რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№44

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 13.11, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: მყავს ისეთი ახლობელი, რომელიც სიკეთის განსახიერებაა, ძალიან კარგი ადამიანი, მაგრამ არ არის ეკლესიური. როდესაც ადამიანი ასეთი დადებითია, მაინც აუცილებელია მისი ტაძარში სიარული?

პასუხი: რაც უნდა სათნო და კეთილი იყოს ადამიანი, უფლის გარეშე ის ვერაფერს იქმს. ამიტომ შეაგონეთ მას, რომ იაროს ტაძარში, მაგრამ თუ რამდენიმე შეგონების შემდეგ არ შეისმინა თქვენი რჩევა, შეეშვით, ნუ გააღიზიანებთ. მოვა დრო და თვითონ გადაწყვეტს უფალთან მიახლებას. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მას ღმერთთან მისვლის სურვილი უჩნდება.

კითხვა: ჩემმა ახლობელმა შვილი დაიფიცა და შემდეგ ის საქმე არ გააკეთა. რომ შევახსენე, მე დამადანაშაულა, შენ მაიძულეო. ამას ძალიან განვიცდი. მართლაც ხომ არ მიმიძღვის წვლილი მის ცოდვაში?

პასუხი: წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ადამიანმა არ უნდა დაიფიცოს და თუ მაინც ასე მოხდება, აუცილებელია მისი მონანიება. ხოლო თუ თქვენ მართლა აიძულეთ, დაეფიცებინა, თავადაც უნდა უთხრათ მოძღვარს და მოინანიოთ ეს ცოდვა. ეკლესიაში საგანგებოდ იკითხება ლოცვები ფიცით შეკრულთათვის.

კითხვა: ძალიან წარუმატებელი გავხდი ბოლო დროს. როგორც მითხრეს, კარმა მაქვს დაჭუჭყიანებული და საჭიროა მისი გაწმენდა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თუ თქვენ მართლმადიდებელი ხართ, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი მარცხი სხვა რელიგიაში კარმად მოხსენიებულ ბედისწერას კი არ უნდა დააბრალოთ, არამედ იმას, რომ უფლის რწმენა გაკლიათ. მიბრძანდით ეკლესიაში, გაესაუბრეთ მოძღვარს და რჩევა ჰკითხეთ, თუ როგორ უნდა გააგრძელოთ ცხოვრება.

კითხვა: აქვს თუ არა მნიშვნელობა, რა მასალისგან არის დამზადებული ჯვარი?

პასუხი: თუ ჯვარს რწმენით ატარებთ, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რა მასალისგან არის ის დამზადებული, რადგან როცა ჯვარი იკურთხება, მას ენიჭება მადლი და მფარველობის ძალა. თუმცა, რასაკვირველია, სასურველია ასეთი სიწმიდე ისეთი მასალისგან დამზადდეს, რომელიც მანამდე სხვა საქმისთვის არ იყო გამოყენებული და ადვილად არ ტყდებოდეს. ამიტომ უმჯობესია, ჯვარი ლითონის ან ხის იყოს.

კითხვა: ცოდვას ხომ არ ჩავიდენ, თუ უფალს შევთხოვ, დასაჯოს ჩემი შეურაცხმყოფელი?

პასუხი: ღმერთს ნუ შესთხოვთ ვინმეს დასჯას, ნუ უსურვებთ სხვას იმას, რაც თავად არ გინდათ, დაგემართოთ, როგორც უნდა გაწყენინონ, მიენდეთ უფლის ბრძნულ განგებულებას, მან ყველაფერი უკეთ უწყის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი