რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№29

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 30.07, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: მოძღვართან აღსარებაზე მისვლის წინ უნდა ვიმარხულოთ თუ არა რამდენიმე დღე?

პასუხი: თუ არ არის მარხვის პერიოდი, საკუთარი თავისთვის მარხვის დაწესება არ არის აუცილებელი.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ნათლობამ დადებითად იმოქმედოს ავადმყოფი ბავშვის ჯანმრთელობაზე?

პასუხი: ქრისტიანობის ისტორიაში აღწერილია მრავალი შემთხვევა, როდესაც ნათლისღების საიდუმლოს შესრულებას არათუ დადებითი გავლენა მოუხდენია ბავშვის ჯანმრთელობაზე, არამედ სასიკვდილოდ გადადებულიც კი მოუბრუნებია.

კითხვა: ვარ დასაქორწინებელი. მინდა, შევქმნა ოჯახი. მზად ვარ ამისთვის, მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგოა. უკვე სერიოზულად ვფიქრობ, რომ ბედი მაქვს ჩაკეტილი ან ჯადო მაქვს გაკეთებული. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?

პასუხი: შეიძლება, დავუშვათ, რომ თქვენ მიმართ მართლაც მოქმედებდეს ბოროტი ძალა, ეკლესია არც ამ ძალების არსებობას უარყოფს და არც მათ უარყოფით ენერგეტიკულ ზემოქმედებას. მაგრამ ბედი არანაირი ერთჯერადი ქმედებით არ გაგეხსნებათ, თუ არ დაიწყებთ ეკლესიურ-ქრისტიანულ ცხოვრებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, გადმოვიდეს თქვენზე სულიწმიდის მადლი და უფლის კურთხევა.

კითხვა: რატომ ხდება მიცვალებულის მოხსენიება გარდაცვალებიდან მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს?

პასუხი: გარდაცვალებიდან მესამე დღეს მოხსენიებას აქვს საიდუმლო მნიშვნელობა, რომელიც ეხება სულის იმქვეყნიურ მდგომარეობას, ამ დროს ლოცვის შედეგად მიცვალებულის სულს უმსუბუქდება მწუხარება, რომელსაც გარდაცვალების გამო გრძნობს. გარდაცვალების შემდეგ ორ დღეს სული ანგელოზებთან ერთად მიწაზე იმყოფება, იქ, სადაც მას სურს. სული ზოგჯერ იმ სახლის მახლობლად ტრიალებს, სადაც ცხოვრობდა, ხოლო მესამე დღეს, უფლის ნებით, სული ღვთის თაყვანისცემად ზეცაში ადის. ამის შემდეგ მას უჩვენებენ სამოთხის მშვენიერებას, ის ექვსი დღის განმავლობაში ათვალიერებს ყოველივეს და მეცხრე დღეს ანგელოზებს კვლავ მიჰყავთ უფალთან, შემდეგ კი სული ჩაჰყავთ ჯოჯოხეთში და 30 დღის განმავლობაში მოატარებენ იქაურობას. მიცვალებულის გამო ორმოცი დღის განმავლობაში გლოვა უძველესი დროიდან მოდის. რიცხვი ორმოცი მნიშვნელოვანია. როგორც უფალმა, იესო ქრისტემ სძლია ეშმაკს მას შემდეგ, რაც ორმოცი დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა, ისე წმიდა ეკლესია ორმოცი დღის განმავლობაში ლოცულობს, მოწყალებას გასცემს და უსისხლო მსხვერპლს სწირავს მიცვალებულისთვის. გამოითხოვს ღვთის მადლს, რომ ცათა სასუფეველი დაუმკვიდრდეს. მეორმოცე დღეს სული უფლის სამსჯავროზე წარდგება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი