რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№10

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 18.03, 2023 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება, ადამიანს გაუჩნდეს უკეთური აზრები უფლის, ღვთისმშობლისა და სხვა წმიდანების მიმართ?

პასუხი: თუ სინამდვილეში ამ აზრებს არ ეთანხმებით, მაშინ ეცადეთ, არანაირი ყურადღება არ მიაქციოთ მათ. არ იფიქროთ, რომ თავად ხართ დამნაშავე ამ უკეთური აზრების გაჩენაში. შესაძლოა, ეს ეშმაკეული, ჩაგონებული ბოროტებაა, რომლის მიზანია, ადამიანი უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს, თითქოს, ის იმდენად ცოდვილია, რომ თვით სიწმიდეების მიმართაც მკრეხელური აზრები უჩნდება. ბოროტ ძალას უნდა, დააშოროს ადამიანი ღმერთს და ხელი ააღებინოს ეკლესიაში სიარულზე.

კითხვა: ისჯება თუ არა ადამიანი ცოდვიანი ფიქრებისთვის?

პასუხი: უფალი კრძალავს არა მხოლოდ ბოროტ საქმეებს, არამედ სურვილებსა და ზრახვებს. თუ სურვილები და ზრახვები ცოდვიანია, ისინი აუწმინდურებენ სულს. ამასთანავე, ბოროტი სურვილებისა და ზრახვებისგან იშვება ბოროტი ქმედებანი. რომ არ ყოფილიყო ბოროტი სურვილები და ზრახვები, არც ბოროტი საქმეები იქნებოდა. მოქმედება არის სურვილის გამოვლინება. ამიტომ არის აუცილებელი საკუთარ თავში ცოდვისკენ მიდრეკილი ზრახვებისა და სურვილების დათრგუნვა და მათი სიკეთეზე დაფუძნება.

კითხვა: ეკლესიური სწავლებით, კონკრეტულად რა მოეთხოვება ქრისტიანს მოყვასის მიმართ?

პასუხი: გარდა იმისა, რომ მოყვასს უნდა ავარიდოთ მისი ცხოვრებისა და ჯანმრთელობისთვის მავნე ზემოქმედება, არ უნდა დაგვავიწყდეს, ეკლესია გამოყოფს შვიდ სათნო საქმეს. ესენია: 1) ჭმევა მშიერთა; 2) სმევა მწყურვალთა; 3) შემოსვა შიშველთა; 4) შეწყნარება უცხოთა; 5) მოკითხვა სნეულთა; 6) მიხედვა პატიმართა; 7) დაფვლა მიცვალებულთა. ყველა ეს საქმიანობა, რომელიც მოყვასს დახმარებას უწევს, მოწყალებათა ხორციელ საქმეებად იწოდება. ასევე, შვიდ მოწყალებათა საქმედ დაწესებულია სულიერი დახმარებაც. ესენია: 1) მოქცევა ცოდვილთა; 2) სწავლება უმეცართა; 3) განმართვა დაბრკოლებულთა; 4) ნუგეშისცემა მწუხარეთა; 5) მოთმინებით ატანა უსამართლობისა; 6) მიტევება შემცოდეთა (თანამდებთა); 7) ღმერთთან ვედრება მოყვასთა საცხონებლად.

კითხვა: სასულიერო ლიტერატურაში ამოვიკითხე, რომ ქრისტიანი განუწყვეტლივ უნდა ლოცულობდეს. როგორ გავიგოთ ეს?

პასუხი: ყოველჟამიერი და განუწყვეტელი ლოცვა იმას კი არ გულისხმობს რომ განუწყვეტლივ ვიკითხოთ ფსალმუნები და ლოცვები – ეს შეუძლებელია (ყოველ ადამიანს უწევს თავისი პროფესიული თუ ყოფითი საქმის კეთება, მას ესაჭიროება დასვენება, ძილი და სხვა), მაგრამ ეს ნიშნავს, რომ რა საქმესაც არ უნდა ვიწყებდეთ, ჩვენი გონება და გული უნდა მოვმართოთ უფლისკენ და ვთხოვოთ მას წყალობა, დახმარება და შემწეობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

26 თებერვალი - 3 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი