მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 09.09

კითხვა: რა ვუყო იმ ცოდვას, რომელსაც მოძღვრის წინაშე ვერ ვამბობ?
პასუხი: აღსარებაში ადამიანმა ნებისმიერი ცოდვა უნდა თქვას. მოძღვარი იმიტომ მოგივლინათ უფალმა, რომ მასთან ნებისმიერი ცოდვა მოინანიოთ. ცოდვა არის დანაშაულთან შეკვრა, სიმძიმე და თუ მას აღსარებაში არ გაამხელთ, როგორღა განეშორებით ამ სიმძიმეს. ადამიანები ცოდვილები არიან და აღსარებაც ლამაზი საქმეების წარმოსაჩენად არ დაუწესებია უფალს. აღსარების დროს ადამიანი თავს კი არ იწონებს, არამედ ცოდვებს ებრძვის, აღიარებს და თავისუფლდება. ისიც გახსოვდეთ, რომ უფალმა ისედაც იცის ადამიანების ცოდვიანი გულისთქმა, მოკვდავთაგან მას მხოლოდ თავმდაბლობით აღიარება და სინანული სურს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მოძღვარი გაბრკოლებთ რაიმეთი, შეგიძლიათ, სხვა მოძღვარს მიმართოთ, მას გაუმხილოთ ცოდვა და რჩევა-დარიგებასაც ის მოგცემთ.
კითხვა: ხშირად ადამიანს ლოცვის დროს გონება ეფანტება და უგულისყუროდ ლოცულობს. რა ძალები მოქმედებენ მასზე მაცდუნებლად ლოცვის დროს?
პასუხი: ლოცვის დროს და მის გარეშეც უსხეულო მტრები შთააგონებენ ადამიანს ბილწ, ვერაგ და საგმობელ აზრებს. სულსა და სხეულს მცონარობისთვის განაწყობენ, ჰგვრიან თვლემას, მთქნარებას, აიძულებენ შეღავათი მისცენ სხეულს – უდროო დროს ჩამოჯდომით, კედელზე მიყუდებით და ასე შემდეგ. თუმცა, გულმოდგინე მლოცველს უფალი ყოველთვის შეეწევა.
კითხვა: როგორ გადავეჩვიოთ წყენის გულში ჩადებას? გულში ჩარჩენილი ეს გრძნობა ტკივილს მაყენებს მეც და ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებსაც.
პასუხი: უფალს არ უყვარს ქედმაღალი, მრისხანე გულისა და ბოროტი მეხსიერების ადამიანები. მრავალი ქრისტიანული სათნოებით შემკულიც რომ იყოს ადამიანი და ბოროტი მეხსიერება ჰქონდეს, ყოველი მისგან ქმნილი ამაო და უნაყოფოა. ამიტომ, ეცადეთ, გულში არ ჩაიტოვოთ წყენა და გათავისუფლდეთ მისგან.
კითხვა: დედამ მიყიდა ღვთისმშობლის ხატი. მე წარმოვთქვი ლოცვა და სამჯერ ვაპკურე ნაკურთხი წყალი. გახდა თუ არა ნაკურთხი ხატი?
პასუხი: ხატებს აკურთხებენ მღვდელმსახურები. აქედან გამომდინარე, თქვენი ხატი ვერ იქნება ნაკურთხი, სანამ სასულიერო პირს არ აკურთხებინებთ.
კითხვა: ეკლესიური სწავლებით, რა შეიძლება, ჩაითვალოს ცოდვად?
პასუხი: ყოველი ქმედება, რაც აზიანებს ადამიანს, ადამიანურ ურთიერთობებს და ღმერთის მცნებებს ეწინააღმდეგება, ცოდვაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...