაც მოვლენებს და სადაც მე რაღაც პატარა ნაწილაკი ვარ?! ესე იგი, იქ საერთოდ ჩავიკარგე, მაგრამ ებრაულ თარგმანში და ძველ ქართულ „ბიბლიაში“ წერია არა დროის გარემოება, არამედ მიზნის გარემოება და ეს უკვე სულ სხვა მდგომარეობაა; ბევრად მეტია, ვიდრე დროში მომხდარი რამ. ძველქართულ „ბიბლიაში“ წერია - დასაბამად ქმნა ღმერთმა ცა და მიწა. პროფესორი პარმენ მარგველაშვილი, უნიკალური პიროვნება, არაერთი კვლევის ავტორი, გვეუბნება, დასაბამად მიზნის გარემოებაა. ანუ ჩვენ ის კი არ გვაინტერესებს, როგორ შეიქმნა სამყარო, ეს მეცნიერების კვლევის საგანია, არამედ მე მაინტერესებს, მე სად ვარ აქ; რა არის სამყაროს შექმნის მიზანი. თავისთავად სიტყვა დასაბამადაც საინტერესოა – დააბა. და რა დააბა?! სული. და ვინ არის სული?! იდეა, პროგრამა, თავისი თავის შესაძლებლობა… მაგრამ მაშინ რატომ მოდის ღმერთის სული მატერიაში?! რა არის მიზანი ამ მატერიაში ჯვარცმის, ტკივილების, ჭიდილების?!

სამყარო შეიქმნა, რათა ღმერთს ვიღაცისთვის, თავის გარეთ, მიენიჭებინა ის სისავსე, ის სიხარული, ის სიცოცხლე, ის ნეტარება, რაც თავად არის. თავისსავე მსგავსს ვერ შექმნიდა, იმიტომ რომ ის მაშინ მისი კლონი იქნებოდა ან მეორე ღმერთი. ღმერთი ერთია, მას არ აქვს სახელი, მას ვერ დაახასიათებ, დაუნაწევრებელია, მასზე ვერ ვილაპარაკებთ, მაგრამ მისი თვისებები აქ გამოვლენილია თვალსაჩინოებებით, რომ რამე მაინც ვიცოდეთ მასზე.

ღმერთს უნდა, რომ მივწვდეთ მას, დავაგემოვნოთ ის უხილავი, რაც ჩვენი წვდომის მიღმაა, რათა რაღაც მაინც ვიცოდეთ მასზე. ამიტომ შექმნა სამყარო და მასში მომაქცია მე, ადამიანი, თიხით გადაფარული და მე ვცდილობ, გავიხსენო ჩემი თავი ამ წუთისოფელში, რომელსაც ამდენი სიმკვრივე აკრავს. მაგრამ მაინც მომცა შესაძლებლობა, რომ აქ დავაგემოვნო ის დიდი იმით, რაც ჩემ გარშემოა: სიყვარულით, ნივთებით, საგნებით, ცხოველებით, ადამიანებით... მე უფლისწული ვარ, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ვინ ვარ, ამიტომ თითქოს სადღაც მომაქციეს, რომ კითხვები დავსვა, გავოცდე და რაღაცები გავიგო აი, ამ ქაოსიდან.

სამყარო ექვს დღეში შეიქმნა და მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა, – ეს შეიძლება, ერთ გაკვეთილად მასწავლონ სკოლაში, მაგრამ ჩემი სიმწიფე სწორედ მაშინ იწყება, როდესაც მე ვსვამ კითხვას. „ბიბილიის“ დაწერის მიზანი იყო, რომ მე გამეგო, ვინ ვარ ამ ქაოსში. ქაოსი ებრაული სიტყვაა რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს გამაოგნებელს, საშიშს, საოცარს, იმავეს, რასაც ქართულად უცხო – არ ვიცი, მაგრამ მიზიდავს.

აი, ასეთი თამასა დაუწესა ღმერთმა ჩვენს ცხოვრებას: სამყარო ძალიან დიდია საიმისოდ, რომ მას ვინმე მისწვდეს და ვერც გაუთამამდები და არც ძალიან მარტივია, რომ გული არ აგიცრუვდეს. ძალიან მარტივი რომ იყოს, მოგწყინდებოდა, ძალიან მიუღწეველი თუ იქნებოდა, ხელს ჩაიქნევდი...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი