რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№52

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 08.01, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ხშირად უნდა ვთქვათ თუ არა აღსარება?

პასუხი: აღსარების ხშირად თქმა აუცილებელია, რადგან ჩვენ იოლად ვივიწყებთ ცოდვებს, ხოლო როდესაც სულიერ მოძღვარს გავენდობით, ეს ცოდვები ძირფესვიანად ამოიძირკვება. გარდა ამისა, სინანული თვალს გვიხელს ცოდვებზე. როდესაც ერთს მოინანიებს ადამიანი, სხვა ცოდვების დანახვას იწყებს. ვინც მიეჩვევა, აღსარების დროს პასუხი აგოს საკუთარ საქციელზე ამქვეყნიურ ცხოვრებაში, მას არ გაუჭირდება პასუხის გაცემა ქრისტეს სამსჯავროზე. სწორედ ამიტომ არის დაწესებული აქაური მცირე სამსჯავრო, რათა ამ მონანიებით განწმენდილებსა და გამოსწორებულებს, მოგვეცეს საშუალება შეურცხვენლად წარვდგეთ ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე.

კითხვა: ვარ რამდენიმე თვის ორსული. მე და ჩემი მეუღლე არ ვართ ეკლესიურები და არ დავდივართ ტაძარში. ახლა დავფიქრდი, ცოდვას ხომ არ ჩავდივართ და ეს ხომ არ იმოქმედებს ბავშვზე?

პასუხი: თქვენ უფალმა დედობის სიხარული მოგანიჭათ და თუკი აქამდე არ დადიოდით ტაძარში, ახლა აუცილებლად უნდა შეუდგეთ ქრისტიანულ ცხოვრებას – იაროთ ტაძარში, ეზიაროთ, ილოცოთ. ზიარებით თქვენს პატარაზე გადავა უდიდესი მადლი და ის ჯანმრთელი დაიბადება. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ ფეხმძიმეებს ეკლესია მარხვასაც უმსუბუქებს და თქვენ შეგიძლიათ, ყოველ კვირას ეზიაროთ.

კითხვა: მეუღლე წლების წინ გარდამეცვალა. მინდა, მეორედ დავქორწინდე. მყავს ზრდასრული შვილები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ჩემს ხელმეორედ დაქორწინებას, მეუბნებიან, ეს ღვთის გმობააო. როგორ მოვიქცე?

პასუხი: მეორედ დაქორწინება, მით უმეტეს, როდესაც ადამიანი ქვრივია, არ არის ღვთის გმობა, პირიქით, ეკლესია ასეთ კავშირს შეიწყნარებს. შესაძლოა, თქვენს შვილებს სხვა მიზეზი აქვთ, რომ შეგეწინააღმდეგონ. დაელაპარაკეთ მათ მშვიდად.

კითხვა: ვართ ხანშიშესული ცოლ-ქმარი. თავის დროზე, გასაგები მიზეზების გამო, ჯვარი არ დავიწერეთ. ახლა გვინდა ჯვრისწერა. რამდენად მიზანშეწონილია ეს?

პასუხი: ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმრის კავშირი მართლაც არ არის ღვთისგან ნაკურთხი. უფლის წინაშე რომ სათნო გამოჩნდეთ, აუცილებელია, ჯვარი დაიწეროთ. ამის შემდეგ თქვენი ოჯახური ცხოვრება უფრო დალოცვილი იქნება.

კითხვაა: როდის ებრძვის ბოროტი ძალა ადამიანს განსაკუთრებულად?

პასუხი: ეს ხდება ლოცვის დროს, წმიდა საიდუმლოთა მიღების შემდეგ, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ მადლიანი და კეთილი საქმის კეთების დროს, რადგან ამ დროს ეშმაკი ჩვენ მიმართ ბოროტებით ივსება და ცდილობს, ხელი შეგვიშალოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი