რელიგია

რატომ არის აუცილებელი მტერი, როგორც შემასმენელი და როგორ ხდება ადამიანი მტრის თავდასხმის თანამონაწილე

№47

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 01.12, 2022 წელი

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

როგორ შევიყვარო მტერი? – ეს კითხვა მეც ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის და, საერთოდაც, რა განსხვავებაა მტერსა და მოყვასს შორის, თუ მოყვასი ისაა, ვისაც იმ წამს შენგან დახმარება სჭირდება? ალბათ, ამ გააზრებიდან მოდის ქართული ხალხური გამონათქვამიც, წაქცეული, მტერიც რომ ნახო, წამოაყენეო და ღირსებადაც იმიტომ მიიჩნევა ტყვეების პატივისცემა და მტრის ცხედრების გაპატიოსნება. როგორ შევიყვაროთ მტერი? – ამ საკითხზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

– მოყვასი და მტერი, ფაქტობრივად, ერთი და იგივეა? ანუ როგორ შევიყვარო მტერი?

– ადამი, როგორც ღვთის ხატება, თავის თავში ატარებს ერთიან მდგომარეობას და სამოთხეც არ არის ცალკე ცა და ცალკე – მიწა, ერთი მთელია, მაგრამ ეს მთლიანობა მაინც ბავშვური იყო, ვინაიდან არ ყოფილა საკუთრივ ადამის გამოცდილება; ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ადამს უნდა გამოეყენებინა და განევითარებინა. ანუ მას შემდეგ, რაც ადამიანი გამრავლდა და ასეც იყო ნათქვამი, აავსე დედამიწაო, ის ორი მიმართულებით ვითარდება. ერთი მხრივ, ის აუცილებლად უნდა დაიშალოს და დაქუცმაცდეს, რათა სამყარო აითვისოს, გამრავლება საკუთარი თავიდან გამოყოფაა, გაუცხოებაა და ბოლომდე უნდა მივიდეს ეს გაუცხოება. იცით, რომ ცხოველები და ფრინველები თავიანთ ნაშიერებს ყრიან ბუნაგიდან და ბუდიდან, იმიტომ რომ ისინი დამოუკიდებლად უნდა განვითარდნენ. აი, ასე გამოვარდა ადამი სამოთხიდან, რაც აიძულებს ადამიანს, დაშორდეს თავის სახლს, სამყაროში გამრავლდეს, გაფართოვდეს და ეს ადამიანს ავიწყებს თავდაპირველ მდგომარეობას და ასეც უნდა მომხდარიყო. თუ გვეხსომებოდა, რომ ყველანი ერთნი ვართ, მაშინ ვერ განვითარდებოდა კაცობრიობა. განვითარებას, ერთი მხრივ, ხელიც შეუწყო ამ დავიწყებამ, ვინაიდან სამოთხისეული სიცხადის ქვეშ ადამი მარადიულ ბავშვად დარჩებოდა, მაგრამ ამ ხეტიალმა და დავიწყებამ, ადამიანი აიძულა, განევითარებინა თავისი შინაგანი ძალები. ადამიანის ეგო პიკზე უნდა ავიდეს, ადამიანმა უნდა თქვას: ვინ, თუ არა, მე! აქ არ არის ადგილი ღმერთისთვის და ღმერთის ადგილი ამოავსოს თავისი მე-თი. ამ დროს ერთიანის ხსოვნა მინავლულია, თუმცა, მეორე მხრივ, პარალელურად, კულტურებს, რელიგიებს მოაქვთ ეს ხსოვნა და ეს ჩანს მითოსებსა და ხალხურ ლექსებში, რელიგიებში – თავისთავად. ამდენად, ეს ორმაგობა, ერთი მხრივ, დაცალკევება, გაუცხოება და დაშლა, მეორე მხრივ კი – შინაგანის ხსოვნა, რომ ჩვენ ერთნი ვართ, აუცილებელია. ჯერ პირველი ვითარდება და როცა ზღვარს მიაღწევს – დღეს თითქმის ზღვრამდეა მისული, ადამიანმა აავსო დედამიწა, მატერიალური სამყაროც თითქმის ბოლომდეა გაგებული – იწყება მეორე ეპოქა, შინაგანი ერთიანობის მიღწევა. და სწორედ აქ შეასრულებს უკვე მტერი თავის ფუნქციას! შესწავლილი მაქვს, სხვადასხვა ენაში რას ნიშნავს „მტერი“, მისი სინონიმები და ეს ტერმინები არ არის ცალსახად ნეგატიური. ეს ყველაფერი ღმერთის შეხებებია, რაც ადამიანის შესაგონებლადაა. ესაია წინასწარმეტყველი ამბობს: ასური ჩემი მრისხანების კვერთხია, ანუ მისი მეშვეობით გსჯი შენო. ამ შემთხვევაში მტერი პედაგოგია, შენს სამართალს არ გაგატანინებს. ბოროტს შემასმენელიც ჰქვია, ის, ვინც შეგვასმენს. და რატომ ჰქვია ასე? რომ შეგასმინოს! რასაც ნებით არ აკეთებ, ძალით გაგაკეთებინოს! მტერი წონასწორობის აღმდგენი ძალაა, შენს ეგოზე არ გადაეწყობა სამყარო, ამიტომ უხეშად გვეხებიან ბუნების სტიქიური ძალები, რომ ჩვენი ნამდვილი მოწოდება გავიხსენოთ, რაკი ჯერ მწიფენი არ ვართ. ვინც გაიგებს და მიხვდება, ის მაღალ საფეხურზე ადის და უკვე დარტყმები აღარაა საჭირო, ამის გარეშეც ესმის ღმერთის.

ადამიანს უნდა, რომ ხაზი გაავლოს. კითხვა, ვინ არის ჩემი მოყვასი, გულისხმობს, რომ კიდევ არის სხვა, სულ მცირე, არამოყვასი. და როდესაც ასეთი საზღვრებია გავლებული, ჭიდილი მუდმივად იქნება, აქ პრობლემა არ გადაწყდება, ამიტომ იესოს სხვა რეალობაში გადავყავართ; იესო ახალ ურთიერთობებს ქმნის, სადაც არაფერს აქვს მნიშვნელობა. „ძველ აღთქმაში“ წერია, თუკი დაინახავ შენი მტრის ხარს, ჩავარდნილს ორმოში, ამოიყვანე, დააპურე, ბორკილები შეუხსენი და მტერს მიუყვანე. რა გააკეთა ქრისტემ?! ყველაფერი იმის მიღმა, რაც ადამიანებში იყო, მიუხედავად იმისა, რომ ემტერებოდნენ, უცხო იყო მისთვის თუ ცოდვილი, ის ხედავს ერთიანს, ამიტომაა სიყვარული სულგრძელ და ტკბილ. სულმოკლეა, როდესაც მოქმედებ ემოციით, აღგზნებით, შენი უმწიფარი ხედვით და შედეგიც მძიმეა, ხოლო სულგრძელია ის, ვისაც ახსოვს. გრძელი რაა? რაც სწვდება! და რას სწვდება? სათავეს! უგუნური ვინაა? ვინც გონი დაკარგა და გონიერი ვინაა? ვინც სულგრძელია. ვისაც ახსოვს სათავე, ის ვნებებით, ემოციით და რისხვით არ მოიქცევა, იმიტომ რომ ყველა ამ მრავალგვარობის, მტრების მიღმა ერთიან არსს ხედავს. მტერიც რომ შენზე მოდის, ეს უკვე შენი სასჯელია. არ არის მისასალმებელი მტრის დახოცვა, მაგრამ სხვა გზა აღარ დაგრჩა, თუმცა ეს მტერიც შენ დაიტეხე თავს. „გამოცხადებიდანაა“ რუსთაველის „თხა და მგელი ერთად ძოვდეს“, ანუ ახალი ცა და ახალი მიწა, სადაც არ იქნება, ომი, ბოროტება, სიძულვილი. აი, ამისკენ მიდის სამყარო. ქრისტე ამ მდგომარეობის მიმართულებას გვაძლევს; გვახსენებს, რომ ეს შლეიფივით მოყოლილი ისეთ სიცხადედ მოვა, რის ფონზეც მტერი გაქრება, ოღონდ ამას დრო სჭირდება. სანამ უმეცრება და ვნებებია, ადამიანებს ამას ვერ დააჯერებ. პირიქით, პაციფიზმმა შეიძლება, უფრო მეტი ბოროტება მოიტანოს. გაავებული მტერი რომ გესხმის თავს, მეომარი მის ოჯახსა და მშობლებზე არ ფიქრობს, გაუბედურდებიან, მე თუ მას მოვკლავო, შენ მანამდე უნდა გეცხოვრა ისე, რომ მტერი არ შემოგსეოდა, მაგრამ ახლა, რადგან ორგანიზმი დაგიავადდა, მტრის სახით ქირურგიული დანა მოდის. ამიტომ მტერი სიძულვილით არ უნდა მოკლა. მას კლავ სიყვარულით, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ გაქვს და ეს, სულაც არ არის სატრაბახო. ლაო ძი ამბობს, ომების შემდეგ მეფე ტირის გვამების შემყურეო. ომები ჩვენი სირცხვილი და ჩვენი უმწიფრობის შედეგია, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დრო გადავა. ხოლო ჯერჯერობით იძულებულები ვართ, ამ სახით ვიმოქმედოთ, ვინაიდან ვერ ვართ სრულყოფილები და ჩვენი არასრულყოფილება უნდა დაბალანსდეს ამ ფორმებით, მაგრამ უნდა ვილოცოთ, უფალო, მალე მოდი, გვაპატიე. მაცხოვარი ამბობს, მტერზეც ილოცეთო. სადმე რომ დაწერო, პუტინზე ვილოცოთო, რა რეაქცია იქნება?! ავტომტურად წარმოიდგენენ, რომ პუტინი გვიყვარს. არადა „ვილოცოთ“ ნიშნავს გონზე მოყვანას. ჩვენ ვლოცულობთ, უფალო, მალე დაამყარე შენი სასუფეველი, რომ მტრობა, შური, ბოღმა დავძლიოთ. თუ არ გვინდა, რომ ეს დავიჯეროთ და მაინც ემოციას ავყვებით: ეს ბოროტია, ის კეთილი, ეს მოყვასია, ის მტერი – მაშინ რა აზრი აქვს?! ამის მიღმა უნდა გავიდეთ. ქრისტე ამბობს, გიყვარდეს შენი მტერიო და ამით ახსენებს ადამიანს, რომ მტერიც შენი გაბოროტებული მოყვასია. თითი ყოველთვის გარეთ კი არ უნდა გაიშვირო, ისაა ბოროტი და იმიტომ მემტერებაო, რადგან ბუნებით ბოროტი ბუნებაში არ არსებობს. თუ გაბოროტებულია და ჩემკენ მოდის, მეც ვარ ამის თანამონაწილე და ამიტომ სიყვარულით უნდა ვიბრძოლო, რომ თავი გადავირჩინო, ოღონდ, იმავდროულად, რაღაცები უნდა გამოვასწორო და მათზე ავმაღლდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი