რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№45

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 19.11, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როდესაც აღსარებას ვამბობ, მაწუხებს იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა, ბავშვობიდან მოყოლებული, ბევრი ისეთი ცოდვა მაქვს ჩადენილი, რაც აღარ მახსოვს, რადგან მაშინ ყურადღებას არ ვაქცევდი. როგორ მოვინანიო ასეთი ცოდვები?

პასუხი: ყოველი ქრისტიანი უნდა ფიქრობდეს ამაზე და ამისთვის საჭიროა შეიძინოთ საგანგებო საღვთისმეტყველო გამოცემები, სადაც ცოდვების ზედმიწევნით სრული ჩამონათვალია. როდესაც მათ გაეცნობით, შეძლებთ, მიუსადაგოთ თქვენს ცოდვებს და შემდეგ მოინანიეთ. იმისთვის, რომ აღსარებაზე მივიღოთ, რაც შეიძლება, სრული გათავისუფლება ცოდვებისგან, უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ აგვიხილოს თვალები ჩვენს ყველა ცოდვაზე, რომელთაც ჩვენი უძლური ბუნების გამო ვივიწყებთ. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ დიდმარხვის დროს ყველა ტაძარში ტარდება შვიდგზის ზეთისცხება. ამ საიდუმლოში მონაწილეობით მიიღება პატიება ყველა იმ ცოდვებისთვის, რომლებიც დავიწყებული გვაქვს.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა, ცოლ-ქმარმა ერთი ბავშვი მონათლოს?

პასუხი: ცოლი-ქმარი ვალდებულია, იზრუნონ ერთმანეთის ნათლულებზე. როგორც წმიდა წერილი გვასწავლის, ცოლ-ქმარი „ერთ სულ და ერთ ხორც არს“. და რადგანაც ერთი ბავშვის ნათლიებს შორის ქორწინება აკრძალულია, ცოლ-ქმარიც ვერ მონათლავს ერთ ბავშვს.

კითხვა: შეიძლება თუ არა, მართლმადიდებლის ოჯახში ინახებოდეს კათოლიკური ხატი?

პასუხი: მართლმადიდებლურ ოჯახში შეიძლება, ინახებოდეს კათოლიკური ხატი, მაგრამ მასზე არ უნდა ილოცოთ და არ უნდა დაანთოთ სანთელი, ისევე როგორც შესაძლოა მართლმადიდებელი გაეცნოს ნებისმიერ რელიგიას, მოძღვრებას, მაგრამ ეს გააკეთოს ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით და არა იმიტომ, რომ მისდიოს მათ. აქ ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ადამიანი მყარად იყოს თავის სარწმუნოებაში, რათა არ ცდუნდეს, არ ჩაიგდოს თავი ცოდვაში. ასეთ საკითხებთან სიფრთხილეა საჭირო.

კითხვა: ხსნის თუ არა ჯადოს წმიდა კვიპრიანეს ლოცვები და რამდენად სწორია, რომ ეს ლოცვები სახლში ვიკითხოთ?

პასუხი: სანამ ქრისტეს ირწმუნებდა წმიდა კვიპრიანე იყო ჯადოქარი, მაგრამ უფლის ძლიერების მხილველმა უარყო ცრუმოძღვრება და მღვდელმთავარი გახდა. შემდეგ კი მოწამებრივად აღესრულა ქრისტესთვის. ის სიცოცხლეშივე ეხმარებოდა ადამიანებს, რომ თავი დაეცვათ ეშმაკისგან და ბუნებრივია, იმქვეყნიური საუფლოდანაც დაგეხმარებათ. სასურველია, ამ ლოცვების წაკითხვისთვის ლოცვა-კურთხევა მოძღვარს სთხოვოთ, მაგრამ ასევე, გახსოვდეთ, რომ ადამიანის ყველაზე დიდი დამცველი არის წმიდა ზიარება. თუ აღსარება არ თქვით და არ ეზიარეთ, თქვენს ლოცვებს დიდი ძალა არ ექნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი