რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№15

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 23.04, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორც გავიგე, იმ ადამიანს, ვინც ეკლესიაში დადის, უფრო მეტად ებრძვის ბოროტი ძალა. რამდენად მართალია ეს და თუ ასეა, რატომ ხდება ასე? ეკლესიაში ვინც დადის, ის უფრო დაუცველია?

პასუხი: ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტ ძალას არ უნდა, რომ ადამიანს უფალი იცავდეს. ბოროტ ძალას იმდენად შურს იმ სიკეთის, რაც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა, სულ ცდილობს, ადამიანი ამ სიკეთეს განაშოროს. ამიტომაც აცდუნებს. ხოლო როდესაც ადამიანი ცოდვას ემონება, ბოროტი ძალა მშვიდდება. მსხვერპლს ჩააგონებს, რომ ზუსტად ასეთი ცხოვრებაა სწორი, ამიტომაც არის, რომ ხშირად ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანი ვერ აცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას, არ მიიჩნევს, რომ არასწორად იქცევა და არც ცდილობს გამოსწორებას. ეს იმის ნიშანია, რომ ის ძალიან არის დაშორებული უფალს და როდესაც ადამიანი დაინახავს თავისი მდგომარეობის სიმძიმეს და გადაწყვეტს, ეკლესიას მიაშუროს, ბოროტი ძალა ისევ აქტიურდება და უტევს მას. უნდა იცოდეთ, რომ რაც უფრო მეტად დაუდგებით გვერდით უფალს და ეკლესიურად გაძლიერდებით, მით უფრო შესუსტდება ბოროტი ძალა და ვერაფერს დაგაკლებთ.

კითხვა: როგორც ცნობილია, გიორგობას ორჯერ ვზეიმობთ – 6 მაისს და 23 ნოემბერს, რატომ აღინიშნება ეს დღესასწაული ორჯერ?

პასუხი: წმიდა გიორგი იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში და ის იმდენად საყვარელი წმიდანია ქართველებისთვის, რომ ნათქვამია, წლის ყოველ დღეს რომელიმე სოფელში წმიდა გიორგის ხსენება აღინიშნებაო, აქედან მომდინარეობს 365 წმიდა გიორგის სახელიც. რაც შეეხება 6 მაისსა და 23 ნოემბერს – 6 მაისი არის წმიდა გიორგის გარდაცვალების დღე, რაც უდიდესი დღესასწაულია, 23 ნოემბერი კი – მისი ბორბალზე გაკვრის, წამების დღე, რასაც საქართველოში განსაკუთრებით აღვნიშნავთ.

კითხვა: დიდი სურვილი მაქვს, წავიდე მონასტერში და გარკვეული პერიოდი იქ ვიცხოვრო. რა უნდა იცოდეს იქ წამსვლელმა და როგორია ბერის ცხოვრება?

პასუხი: სანამ მონასტერში წახვალთ, მანამდე უნდა იცხოვროთ, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს შეეფერება. ამასთანავე, კარგად უნდა გაეცნოთ საეკლესიო სწავლებებს. თუკი შემდეგ მონასტერში წასვლის სურვილი კვლავ გექნებათ, დაელაპარაკეთ მოძღვარს. ის თქვენს სურვილს გაითვალისწინებს, ასევე გაერკვევა თქვენს სულიერ მდგომარეობაში და თუ ამას საჭიროდ ჩათვლის, ისე გაგიშვებთ მონასტერში. მონასტერში გარკვეული დროის გატარების შემდეგ მიხვდებით, შეძლებთ თუ არა იმ ტვირთის ტარებას, რაც ბერულ ცხოვრებას ახლავს. რჩევებს მოგცემთ მონასტრის გამოცდილი საძმო, ვინც ეს ეტაპი უკვე გაიარა, გამოცდილების მიღებისა და მომზადების შემდეგ, თქვენი სურვილით, შეგიძლიათ, აღიკვეცოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი