რელიგია

რატომ არ მოდის ქრისტე მოძღვრების სასწავლებლად და რის გამო ვერ შეხვალ ცათა სასუფეველში, თუ ხელახლა არ დაიბადე

№42

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ქრისტე, როგორც შესაძლებლობა, ჩვენს გულებში დაითესა, რომ ჩვენც იგივე გზა გავიაროთ და აღვასრულოთ ღმერთის ჩანაფიქრი – ღვთის ხატი ღვთის მსგავსად ვიქცეთ. თუ ვერ შევძელით, გავიაროთ იგივე გზა, რაც ქრისტემ გაიარა, ჩვენს რწმენას ფასი არ აქვს; მეტიც, ეს არ არის რწმენა, მაგრამ, მეორე მხრივ, როგორ გავუტოლოთ თავი ქრისტეს, როდესაც ცოდვებით დამძიმებული ცოდვებისვე ტყვეობაში ვართ?! როგორ იშვას ჩვენში ქრისტე, როგორც ღვთისმშობელში იშვა მაცხოვარი? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: როგორც ლაბორატორიაში, ისე მიიღო რწმენის სინჯი ღვთისმშობელმა და ჩვენ ეს არ გვქონდა ადამში – იქ სიკვდილი შემოვიდა. ახლა რა მოხდა? რომ გადაგვარჩინოს, ღმერთი, ხელახლა დაბადების შანსს გვაძლევს. ამიტომ ინტელექტუალური დათანხმება, ქრისტეს ციტატების მოყვანა, კეკლუცი, სალონური საუბრები, მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ რისთვის ხდება ეს ყველაფერი?! თუ შენს გულის გულში არ გაგიარა მახვილივით და თუ ეს სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი შენც არ გაიარე ქრისტესთან ერთად და შენშიც იგივე არ მოხდა, რაც მასში მოხდა, არაფერს აზრი არ აქვს. მე ხშირად ვამბობ, იქნებ დღეს დადგა ეს ჟამი?! არ ვამბობ, რომ მთელ კაცობრიობას დაუდგა, უბრალოდ, მე თუ ეს ვიგრძენი და რადგან ვლაპარაკობ, ესე იგი, რაღაც დოზით ამ მდგომარეობაში შევდივარ. ეს სულაც არ არის ამპარტავნება, იმიტომ რომ, თუ ეს ამპარტავნებაა, მაშინ რა აზრი აქვს რწმენას?! ესე იგი, განუხორციელებელია, რაც ქრისტემ გააკეთა?! მაშინ გამოდის, რომ ქრისტეც ამპარტავანია, როგორ გაბედა ის, რაც გაბედა?! სხვათა შორის, სწორედ ამას საყვედურობენ იესოს მისი თანამედროვეები: ვიღაც ხურო ხარ, როგორ ბედავ, კაცი ხარ და ღმერთობ?! და როგორ უპასუხა ქრისტემ?! ჩვენც ზუსტად ისე უნდა ვუპასუხოთ იმ სულს, რომელიც მე მეუბნება, რას ბედავ, რომ ქრისტეს ადარებ თავს?! უნდა ვუპასუხო, რომ იმავე გზას გავდივარ ახლა მეც. ის ხმები, რაც ქრისტეს გარშემო იყო, ჩემშიც არის; ყველა კაცობრიობა ჩემშია. კვალად მომავალი ნიშნავს, რომ ეს რწმენა ჩემში დაითესა. აი, ეს არის რწმენა და არა ის, დავეთანხმო, რომ ეს ფაქტი მოხდა. მწამს კი არა – ვენდობი და ნდობა უკვე მოქმედებაა. ვენდობი დაწერილს, ვენდობი ამ სცენარს. ვენდობი, რომ ამ სცენარში შევდივარ მე და იგივე მოხდება ჩემში, რაც იქ მოხდა. იმიტომ, რომ იმით დაიწყო და თუ ჩემშიც არ მოხდა, პროექტად დარჩება. ამის შესრულება ადამიანურ დონეზე რომ შეუძლებელი ყოფილიყო, მაშინ რა აზრი ჰქონდა ღმერთის განხორციელებას?! მაშინ რატომ მოვიდა ქრისტე, თუ ვერავინ განახორციელებდა ქრისტეობას?!

ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ სამოთხე არის ის მდგომარეობა, როდესაც გონს მოხვალ სიცრუისგან. შენ სიცრუისგან ააგე ეს ტანჯული ცხოვრება, არასწორი მიდგომებისგან ააგე, თორემ ახლაც სამოთხეა, მაგრამ ჯოჯოხეთად განიცდი, იმიტომ რომ არასწორად უდგები. შენმა ცოდვებმა გადაგიფარეს ყველაფერი და შენ უკვე ვერ ერევი შენს თავს და ქრისტე რატომ მოდის? იმიტომ რომ გადაგტვირთოს. ქრისტე იმიტომ კი არ მოდის, რომ მოძღერება გასწავლოს გარედან, არამედ მოდის იმიტომ, რომ ხელახლა დაგბადოს.

კიდევ ერთხელ გავიხენებ, ნიკოდიმოსი რომ მიდის ქრისტესთან: ნიჭიერი კაცი, განათლებული, მასწავლებელი, მაგრამ ღამე მიდის. რატომ მიდის ღამე?! იმიტომ რომ ქრისტესთან მისვლა მოაზროვნე და ელიტული საზოგადოებისთვის მაშინ სირცხვილი იყო. სწორედ ნიკოდიმოსს ეუბნება ქრისტე, თუ ხელახლა არ დაიბადები, ვერ შეხვალ ცათა სასუფეველში. რას ნიშნავს ხელახლა დაბადება?! თუ არ მოკვდი, როგორი დაიბადები?! ანუ ერთგვარი მეტამორფოზაა, გარდასახვა. მე მახსოვს, რომ წინა წლებში, 10 თუ 20 წლის წინ, მეც სხვანაირად ვლაპარაკობდი, ისე არა, როგორც დღეს, ვყვებოდი ქრისტეს ისტორიას, რომ ჩვენ მერე, გარდაცვალების შემდეგ, საიქიოში გაგვითვალისწინებენ. დღეს რაღაცნაირად თვალი მეხილება. მე ამ მდგომარეობაში ვიმყოფები და ამას გამოვხატავ. აი, როგორც ჯარისკაცი გადასცემს რაციით თავის კოორდინატებს, მეც ასევე ვაჟღერებ ამ ხმას. აქამდე ასე არ ვიყავი, ახლა შემეცვალა დამოკიდებულება და მდგომარეობა. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რამ შეგცვალა?! და კითხვითვე ვუპასუხებ ამ კითხვას: რამ შეცვალა ჭია ჭუპრად ან ჭუპრი – პეპლად?! ვინ არის ის ძალა, ვინც ამას აკეთებს?! ძველ ეგვიპტეში ეს პროცესი ადამიანის განვითარების ოთხ საფეხურად ითვლებოდა, იმიტომაც ფუთავდნენ მუმიებად ფარაონებს და მუმიაც ჭუპრია. ლაზარეც ჭუპრია – შეფუთულია; ქრისტეც ჭუპრია ჯვარზე, დაკიდებული – სიკვდილისა და სიცოცხლის კონცენტრატია, ორივე ერთადაა და იმაზეა დამოკიდებული შემდგომი განვითარება, იქიდან რომელი გაიმარჯვებს. ამის შემდეგ ტოვებს საფენებს და მოდის გაცხადება, მოდის სინათლე.

პატარა წერტილიდან ჭია იზრდება, მერე თავის პარკში შედის, იქ გაჭუპრდება. ჭუპრი ქვასავითაა, იქ არაფერია. მეცნიერებმა გამოიკვლიეს და გაზომეს, რა და როგორ ხდება, რა გზას გადის პეპელა, ანუ შედეგი დააფიქსირეს, მაგრამ ვინ არის ის უხილავი, ვინც ასე მოინდომა?! ჭუპრმა მოინდომა, მოდი, პეპლად ვიქცევიო თუ პეპლის არსმა, რომ ჭუპრის მასალიდან თავისი სხეული შეექმნა, თუ თვითონ ხდება – თავისით?! მაგრამ თავისით როგორ მოხდება?! დავუშვათ, ჭუპრში შევედით იმ ტექნიკური საშუალებით, რომელიც მილიონჯერ ადიდებს და რას ვნახავთ იქ?! „იუთუბზე“ იდო ეს კვლევა და მართლაც, იქ რაღაც ცვლილებები დაიწყო, მაგრამ რამ დააწყებინა?! ვინ არის ის, ვინც პეპლად გადაიქცია თავი?! თუ ჭუპრში ეს მოდელი, ეს შესაძლებლობა არ არსებობდა, როგორ მოხდებოდა?! სწორედ ამიტომ შემოდის ის უხილავი ძალა მატერიაში და იმიტომ გავდივართ ამდენ ტკივილს. და ამ მსჯელობისას ისევ იმ საკითხს ვუბრუნდებით: რომელს აირჩევდა ადამიანი, იმთავითვე ისეთი რომ შეექმნა ღმერთს, არსად გადაუხვევდა, თავის ორბიტაზე იქნებოდა, ყველაფერი ექნებოდა და კითხვასაც არ დასვამდა, თუ თავისივე ტკივილებიდან იშობდა თავს?! ამიტომაც წერია, რომ ანგელოზებზე მაღლაა ადამიანი დაყენებული. რატომ? იმიტომ, რომ ანგელოზები სავსე არიან სიკეთით, ვერც ადარებენ თავიანთ თავს ვერაფერს. ხოლო ადამიანი იმიტომაა საოცარი ქმნილება, რომ, როდესაც აქედან აღდგება, ღმერთს ეტყვის: მამა!

უძღები შვილი მამასთან ბრუნდება, ხოლო ის შვილი, უფროსი ძმა, რომელსაც მამა არ დაუკარგავს და სულ მის გვერდით იყო, მამას მამას არ ეძახის და არც თავის ძმას – ძმას, იმიტომ რომ მან არ იცის, რა არის სიყვარული; არ იცის, რა არის სიცოცხლე, რა არის ყოფნა. მოდი, სასწორზე დავდოთ ეს ორი არჩევანი: ფუტკარივით წინასწარ დაპროგრამებული და, მეორე მხრივ, უძღები შვილი, გაპარტახება და სიკვდილში ჩასვლა, მოწყურება და მონატრება, მამას რომ ეტყვი სამყაროს და გაღვიძება და ამაში დარჩენა, ოღონდ იმ ტკივილის ფასად, რაც მთელ ცივილიზაციას დაემართა ან შენს ცხოვრებას დაემართა. რომელს აირჩევდი?! მე მეორეს, იმიტომ რომ გაიგო, რას ნიშნავს, მე ვარ, რაც მარტო ღმერთს აქვს. ბევრჯერ მითქვამს: კი, ღმერთი სიყვარულია, მაგრამ ეს ხომ საქმით უნდა გამოვლიდეს?! ანუ, ახლა რომ მე ამას ვლაპარაკობ, თუ ჩემში არ დავინახე ეს, მაშინ ხომ ისევ ზოგადი ლაპარაკი შემრჩება?! გიყვარდეს ღმერთი მთელი გულითა და მთელი სულითო და რომელი ღმერთი?! ცაში მყოფი? და ცა სად არის?! მე მას ვერ ვხედავ, მაგრამ ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ჯერ უმწიფარი ვარ…

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი