მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 50 წუთის წინ
კითხვა: მინდა, რომ ჩემი 15 წლის შვილი დიდ დროს ატარებდეს ეკლესიაში, ისწავლოს ლოცვები, ახლოს გაეცნოს ეკლესიურ ცხოვრებას, შემდეგ კი თვითონ გადაწყვიტოს, გახდება თუ არა სასულიერო პირი. როგორ ავისრულო ეს სურვილი?
პასუხი: 15 წლის მოზარდმა თვითონ უნდა მიიღოს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვაეტილება. ამ დროს მხოლოდ თქვენი სურვილი არ არის საკმარისი. სასულიერო პირს, გარდა ეკლესიასთან სიახლოვისა, სჭირდება კარგი სასულიერო განათლება, ამისთვის არსებობს სასულიერო სემინარია და სასულიერო აკადემია. თქვენ მხოლოდ ის შეგიძლიათ, რომ თქვენი მაგალითით აჩვენოთ ეკლესიური ცხოვრების სიტკბოება. იყავით მშვიდი, მლოცველი და კეთილისმყოფელი.
კითხვა: რატომ არის ქრისტიანისთვის აღსარების ხშირად თქმა სასარგებლო?
პასუხი: აღსარების ხშირად თქმა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ძალიან იოლად ვივიწყებთ ცოდვებს, ხოლო როდესაც სულიერ მოძღვარს გავენდობით, ისინი ძირფესვიანად ამოიძირკვებიან. გარდა ამისა, სინანული თვალებს გვიხელს ცოდვებზე. როდესაც ადამიანი ერთ ცოდვას მოინანიებს, იწყებს სხვა ცოდვების დანახვას. ვინც მიეჩვევა, სინანულით აგოს პასუხი თავის საქციელზე ამქვეყნიურ ცხოვრებაში, მას არ გაუჭირდება პასუხის გაცემა ქრისტეს სამსჯავროზე. ამიტომაც არის დადგენილი აქაური სინანულის მცირე სამსჯავრო, რათა აქაური მონანიებით განწმენდილები წარვდგეთ ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე.
კითხვა: ცოდვად ჩაეთვლება თუ არა ადამიანს გვარის გადაკეთება?
პასუხი: ამ ფაქტს ეკლესია ვერ მისცემს კატეგორიულ შეფასებას. შესაძლოა, ადამიანს საამაყო ქართული გვარი ჰქონდეს, მაგრამ ქვეყნისა და სარწმუნოებისთვის გაცილებით ნაკლები გააკეთოს, ვიდრე სხვამ, არაქართული გვარის წარმომადგენელმა. ამიტომ ეს საქციელი ცოდვაში მაინც არ ჩაითვლება, მით უმეტეს, თუ არამართლმადიდებელი მართლმადიდებლად მიექცევა.
კითხვა: რა ვუყოთ იმ ხატს, რომელიც აღმოჩნდება, რომ კათოლიკურია, თუმცა ჩვენს ოჯახში ინახება?
პასუხი: მართლმადიდებლურ ოჯახში კათოლიკურ ხატთან არ შეიძლება ლოცვა და სანთლის დანთება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


