რელიგია

რატომ არის მიწიერება ისეთივე აუცილებელი, როგორც სულიერება

№39

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 09.10

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

როგორ მოატყუა დედამისის, რებეკას, დახმარებით იაკობმა ისააკი, მამამისი, რომ მიეღო კურთხევა, ანუ წაერთმია ის ესავისთვის, რომელსაც ეკუთვნოდა პირველობით, მაგრამ არ ეკუთვნოდა წინასწარმეტყველებით. რატომ გახდა აუცილებელი ტყუილი ღვთის ნების აღსასრულებლად და რატომ მოიტყუა თავი ისააკმა, რა კურთხევა მიიღო ესავმა, რის გამოძახილსაც ვაკვირდებით დღევანდელ მსოფლიოში? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: იაკობი კლავს თიკანს და, რადგან ესავი ბალნიანია, ხელზე მის ბალანს იკეთებს, რომ, როდესაც ისააკი ხელს შეახებს, ვერ მიხვდეს; შეჭამანდიც ზუსტად ისეთი მიუტანა, რაც ისააკს უყვარდა, როგორც რებეკამ დაარიგა. ისააკი ჭამს და ელაპარაკება, შენ ვინ ხარ, შვილოო, ეკითხება. იაკობი ეუბნება, ესავი ვარო. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, იაკობი ტყუილს არ ამბობს. თითქოს იაკობი ტყუის, პირდაპირი გაგებით, მაგრამ მართალს ამბობს, იმიტომ რომ იაკობი და ესავი ეს არის ერთის ორი გაყოფილი მდგომარეობა და სწორედ იაკობიდან იწყება გამთლიანება, რაც აქამდე არ მომხდარა. სულ დაყოფილი იყო: კაენი და აბელი; აბრაამი და ისააკი და იაკობი პირველია, რომელიც ცასა და მიწას ამთლიანებს, როგორც იმთავითვე ადამი ჩაიფიქრა ღმერთმა. ამ მდგომარეობის მიღწევა იაკობს უწევს დიდი ჭიდილითა და ბრძოლებით, მაგრამ მაინც აღწევს მიზანს. აი, ეს არის იაკობის დამსახურება, ამიტომ ჰქვია მას ღმერთთან მებრძოლი იაკობი. როდესაც შემდეგ მამა ეუბნება, ხელები ესავის არის, ხმა კი იაკობისო; ესე იგი, ჰიბრიდი მივიღეთ. ესავი ვარო, როდესაც ამბობს იაკობი, არ ტყუის, იმიტომ რომ მას უნდა, ესავი იყოს. რატომ? იმიტომ რომ ესავს მატერია აქვს. ქრისტე რატომ შემოდის წუთისოფელში?! მატერიაში?! თუ ჩვენი ცხოვრება ცაში იყო თუ საიქიოში, რისთვის შეისხა ხორცი?! სხვანაირად გავიჭირვებდით აქ, მცნებებიც გვეყოფოდა, გავიტანჯებოდით და სამაგიეროდ, მერე იქ ვცხონდებოდით. მაგრამ ქრისტე აქ შემოდის, იმიტომ რომ მატერია უყვარს, მიწა უყვარს. ღმერთი აქ არის; მიწაზე ჩაჰბერა სული ადამს, რომელიც მიწისგან შექმნა. ღმერთს უნდა, რომ ეს დედამიწა სიყვარულისა და სიბრძნის ასპარეზი იყოს, რომ აქ ღმერთის ტახტი იდგეს; სიყვარულისა და სიბრძნის ტახტი. ეს არის ჩანასახი, როგორც პროექტი, რომელიც უნდა აღსრულდეს და ამისკენ მიდის ისტორია. ოღონდ ამის გარედან დანახვა ვერ ხერხდება, ზუსტად იმის გამო, რომ ადამიანები, ერთი მხრივ, მატერიალიზმისკენ ვართ მიდრეკილები, ამიტომაც ამ პროექტს ვერ ვხედავთ და გვგონია, რომ ქაოსია, ცხოვრება დროებითია და სანამ აქ ვართ, ვჭამოთ, ვსვათ, გავერთოთო. გაიხსენე დღევანდელი მოწოდებები: დაიჭირე წამი ახლა, არ იფიქრო წარსულზე, არ იფიქრო მომავალზე, აქ ხარ, ახლა ხარ, ახლა გაერთე, ახლა შეირგე, მეტი არაფერი. მიზანი, პროექტი სიგიჟედ ითვლება. ფროიდმა დაუფარავად თქვა, ვინც კითხვას დასვამს ცხოვრების საზრისზე, ვინ ვარ მე, მოიყვანეთ ჩემთან, ჩემი პაციენტი არისო. აი, სადამდე მივედით: ადამიანის მიერ კითხვის დასმა, ვინ ვარ მე, უკვე აბსურდად ითვლება. ეს ერთი უკიდურესობაა და მეორე უკიდურესობაა ჭარბი სულიერება: მიწაზე ფეხი არ გიდგას და დაფარფატებ. არც ეს გეპატიება, ვინაიდან მიწას მოსწყდები და ჭკნები. და რა ემართება ფესვმოწყვეტილ ნერგს?! ნაყოფს ვერ გამოიღებს.

იაკობი ცდილობს, რომ სწორედ ეს ორი ნაკადი გაამთლიანოს თავის თავში. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ისააკის წინაშე რაღაც უცხო არსება დგას და ნუ გგონიათ, რომ ისააკი ვერ ხვდება ამას; ხვდება, მასშიც ხდება მეტამორფოზა. აბრაამი და ისააკი რა თვისებებია?! აბრაამი არის ჭარბი გაცემა, ჭარბი აქტიურობა, ჭარბი წინსვლა, ჭარბი ღიაობა, ჭარბი თავისუფლება. ღვთიურობა, სულიერება, ამაღლებულობა, ეს ღმერთის თვისებებია, მაგრამ, რადგან ადამიანი ნერგია და ამას უნდა მიაღწიოს დროში, უნდა ამოიზარდოს, მისთვის მიწიერებაცაა საჭირო, ანუ დაკანონება, შეზღუდვა, წესები და ესაა ისააკი. ბავშვს რატომ ვუკრძალავთ რაღაცებს?! იმიტომ რომ ბავშვი ყველაფერს აკეთებს: ეზოდან გადის, ცეცხლს უახლოვდება, რასაც ხედავს, მიედ-მოედება. ანუ ეს მისი ღმერთობის ბუნებაა: ღმერთი აკრძალვებს არ ექვემდებარება, ღმერთი ყოფნაა, მაგრამ ბავშვს ავიწყდება, რომ ის სხეულშიც არის და ღმერთობას აქ, მიწაზე უნდა მიაღწიოს. ამიტომ ბავშვს ბევრ „არას“ ეუბნებიან, მაგრამ ის ამ „კი“ და „არას“ წყალობით, ნელ-ნელა სწავლობს. ის ფესვიდან უნდა ამოიზარდოს და ამისთვისაა აკრძალვები და არა იმისთვის, რომ განვითარება შეწყვიტოს.

მაგრამ ისააკის შეთხვევაში, ისააკობა, როგორც შემზღუდავი, როგორც წესრიგი, როგორც კანონი, გამოხატულება, რომელმაც უნდა შეინახოს, რაც არსებულია, უკვე დამღუპველია, უკვე დამაბრკოლებელია. ამდენად, ისააკი ხვდება, რომ მისი ზედმეტად კანონმორჩილება დასრულდა, ცხოვრებაში ყველაფერი არ ექვემდებარება მიზეზშედეგობრივ კავშირებს. ისეთი რაღაცებიც ხდება, რაც ამის მიღმაა. დააკვირდი შენს ცხოვრებას, რომელიც გათვლებს არ ექვემდებარება და რაღაც კრედოები და პრინციპები, რაც იქამდე ჰქონდა, ატივტივდება. ისეთ რეალობას წააწყდები, რომ არაფერი აღარ ჭრის, დაბნეული ხარ, არ იცი, როგორ მოიქცე. შენი გათვლები და ის ლოგიკური ცხოვრება, რომელიც ააწყვე, მუყაოს სახლივით ჩამოგეშლება. იმიტომ რომ ცხოვრება გაუთვლელია და თუკი ზედმეტად ლოგიკით ვიცხოვრობთ, ძალიან სქემატური, მოსაწყენი და პატარა ცხოვრება გამოგვივა. გოეთეს სიტყვები გამახსენდა: „თუმცა ცხოვრება ჩვენ ამისთვის გვაყენებს ზიანს, მაგრამ გვიზიდავს უჩვეულო ორომტრიალი“.

აი, ამ ორმაგობაში ვართ მუდმივად: ერთი მხრივ, ყოლისშემძლე ღმერთი ცხოვრობს ჩვენში, რომ გადავლახოთ ყველა საზღვარი, მაგრამ, მეორე მხრივ, მორჩილებით უნდა ვიზარდოთ, ღმერთობას ზრდით უნდა მივაღწიოთ. თუ ჩვენ ამ ბალანსს დავიცავთ, სწორედ ეს არის ორბუნებოვნება: ორივე ფეხით მიწაზეც ვიქნებით და აქედან ამოვიზრდებით ცისკენ. ეს იქნება ჩვენი მიღწევა. ისააკი ხვდება, რომ რაღაც ხდება; მისი ლოგიკა დამთავრდა: ვიღაც არის, ვინც ხელით ესავს ჰგავს, მაგრამ ხმით – იაკობს, მაგრამ ისააკი ამას მიჰყვება, არ იძიებს და კურთხევას აძლევს იაკობს.

შეგნებულად არ მომყავს ციტატები „ბიბლიიდან“, იმედი ამქვს, მკითხველი თავად გადახედავს ტექსტს. რა კურთხევას აძლევს ისააკი იაკობს?! ღმერთმა მოგცეს ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა და უხვად პური და ღვინო და გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა, იბატონე შენს ძმებზე და თაყვანი გცენ დედაშენის ძეებმა, წყეულიმც იყოს შენი მაწყევარი და კურთხეული იყოს შენი მაკურთხებელი. ანუ პირველია ზეციური ცვარი, მადლი: ასეცაა, ადამიანი ჯერ ციდანაა და ამის შემდეგ მიწაზე უნდა განახორციელოს თავისი მისია. ანუ ორივეა: ცისა და მიწის კურთხევა, ორივე იქნება შენშიო, ეუბნება ისააკი იაკობს. ხოლო, როდესაც ესავი მოდის და იგებს, რომ კურთხევა უკვე გაცემულია, ტირილს იწყებს, მამა, ნუთუ კურთხევა არ დაგრჩა ჩემთვისო. მამა ეუბნება, შენი კურთხევა სხვამ წაიღოო ცბიერებითო. და ესავს პირიქით ეუბნება: ჯერ მიწა, შემდეგ ცა. ესე იგი, სულ ბრძოლებში იქნებიო. ამდენად, თუ იაკობის შემთხვევაში ციური მადლი იქნებოდა მისი ძალა; ხალხებზე იმოქმედებდა თავისი ცნობიერებით, სიბრძნითა და არა ძალადობით. ესავის ისტორია განვითარდებოდა უფრო ფიზიკური ძალით, ძალადობით, რასაც ვაკვირდებით კიდეც ფიზიკურ სამყაროში. იმის შესახებ კი, თუ რა მოხდა ამის მერე, მომდევნო ნომერში ვისაუბრებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა