რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№28

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 23.07, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მიწიერ და ზეციურ საზრუნავთა მიმართ?

პასუხი: როგორ წმიდა მამა ათანასე დიდი ამბობდა: „უფალს ნებავს, რომ სულელნი ვიყოთ მიწიერ საზრუნავთა მიმართ და ბრძენნი – ზეციურ საზრუნავთა მიმართ“.

კითხვა: როდის არ შეისმენს უფალი ჩვენს ლოცვას?

პასუხი: ლოცვას არ აქვს ფასი, როდესაც ის გულწრფელად არ მიემართება უფლისკენ ან უგულისყუროდ არის წარმოთქმული. თავად მაცხოვარი ბრძანებს ასეთ მლოცველთა შესახებ: „ეს ხალხი პატივს მცემს ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან“ (მათე, 15.8).

კითხვა: რატომ გვიჭირს ხშირად პატიების თხოვნა და ბოდიშის მოხდა მოყვასის მიმართ?

პასუხი: პატიების თხოვნა და ბოდიშის მოხდა მოყვასის წინაშე პატივმოყვარე და ამპარტავან ადამიანს უჭირს.

კითხვა: სიზმარში ხშირად ვხედავ ჩემს გარდაცვლილ ახლობლებს. რატომ ხდება ასე და როგორ მოვიქცე?

პასუხი: სიზმრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ, მაგრამ თუ სიმშვიდეს მაინც ვერ პოულობთ, მოიხსენიეთ თქვენი გარდაცვლილი ახლობლები პირად ლოცვებში, მოძღვარს გადაახდევინეთ პანაშვიდი. ისინი თქვენგან ლოცვასა და შეწევნას მოითხოვენ.

კითხვა: ჩამეთვლება თუ არა ცოდვაში, როცა უფროს ადამიანს მკაცრად მოვექცევი, თუკი ის ამას იმსახურებს?

პასუხი: ასაკითა და წოდებით უფროსს (სასულიერო იქნება თუ საერო) პატივისცემით უნდა მოექცეთ, ისე, როგორც ზნეობრივ ოჯახში მამას ექცევიან. თუ დააკვირდებით, სადაც ეს წესია დამკვიდრებული, ის ოჯახი პატივსაცემი და ღირსეულია. ამის გარდა, უფროსის პატივისცემა ბუნების, სიცოცხლის კანონიც არის და როდესაც მას ვეწინაამდეგებით, ღვთის განჩინებას უარვყოფთ. მკაცრად მოქცევაშიც ზომიერების დაცვაა საჭირო. შესაძლოა, უფროსს გარკვეულ სიტუაციაში მკაცრად მოექცეთ, მაგრამ ის უნდა გრძნობდეს თქვენს პატივისცემასა და თანადგომას.

კითხვა: ამბობენ, რომ ნაკურთხ სახლში ძაღლის, კატისა და ფრინველების ყოფნა არ შეიძლება. რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

პასუხი: სახლში ფრინველებისა და ცხოველების ყოლა არ არის სარწმუნოებრივი საკითხი. შეგიძლიათ, იყოლიოთ ცხოველები და ფრინველები, მაგრამ ბევრ ადამიანს შინაური ცხოველები იმდენად ჰყავს გაფეტიშებული, დრო აღარაფრისთვის რჩება. ქრისტიანმა თავისი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი მოყვასზე ზრუნვასა და ბევრი კეთილი საქმის კეთებას უნდა დაუთმოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი