რელიგია

რა ერთადერთი უპირატესობა აქვს ქრისტეს, ადამიანთან შედარებით

№21

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00

მამა გურამ ოთხოზოირია
დაკოპირებულია

ღმერთის სახე არც არავის უხილავს და ვერც ვერავინ იხილავს; მას არ აქვს სახელი. ვერც რწმენას მოიხელთებ, ვერც დაამტკიცებ მის არსებობას ან არარსებობას. მეტიც, სხეული ყოველმხრივ გეწინააღმდეგება და წუთისოფელში გითრევს. თითქოს არც არაფერი არსებობს იმას გარდა, რასაც თვალებით ხედავ, ყურებით ისმენ, სურნელს შეისუნთქავ, აგემოვნებ და ეხები. ამ სამყაროში ღმერთი არ ჩანს, მაგრამ სწორედ ამ სამყაროში მოვიდა ძე ღვთისა: რატომ მისცა ღმერთმა ადამიანს სხეული, რომელიც აშორებს ღმერთს? – ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.

მამა გურამი: ადამიანები სხეულებში რომ არიან გამოკეტილები, ეს არის იმ ერთის თავის თვითგამორკვევის ინკუბაციური მდგომარეობები, იმის მსგავსი, კითხვა როცა დაგისვამ და შენ ამ დროს უამრავი აზრი რომ მოგდის თავში. იწყება ჟრიამული და ბოლოს იბადება რაღაც, ანუ პასუხი. ეს წუთისოფელი არის ერთგვარი ჭინთვები: კითხვიდან პასუხის დაბადება. კითხვა – ეს არის ჩემი დაჩრდილული მდგომარეობა, ნაწილობრივი გადაფარული, რომელშიც პოტენციალში დევს პასუხი. მარცვალში დევს საზამთრო, თუმცა შეიძლება, მთელი საუკუნე იდოს მარცვალი და ვერც ვერაფერი მოხდეს, მაგრამ თუ სწორ მდგომარეობაში ჩააგდებ მიწაში, სწორ დროს, სწორი აგროტექნიკით, მაშინ მიიღებ 20-კილოგრამიან საზამთროს. სად იყო ეს საზამთრო? ცალკე მიწა ბლანტი, შავი, უგემური მასაა. აბა, შეაზილე ერთმანეთს მიწა და საზამთროს მარცვალი, გამოვა რამე? ექნება საზამთროს გემო?! არა, მაგრამ, თუ სწორად დათესავ მიწაში და მოუვლი, ტკბილსა და ხრაშუნა ნაყოფს გამოიღებს. საიდან მოდის ეს გემო და ფორმა?! ამაზე მეტი მაგია შეიძლება, არსებობდეს?! მაგრამ ეს ჩვენ, რატომღაც, არ გვიკვირს. ვამბობთ, რომ ბუნების კანონია, ოღონდ საიდან გაჩნდა ეს კანონი?! როგორც კი გაოცების უნარს დავკარგავთ, ყველაფერი დამთავრებულია. ესე იგი, ისევ იქ მივდივართ: ღმერთი არის აი, ის უხილავი, რომელსაც უნდა, რომ თავისი თავი გარეთ გაიტანოს, რომ ადამიანმა შეიცნოს ის, ამით გაახაროს ადამიანი და თვითონაც გაიხაროს. ეს არის ის მაქსიმუმი, რითიც შეგვიძლია, ღმერთზე ვილაპარაკოთ. დანარჩენს აზრი არ აქვს.

კასპაროვი ამბობდა, როდესაც სვლა მინდა, გავაკეთო, უცბად მოდის ინტუიცია, თუ რომელი სვლა უნდა გავაკეთო, მაგრამ არ ვენდობი, ამიტომ ვუტრიალებ, ვუტრიალებ გონებით, ამაში ვკარგავ დროს და ბოლოს მოვდივარ იმავე სვლამდე, რომლის აზრიც პირველად მოვიდაო. ანუ აკეთებს იმას, რაც იმთავითვე მოუვიდა თავში, მაგრამ ვერ გაბედა. რწმენა ბერძნული სიტყვაა, ადრეც მითქვამს და ნიშნავს „კრედოს“. აქედან მომდინარეობს სიტყვა კრედიტი. რა არის კრედიტი? ნდობა. წინასწარ გენდობი და ამის შემდეგ გიმტკიცებ. მე გამოგიყოფ კრედიტს, მაგრამ გამოწმებ და პასუხს გთხოვ, თუ როგორ დახარჯე. ინტუიცია არის ის, რომელშიც ყველაფერია მოცემული მტკიცებულების გარეშე. ამას მეცნიერებიც ამბობენ. აინშტაინიც იმავეს ამბობს, რომ აღმოჩენები უცბად ეძლევათ გონებაში რაღაც განათებით. აინშტაინისვე გამონათქვამია, ინტუიცია არის პირველი, ხოლო გონება მისი მორჩილი მსახური. ჯერ გაელვებაა და შემდეგ იქ ფეხს ადგამ. ანუ რწმენა არის კრედო, კრედიტი, ის, სადაც ფეხი არ გიდგას. და კრედიტი რა არის?! ძალა, შესაძლებლობა, თუ სწორად დახარჯავ ამ კრედიტს, მიიღებ იმას, რისთვისაც ეს კრედიტი გამოგიყვეს. ანუ განათდა, დაინახე და დაიკეტა, ახლა ფეხი უნდა დადგა იქ, განახორციელო დანახული. თუ არ დაინახავდი, წინ ვერ წახვიდოდი. ანუ მთლიანმა გაიელვა და ეს ყოველთვის წინ უსწრებს მოქმედებას. რატომ მოგეწონა? იმიტომ რომ დაინახე? არა, იმიტომ რომ გაგახსენდა. ესე იგი, რა ყოფილა რწმენა? გახსენება. შენს შინაგანს გაახსენდა და შენ ისევ იქ მიდიხარ, საიდანაც მოსწყდი. ოღონდ შენ ეს არ იცი, იმიტომ რომ ამ დედამიწაზე ცნობიერი გამოგიმუშავდა, ფეხი მიწაზე მოიკიდე და უკვე ეს გგონია რეალობა, მაგრამ ამით სად წახვალ?! ვერსად. ამიტომ შიგადაშიგ მოდის ეს განათებები, გახსენებები. ეს მდგომარეობა გენიალურადაა გადმოცემული „ქებათა ქებაში“, შეყვარებულების დამოკიდებულებითაა გადმოცემული ეს ყველაფერი: ბორცვებზე მორბის, იმალება ცხაურებს შორის, შიგადაშიგ გამოკრთება და მიჰყვები, ანუ სახლიდან გამოგიტყუებს. როგორ ვიჭერდით ბავშვობაში პეპელას?! არადა პეპელა დიდი მაიმუნია, თამაში უნდა, პატარა ბავშვი რომ ხარ, დაგიჯდება პეპელა ახლოს და გგონია, მივალ და დავჭერო, მაგრამ მიხვალ თუ არა, გადაფრინდება, ოღონდ შორს არ მიფრინავს, იმიტომ რომ შორს დედა არ გაუშვებს ბავშვს და პეპელაც მოიწყენს. ამიტომ იქვე გადაფრინდება, ბავშვი ისევ მისდევს და ასე იტყუებს ნელ-ნელა. დაახლოებით, ასეთია რწმენაც: ღრიჭოებიდან მარადისობის ნათლის გამოკრთომა, რომელიც გახსენებს, იმიტომ რომ შენ მისი შვილი ხარ; რწმენა არის ის ნათელი, რომელიც დარჩა, სულ აქ არის და არსად წასულა. ეს შენ გაიკეთე გარსი. შენ გეგონა, რომ ის უკვე შორსაა, არადა უფლის თანდასწრება ყოველთვის აქ არის. ყველგან, სადაც ვართ, მოუკლებლადაა ნათელი, მაგრამ ჩვენ იმ ზომით განვიცდით ამას, რა ზომითაც დავმწიფდით მის მისაღებად.

თავდაპირველად მთლიანად ნათელში ვიყავით გაღვრილი და, როდესაც ნათელში იბადები, ვერც ხვდები, რომ ეს ნათელია. მას უნდა მოსწყდე, რომ შემდეგ ხსოვნით, ანუ მარცვლით დათესო, რომ შენი ჭირნახული მოიწიო, რომ შენც ნათელი იყო. ხოლო იქ კი გაღვრილი იყავი, არ იყავი გამოყოფილი, მაგრამ ახლა თვითმყოფადი ნათელი უნდა გახდე: მე ვარ ნათელი, ამბობს უფალი და უნდა, რომ შენ გაჩუქოს, მაგრამ როგორ გაჩუქებს, თუ შიგნით იქნები?! მაშინ თვითონ უნდა ჩაქრეს! აი, ამას ჰქვია ციმცუმი – ეს კაბალისტური ტერმინია და ნიშნავს შუქის მოკლებას, ვინაიდან თუ განგება არ დაიმალება, შენს ნათელს ვერ მიაგნებ. ეს ღმერთის ერთგვარი პედაგოგიკაა. გაჩახჩახებული ნათურის ქვეშ რომ სანთელი ავანთო, რამეს გაანათებს?! არა! დიდი თანდასწრება უნდა მოაკლო, რომ სიბნელეში სანთლის შუქი გამოჩნდეს. დაახლოებით, ეს არის ციმცუმი: ღმერთის ნათლის მოკლება და პატარა ადგილის გამოთავისუფლება, სადაც მარცვალივით ხსოვნა დარჩა. კაბალის ხსენება არავინ შეაშინოს, ეს გადმოცემაა, ტრადიციაა. წითელი ძაფები და მისთანანი კი ტყუილია, ეს ყველაფერი ეზოთერული იუდაიზმია. სხვათა შორის, იუდაური და მართლმადიდებლური ეზოთერიზმი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. სად იყოფა? სადაც ნაკლები შუქია და სად ერთიანდება? სადაც დიდი შუქია. მაგრამ ისიც საინტერესოა, თუ რატომ მოხდა დაყოფა. იმიტომ რომ შუქი ჩვენ შემოვიტანოთ.

ქრისტე ამბობს, მე ვარ ნათელი სოფლისა და შემდეგ ამატებს, დაე, ნათობდეს ნათელი თქვენი წინაშე კაცთასა. რატომ მოვიდა ქრისტე? რომ მას მივყვეთ მიმდევრებივით?! არა, შენ უნდა მოგიკიდოს გულზე კვარი, რომ შენც ქრისტე გახდე, შენც ნათელი გახდე. ესე იგი, ჯერ გარედან მოდის და შემდეგ გეკიდება შიგნიდან. მე რომ შენ სანთელი მოგაკიდებინო, შენს სანთელს ნაკლები ალი ექნება?! ნაკლებად გაანათებს?! რა თქმა უნდა, არა. განსხვავება ისაა, რომ შენ ხარ პირმშო. თორემ ზუსტად იგივე ნათელი გაქვს და შენც ქრისტე ხარ. მისი ერთადერთი უპირატესობაა, რომ პირველია მრავალ ძმათა შორის; პირველი, რომელიც იქიდან განსხეულდა, რომ შენც იგივე ცხოველმყოფელობა გადმოგცეს. ამიტომ რწმენა ქრისტეს მიღებაა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი