რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№1

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 16.01

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ზოგ მორწმუნეს სახლი გავსებული აქვს საკლესიო ნივთებით – ხატებით, ჯვრებით, საეკლესიო ლიტერატურით. ზოგიერთი ამას გადაჭარბებულ საქციელად მიიჩნევს და ზედმეტადაც კი ეჩვენება. ეკლესიური სწავლებით, რომელი მიდგომაა უფრო მართებული?
პასუხი: ყოფით ცხოვრებაში ნებისმიერი ნივთი და საგანი ადამიანში აღძრავს ამა თუ იმ გრძნობას, აზრსა და სურვილს. ამიტომ სულის ხსნისთვის უმჯობესია, ისეთი საგნების გარემოცვაში ვიმყოფებოდეთ, რომელიც ღმერთთან სიახლოვის განცდას შეგვძენს და არა პირიქით – ბილწი ვნებებით აღგვავსებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ზომიერება უნდა დავიცვათ.
კითხვა: რამდენად გამართლებულია ეკლესიაში (შიგნით და არა მის მიმდებარე ტერიტორიაზე) სანთლების გარდა სხვა საეკლესიო ნივთებით – საეკლესიო წიგნებით, ბროშურებით, კალენდრებით, ხატებით, ჯვრებითა და ასე შემდეგ ვაჭრობა? ცნობილია, რომ იესო ქრისტემ ტაძრიდან ვაჭრები გამოდევნა.
პასუხი: როდესაც წმიდა წერილში ტაძრიდან ვაჭრების გამოდევნაზეა ლაპარაკი, იქ არ არის ნაგულისხმები საღვთო საგნებით ვაჭრობა. დღევანდელ პირობებში, ეკლესიის არსებობის ერთ-ერთი პირობა და საშუალება საეკლესიო ნივთებით ვაჭრობით მიღებული შემოსავალია.
კითხვა: ცოდვად ჩაეთვლება თუ არა ადამიანს ესა თუ ის საქციელი, რომელიც უცოდინრობით ჩაიდინა? ამბობენ, არცოდნა არცოდვააო.
პასუხი: ყოველ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს სათანადო ცოდნა და ის ვალდებულია, იცოდეს, რადგან არცოდნით ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. ეკლესიური სწავლება არ იზიარებს გამოთქმას: არცოდნა არცოდვააო! თუმცა, რა თქმა უნდა, მას უფრო მოეკითხება, ვინც იცოდა და მაინც სცოდა.
კითხვა: როდის რეკენ ზარებს ეკლესიაში?
პასუხი: მართლმადიდებლურ ეკლესიაში ზარებს რეკენ, როდესაც იწყება ღვთისმსახურება და მორწმუნეებს საღმრთო მსახურების დაწყებას ატყობინებენ; ასევე, ლიტანიის დროს, რათა მას მიეცეს განსაკუთრებულად სადღესასწაულო ელფერი; ეკლესიის გარდაცვლილი წევრების დაკრძალვისას და სხვა რომელიმე საგანგებო და სადღესასწაულო მომენტებში.
კითხვა: როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ავადმყოფობის მიმართ?
პასუხი: ავადმყოფობაც უფლისგან არის ნაბოძები, ისევე როგორც ყველაფერი და ის სიკეთისთვისაა, ამიტომ ავადმყოფობისთვისაც მადლობა უნდა შევწიროთ უფალს. თუ ავადმყოფობის მიზეზი თქვენვე ხართ, შეინანეთ უფლის წინაშე, რომ არ გაუფრთხილდით ღვთის მიერ ნაბოძებ ჯანმრთელობას. ავადმყოფობა ამდაბლებს, ალბობს სულს და უმსუბუქებს ტვირთს, რომელიც ჩვეულებისამებრ, მოიწევა ხოლმე მასზე მრავალი საზრუნავის გამო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

1-7 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

მარკუს მეტრეველი

მარკუს მეტრეველი: ვემტერები ურწმუნო ადამიანებს