რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№17

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 05.05, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: შეიძლება თუ არა, კარგი საქმე ვაკეთოთ ურიგო საშუალებებით? ანუ, მიზანი ამართლებს თუ არა საშუალებას?

პასუხი: რაც არ უნდა დიადი იყოს მიზანი, ის საშუალებებს არ ამართლებს, ეს შეხედულება არასწორია. არ შეიძლება და არც უნდა ცდილობდე, რომ ურიგო საშუალებებით კეთილ საქმეს მიაღწიო.

კითხვა: როგორ მივხვდეთ, ვართ თუ არა ცხონების გზაზე?

პასუხი: ნიშნები, რომლის მიხედვითაც შეიძლება გაგება იმისა, ვიმყოფებით თუ არა ცხონების გზაზე, არის: 1) სიყვარული ღვთის სიტყვისა; 2) სიყვარული ლოცვისა და საღმრთო საიდუმლოთა, როგორიცაა აღსარება და ზიარება; 3) შეწყნარება განსაცდელისა, როგორც ღვთის ხელიდან მიღებულისა; 4) შინაგანად განრიდება ყველა მძიმე ცოდვისგან.

კითხვა: რატომ არის სინანული ასეთი მნიშვნელოვანი?

პასუხი: სინანული, მამათა სწავლების მიხედვით, ადამიანს უხელს თვალს, მასში ბადებს ცოდვათა დანახვის უნარს. ერთი ცოდვის მომნანიებელი ადამიანი სხვა ცოდვების შემჩნევას იწყებს, იხსენებს ადრე დავიწყებულ, მოუნანიებელ ცოდვებს და თავად ცოდვებიც თანდათანობით უფრო მძიმედ ეჩვენება. ამის გამო ტიროდნენ თავიანთ ცოდვებზე, შემდგომში უკვე საკვირველმოქმედი წმიდანები.

კითხვა: რომელი ლოცვები უნდა ვთქვათ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებისა და ჯვარცმის წინ?

პასუხი: მაცხოვრის ხატის წინ ილოცეთ: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყლე მე ცოდვილი“ ან „აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, უფალო, მომიტევე მე“. ღვთისმშობლის ხატის წინ თქვით; „ყოვლაწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“. მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის წინ თქვით ლოცვა: „ჯუარსა შენსა თაყვანს ვცემთ, მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა უგალობთ და ვადიდებთ“. ამის შემდეგ მუხლმოდრეკით თაყვანი ეცით წმიდა ჯვარს და თუ სიმდაბლითა და მხურვალე სარწმუნოებით დგახართ მაცხოვრის, ღვთისმშობლის ხატებისა და ჯვარცმის წინ, მიიღებთ იმას, რასაც გულით ითხოვთ.

კითხვა: შეიძლება, დავსხდეთ ეკლესიაში წირვა-ლოცვის დროს, თუკი ფეხზე დგომა არ შეგვიძლია?

პასუხი: ამ კითხვაზე მღვდელმთავარი ფილარეტ მოსკოველი ასე პასუხობს: „უმჯობესია, დამჯდარმა იფიქრო ღმერთზე, ვიდრე ფეხზე მდგომმა – ფეხებზე“, თუმცა სახარების კითხვის დროს აუცილებელია ფეხზე დგომა.

კითხვა: აღდგომის ხატზე ასახულია ქრისტეს მიერ ჯოჯოხეთიდან მართალთა ამოყვანა. თუ მართალთა სულები არიან ხატზე გამოსახული, რატომ იყვნენ ისინი ჯოჯოხეთში?

პასუხი: მხოლოდ ქრისტეს აღდგომის შემდეგ განიხვნა უკუნის კარი – მანამდე მართალნი ჯოჯოხეთში იმყოფებოდნენ, მაგრამ ტანჯვას არ განიცდიდნენ სიმართლით განვლილი ცხოვრების გამო. მათ სამყოფელს უწოდებდნენ აბრაამის წიაღს. იქ არ იყო ტანჯვა, მაგრამ არც სრული ნეტარება იყო, როგორც სასუფეველშია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი