მოძღვარი გვირჩევს
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 02.09

კითხვა: გამიგია, რომ დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე არ შეიძლება ფიზიკურად მუშაობა, არც სახლში და არც გარეთ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
პასუხი: არსებობს წესი: ექვსი დღე აკეთე შენი საქმე, მეშვიდე – მიუძღვენი უფალს შენსას. კვირა-უქმესა და სადღესასწაულო დღეებში ქრისტიანი, როგორც წესი, საღვთო მსახურებას ესწრება, ხოლო სახლში ამ დღეებში მიზანშეწონილია საეკლესიო წიგნების კითხვა და ლოცვა. შეძლებისდაგვარად, ყოველი საქმე, რომელიც შეიძლება, მომდევნო დღისთვის გადადოთ, არ გააკეთოთ იმ დღეს. მაგრამ ყოველთვის არის ისეთი აუცილებელი საქმეები, რომელსაც ვერ გადადებ. მაგალითად: ბავშვის მოვლა, სადილის მომზადება, ავადმყოფზე ზრუნვა და სხვა.
კითხვა: არსებობს თუ არა საეკლესიო კანონი, რა ასაკიდან შეიძლება ჯვრისწერა?
პასუხი: ჯვრისწერა ღვთის დიდი საიდუმლოა და ადამიანს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ამ საიდუმლოს მადლი. როგორც წესი, ნაადრევ ასაკში ეს გაცნობიერებული არ არის. ცოლ-ქმარმა ღვთისა და ერთმანეთის მორჩილებით უნდა იცხოვროს. ამას წინასწარი სულიერი მომზადება სჭირდება. ოჯახის შექმნისთანავე უამრავი სიძნელე იჩენს თავს არა მარტო მატერიალურად, არამედ სულიერადაც. მატერიალური კეთილდღეობის მიღწევა უფრო ადვილია, ვიდრე სულიერი თანხმობის. თუ ადამიანი კარგად არ იცნობს მომავალი მეუღლის ხასიათს, ოჯახურ სიძნელეებს ვერ გაუძლებს. ამიტომაც ინგრევა ნაადრევად შექმნილი ოჯახები. ეს რომ არ მოხდეს, ახალგაზრდები ოჯახის შექმნამდე უნდა მივიდნენ მოძღვართან, ჰკითხონ მას რჩევა. როდესაც მომავალი მეუღლეები ქორწინებისთვის მტკიცე რწმენით არიან მომზადებული, მაშინ ოჯახი ბედნიერი იქნება.
კითხვა: ხანდახან ასეთი აზრები მიპყრობს და ვერაფერს ვუხერხებ – თუ მალე იქნება სამყაროს აღსასრული, მეორედ მოსვლა, რაზეც ხშირად საუბრობენ, ღირს თუ არა სწავლა და საერთოდ რაიმეს კეთება?
პასუხი: ქრისტეს მეორედ მოსვლის დღე და საათი დანამდვილებით არავინ იცის. ამიტომ საჭიროა გამუდმებით შრომა, სწავლა, მუშაობა, საკუთარი თავის სრულყოფა. ჯერჯერობით გვაძლევს უფალი დროს, საჭიროა ბრძოლა საკუთარ ცოდვილ მიდრეკილებებთან, სულიდან ყოველგვარი ბოროტების, ცუდის, უსარგებლოს გამოდევნა. უნდა გვახსოვდეს, რომ იქნება სამყაროს დასასრული და ჩვენ მუდამ მზად უნდა ვიყოთ მასთან შესახვედრად. ამიტომ ადამიანი გადამეტებულად არ უნდა მიეცეს მიწიერ სიამოვნებას და ფხიზლად და სწორად უნდა იცხოვროს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...