რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№16

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 29.04, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რამდენად სწორია, რომ ქრისტიანი მხოლოდ აღდგომის დღეს კი არა, მას შემდეგაც უნდა წარმოთქვამდეს მისალმებას „ქრისტე აღდგა“?

პასუხი: მართლმორწმუნე ქრისტიანი აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში შეხვედრისას, „გამარჯობის“ ნაცვლად წარმოთქვამს „ქრისტე აღდგა“, რითაც ქრისტეს აღდგომას ახარებს სხვა მორწმუნე ადამიანს და პასუხს იღებს: „ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!“

კითხვა: აღდგომას უფლის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა ქრისტიანულ სასწაულად არის აღიარებული. თუ შეიძლება, გვესაუბრეთ მის შესახებ.

პასუხი: ჩვენი ეკლესია და სამღვდელოება ამ მოვლენას ღვითიური მადლით მოვლინებულ სასწაულად მიიჩნევს, რომლის მომსწრენი ბოლო წლებში ჩვენი თანამემამულეებიც არიან. უფლის საფლავზე აღმართულ სამლოცველოში – კუვუკლიაში შედის მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელსაც ხელში უჭირავს აუნთებელი სანთლები. მას არ გააჩნია არანაირი ასანთები საშუალება – ამისთვის წინასწარ, შესვლის წინ საგანგებოდ ამოწმებენ ხოლმე სამლოცველოს. შემდეგ იწყება მხურვალე ლოცვა-ვედრება და ზეციდან გადმოდის მადლმოსილი ცეცხლი, პატრიარქის ხელში სასწაულებრივად ინთება სანთლები და ისიც, სიხარულით სავსე, ანთებული სანთლებით გამოდის მორწმუნეებთან. ცეცხლი მაშინვე ყველას გადაეცემა, ამისთვის არ არის საჭირო სანთლების ერთმანეთზე შეხება ან ახლოს მოტანა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ღვთაებრივი ცეცხლი არ წვავს. უფალმა ნუ მოუშალოს სრულიად საქრისტიანოს ეს მადლი!

კითხვა: აღდგომის სადღესასწაულო დღეებში არსებობს ერთმანეთისთვის წითელი კვერცხების გაცვლის ტრადიცია. რისი სიმბოლოა წითელი კვერცხი?

პასუხი: სააღდგომო კვერცხში განსახიერებულია უფლის სიკვდილი და აღდგომა – ეს ორი მოვლენა, რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მოიხსენიება. როგორც კვერცხის უსიცოცხლო ნაჭუჭიდან გამოდის სიცოცხლე, რაც მანამდე დაფარული იყო, ასევე, დახურული და დაბეჭდილი სამარხიდან აღდგა მაცხოვარი და აღდგებიან გარდაცვლილნი მარადიული ცხოვრებისთვის. ეს მარადიული ცხოვრება ადამიანებს მაცხოვარმა მოუტანა საკუთარი სისხლით, რასაც კვერცხის წითელი შეფერილობა აღნიშნავს. ამრიგად, როდესაც მართლმადიდებელი ქრისტანები წითელ კვერცხებს ცვლიან, ერთმანეთს ღვთაებრივი რწმენის უმთავრეს დოგმატს შეახსენებენ და რწმენაში განმტკიცდებიან.

კითხვა: გვესაუბრეთ აღდგომის დღესასწაულის შესახებ.

პასუხი: აღდგომა არის დღესასწაულთა შორის დღესასწაული. ის უმთავრესი და უპირატესია, რადგან მასში არის ჩადებული ქრისტიანობის მთავარი არსი. ცნობილია საუფლო თორმეტი დღესასწაული, რომლებიც უკავშირდება უფალსა და ღვთისმშობელ მარიამს, ხოლო აღდგომა მათზე მაღლა დგას, ამიტომაც მოვიხსენიებთ მას, როგორც ბრწყინვალე დღესასწაულს. აღდგომის დღესასწაული ყოველ წელს სხვადასხვა დღეს აღინიშნება (კვირას) და დამოკიდებულია გაზაფხულის ბუნიობასთან (დღეღამსწორობასთან). აღდგომას წინ უძღვის 48-დღიანი მძიმე მარხვა, რომელიც თევზით მხოლოდ ხარებას, ლაზარეს შაბათს და ბზობას არის ხსნილი. სრულად საქრისტიანო უდიდესი მოლოდინითა და სიხარულით ელოდება ამ დღეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი