მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 43 წუთის წინ
კითხვა: ძალიან ვნერვიულობ, რომ ჩემს შვილებს, ეზოში თუ სხვაგან, ურთიერთობა უწევთ ისეთ თანატოლებთან, რომელთა შორისაც არიან ღვთისმგმობი ოჯახის შვილები და უზნეოებიც. როგორ დავიცვა ჩემი შვილები?
პასუხი: აუხსენით, რომ ერიდონ ასეთ თანატოლებთან ურთიერთობას, ბევრი ესაუბრეთ უფალზე, მადლზე, სიკეთეზე, თქვენ მიეცით კარგი მაგალითი. მთავარია, ასეთ თანატოლებთან ურთიერთობამ ცოდვისკენ არ უბიძგოს მათ. მათ უნდა შეძლონ კეთილისა და ბოროტის გარჩევა, ურთიერთობა კი, რა თქმა უნდა, ყველანაირ ადამიანთან ექნებათ. თქვენ კი ილოცეთ მათთვის.
კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ვაკურთხოთ საჭმელი, სასმელი და ჩვენი საცხოვრებელი ადგილი?
პასუხი: ჰაერი იკურთხება ნაკურთხი წყლის პკურებითა და კურთხევით, ყველაფერი განიწმინდება ჯვრის გადასახვით. ძალიან მნიშვნელოვანია საკვების კურთხევა. საკვებს დიდი გავლენა აქვს ჩვენი ხორცისა და სულის მდგომარეობაზე. გარედან მოტანილ პროდუქტს გარეცხვამდე გადასახეთ ჯვარი, ჯვრის გადასახვა ანადგურებს შხამის ძალას. ასევე, მნიშვნელოვანია საცხოვრებლის, საწოლის, მეურნეობის ჯვრის სახვით გაწმენდა.
კითხვა: წლის განმავლობაში რამდენჯერ უნდა ეზიაროს მორწმუნე ადამიანი?
პასუხი: მართლმადიდებლურ ტაძრებში ყოველ კვირა დღეს აღევლინება წირვა და ჩვენი ცოდვების გამოსყიდვას უფლის სისხლი და ხორცი სიმბოლურად ეწირება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანი, სასურველია, ყოველ კვირას ეზიარებოდეს, მაგრამ რადგან ამას ჩვენი სულიერი სისუსტისა და მოუმზადებლობის გამო ვერ ვახერხებთ, ზიარება თვეში ერთხელ მაინც უნდა შეძლოთ. 7 წლამდე ასაკში ბავშვებს ზიარებისთვის საგანგებო მომზადება და მარხვის შენახვა არ სჭირდებათ, ამიტომ შეგიძლიათ, ზიარების მისაღებად ისინი ტაძარში ყოველ კვირას მიიყვანოთ.
კითხვა: რატომ არის გარდაცვლილის ოჯახში ჭიშკარი (კარი) ღია? ეს ქრისტიანული ტრადიციაა?
პასუხი: კარის ღიად დატოვებას საეკლესიო კანონიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს საერო ჩვეულებაა, ასეთ დროს ადამიანები ოჯახში თანაგრძნობის გამოსახატავად მიდიან და კარი ღია უნდა იყოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



